მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელობას წინა საუკუნის 90-იანი წლებიდან იძენს და დღეს სახელმწიფო მმართველობის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ მიმართულ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს წარმოადგენს. ამ მიდგომის გამოყენებით შესაძლებელი ხდება ისეთი პროგრამებისა და პოლიტიკის წარმოება, რომელიც ეფუძნება დასაბუთებულ მონაცემებს, იქნება ეს სამეცნიერო კვლევები, საექსპერტო გამოკითხვები, საუკეთესო პრაქტიკა, სტატისტიკური მონაცემები და სხვა.
წინამდებარე პუბლიკაციაში განხილულია მტკიცებულებების არსი და მნიშვნელობა, მათი სახეები, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის მიდგომის მოკლე ისტორია, საერთაშორისო გამოცდილება, მიდგომის ძლიერი მხარეები და კრიტიკა. აღწერილია მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემადგენელი მნიშვნელოვანი ფაქტორები და განხილულია მტკიცებულებების მნიშვნელობა პარლამენტისთვის.




