მთავრობის ვალი არის ქვეყნის ეკონომიკური ჩარჩოს მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ბიუჯეტის დეფიციტისა და სახელმწიფო პროექტების დასაფინანსებლად. მთავრობის ვალი გამოიყენება, ასევე, ეკონომიკურ კრიზისებზე საპასუხო რეაგირებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის ვალი შეიძლება იყოს სასარგებლო ინსტრუმენტი ეკონომიკური ზრდისა და განვითარების ხელშეწყობისთვის, ვალის გადაჭარბებულმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური რყევები.
მთავრობები იყენებენ ვალს ინფრასტრუქტურაში, განათლებაში და სხვა კრიტიკული მნიშვნელობის მქონე პროექტებში ინვესტირებისთვის, რაც ხელს უწყობს გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას. ვალის აღებით მთავრობებს შეუძლიათ განახორციელონ დიდი პროექტები, რომელთა განხორციელებაც ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია მხოლოდ მიმდინარე შემოსავლებით. თუმცა, ეს სტრატეგია მოითხოვს სიფრთხილეს, ვინაიდან დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ აღებული ვალის სარგებელი აღემატება ამ ვალის მომსახურებისა და დაფარვის ხარჯებს.
წინამდებარე დოკუმენტი მიმოიხილავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს სახელმწიფო და მთავრობის ვალის შესახებ, ასევე, განხილულია მთავრობის ვალი საერთაშორისო სავალუტო ფონდის განსაზღვრების მიხედვით. აღწერს მთავრობის და სახელმწიფო ვალის ძირითადი ტენდენციებსა და კომპოზიციას გასული 10 წლის მანძილზე, ხოლო დეტალურად აანალიზებს მთავრობის ვალის 2023 წლის ფაქტობრივი ნაშთის სტრუქტურას და 2024 წლის საპროგნოზო მაჩვენებლებს. ნაშრომში განხილულია მთავრობის ვალის გავლენა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, ასევე, მთავრობის ვალის მართვის სტრატეგია და ამ სტრატეგიით განსაზღვრული ძირითადი მიმართულებები. დოკუმენტის ბოლო თავში საქართველოს მთავრობის ვალის მაჩვენებლები შედარებულია სხვადასხვა ქვეყნების/ ქვეყნების ჯგუფების მაჩვენებლებს, სადაც წარმოდგენილია საქართველოს პოზიციები საერთაშორისო დონეზე.




