„2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის იანვარ-აგვისტოს შესრულების შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მიმოხილვა“ - მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისათვის მოწოდებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე.
2024 წლის იანვარ-აგვისტოში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესრულება 16,677.8 მლნ ლარს, წლიური გეგმის (24,569.5 მლნ ლარი) 67.9%-ს და 9 თვის გეგმის[1] (17,880.5 მლნ ლარი) 93.3%-ს შეადგენს, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს კი 2,038.7 მლნ ლარით (13.9%-ით) აღემატება (შემოსავლების მნიშვნელოვანი მატების გავლენით).
2024 წლის 8 თვეში გადასახდელების შესრულება 16,269.7 მლნ ლარს, წლიური გეგმის (25,030.4 მლნ ლარი) 65.0%-ს და 9 თვის გეგმის (18,336.1 მლნ ლარი) 88.7%-ს აღწევს, ხოლო წინა წლის 8 თვის მაჩვენებელს 2,454.0 მლნ ლარით (17.8%-ით) აჭარბებს (ხარჯების მნიშვნელოვანი მატების გავლენით).
სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი წლის დასაწყისისათვის 1,577.3 მლნ ლარს გაუტოლდა. 8 თვის შემოსულობებისა და გადასახდელების გათვალისწინებით ნაშთის დაგროვებამ 408.1 მლნ ლარი შეადგინა და 2024 წლის 1 სექტემბრისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი 1,985.4 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა.
რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის საოპერაციო სალდოსა და მთლიან სალდოს, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საოპერაციო სალდო 8 თვეში 1,526.0 მლნ ლარს გაუტოლდა, ხოლო მთლიანმა სალდომ -896.6 მლნ ლარი შეადგინა.
დეტალურად იხილეთ სრული დოკუმენტი.




