საბიუჯეტო ოფისმა განიხილა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ენის შესახებ“ და თავისი მოსაზრებები და რეკომენდაციები კომიტეტს წერილობით აცნობა.
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ფინანსური შედეგების შეფასებისა და საკანონმდებლო პროცესის ხელშეწყობის განყოფილებას შორენა კახიძე უხელმძღვანელებს. მას აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი (PhD) ბიზნესის ადმინისტრირებაში და ეკონომიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. არის ასოცირებული პროფესორი. აქვს სახელმწიფო ფინანსების სფეროში მუშაობის 14 წლიანი გამოცდილება როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებაში, კერძოდ ის მუშაობდა სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებულ საკითხებზე, 2007 წლიდან მუშაობს საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისში, საიდანაც 5 წელი ხელმძღვანელობდა აღნიშნულ ოფისს.
2014 წლის აგვისტოდან საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისს გიორგი ჯერენაშვილი უხელმძღვანელებს. მას აქვს 15 წლიანი მუშაობის გამოცდილება საჯარო და კერძო სექტორში, და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში. საბიუჯეტო ოფისში გადმოსვლამდე მუშაობდა საკონსულტაციო კომპანიაში სახელმწიფო სექტორის პროექტების დირექტორად, სადაც წარმატებულად აქვს განხორციელებული USAID (აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს), EU (ევროკავშირის) და UNDP (გაეროს განვითარების პროგრამის) პროექტები.
საბიუჯეტო ოფისის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, საბიუჯეტო ოფისში შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეულები: ბიუჯეტის ანალიზის განყოფილება; მაკროეკონომიკური ანალიზისა და საგადასახადო პოლიტიკის განყოფილება; ფინანსური შედეგების შეფასებისა და საკანონმდებლო პროცესის ხელშეწყობის განყოფილება. საშტატო განრიგი 10 ერთეულიდან გაიზარდა 15 საშტატო ერთეულამდე.
დამტკიცდა პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ახალი დებულება, რომელიც უზრუნველყოფს საბიუჯეტო ოფისის დამოუკიდებლობას და შესაბამისად, პარლამენტის საბიუჯეტო ზედამხედველობის გაძლიერებას. საბიუჯეტო ოფისი პარლამენტს მიაწვდის საექსპერტო დასკვნებსა და ანალიტიკურ ინფორმაციას ფინანსურ, საბიუჯეტო, მაკროეკონომიკურ და საჯარო ფინანსების მართვის საკითხებზე.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი ნაცვლად პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული უწყებისა, ყალიბდება როგორც პარლამენტის აპარატის სტრუქტურული ერთეული. საბიუჯეტო ოფისის საქმიანობას კოორდინაციას გაუწევს სამეთვალყურეო საბჭო, რომელსაც უხელმძღვანელებს პარლამენტის თავმჯდომარე. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი ანგარიშვალდებული იქნება სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე, რომელსაც წარუდგენს განვითარების საშუალოვადიან სტრატეგიას, საქმიანობის წლიურ გეგმას, საქმიანობის წლიურ ანგარიშს.