პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური ბიულეტენი" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.
2015 წლის იანვარ-დეკემბერში საშუალო წლიურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2.8% შეადგინა. აღნიშნულ ზრდაზე, დღგ-ს მოცულობის ბრუნვების მიხედვით, ყველა დარგს დადებითი გავლენა ჰქონდა. რაც შეეხება ინფლაციას, 2016 წლის იანვარში წლიურმა ინფლაციამ 5.6% შეადგინა. მშპ-ის დეფლატორი კი 2015 წლის დეკემბერში 5.3%-ს გაუტოლდა. საგარეო ვაჭრობის მიხედვით, 2015 წლის იანვარ-დეკემბერში ექსპორტი 23%-ით, ხოლო იმპორტი 10%-ით შემცირდა. აღნიშნულ პერიოდში სავაჭრო ბალანსის დეფიციტი 3.7%-ით შემცირდა. კლების ტენდენცია გამოვლინდა ფულად გზავნილებსა და ოფიციალურ საერთაშორისო რეზერვებში. კერძოდ, 2015 წლის იანვარ-დეკემბერში უცხოეთიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები 25%-ით შემცირდა 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 2016 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.2%-ით შემცირდა და 2,447 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.




