საერთაშორისო ვაჭრობა წარმოებისა და პროდუქტიულობის ზრდის მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს როგორც ზოგადად მსოფლიოსთვის, აგრეთვე ისეთი მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. თუმცა, ეკონომიკური, საფინანსო და სავალუტო კრიზისები და მოულოდნელი შოკები გარკვეულწილად აფერხებენ სასაქონლო ბაზრების ფუნქციონირებას და, შესაბამისად, საგარეო საქონელბრუნვას.
ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკის საგარეო სექტორი მთელი რიგი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ კოვიდ პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა და მისგან გამოწვეულმა გლობალურმა კრიზისმა, აგრეთვე რუსეთ-უკრაინის ომმა და გართულებულმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ გამოიწვია მიწოდების ჯაჭვების წყვეტა და არსებული ტრადიციული სავაჭრო კავშირების რღვევა. აღნიშნული ეგზოგენური შოკების მიუხედავად, ქვეყანამ შეძლო ეკონომიკის საგარეო სექტორის მდგრადობის მიღწევა.




