მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რეგულირების გავლენის შეფასება, შესაძლებლობას იძლევა გაანალიზებულ იქნეს მარეგულირებელი თუ არამარეგულირებელი ქმედების დადებითი და უარყოფითი გავლენები. სახელმწიფოს რეგულირების პრაქტიკის განვითარების საქმეში დიდი როლი არა მხოლოდ აღმასრულებელ ხელისუფლებას, არამედ საკანონმდებლო ორგანოსაც აკისრია. რეგულირების გავლენის შეფასების პროცესში საკანონმდებლო ორგანოს ჩართულობა შესაძლოა შემოიფარგლებოდეს პასიური მონაწილეობით - აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეგულირების გავლენის შეფასების ანგარიშების ხარისხის შემოწმებით; ან გულისხმობდეს აქტიურ მონაწილეობას - რეგულირების გავლენის შეფასების განხორციელებას როგორც საკუთარი, ასევე სამთავრობო საკანონმდებლო ინიციატივებისთვის.
წინამდებარე პუბლიკაციაში განხილულია რეგულირების გავლენის შეფასების საპარლამენტო პრაქტიკა სხვადასხვა სახელმწიფოში: მოკლედაა წარმოდგენილი ინფორმაცია თითოეული ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს შესახებ, აღწერილია მათი ჩართულობის დონე რეგულირების გავლენის შეფასების როგორც ex-ante, ასევე ex-post შეფასებებში, აღნიშნულია პარლამენტების სტრუქტურული ან/და დამოუკიდებელი ერთეულები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობენ.




