ქვეყნის საგარეო მოწყვლადობის შესაფასებლად ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ მიღებული ინდიკატორია მიმდინარე ანგარიშის ბალანსი (Current Account Balance, CAB). მიმდინარე ანგარიშის ბალანსის, როგორც საგარეო სექტორის ერთი-ერთი ინდიკატორის მნიშვნელობა, მის შინაარს უკავშირდება. მიმდინარე ანგარიში წარმოადგენს საქართველოს რეზიდენტების მიერ მიმდინარე ოპერაციებს დანარჩენი მსოფლიოს მიმართ და მოიცავს საქონლისა და მომსახურების ბალანსს, პირველად და მეორად შემოსავლებს.
მიმდინარე ანგარიშის ბალანსი და მისი კომპონენტები ინფორმაციას იძლევა დანარჩენ მსოფლიოსთან მიმართებით ქვეყნის საგარეო პოზიციის შესახებ. კერძოდ: თუ მიმდინარე ანგარიშის სალდო დადებითია, ქვეყანა წმინდა დამზოგველია და მისი წმინდა საგარეო აქტივები იზრდება, ხოლო თუ მიმდინარე ანგარიშის სალდო უარყოფითია, ქვეყანა წმინდა მსესხებელია და მისი წმინდა საგარეო აქტივები მცირდება.
განმაპირობებელი ფაქტორებიდან და მაკროგარემოს სპეციფიკიდან გამომდინარე, ცალკეულ შემთხვევებში მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდო შესაძლებელია ოპტიმალური პასუხიც იყოს მაკრო გარემოს არსებული განვითარებისათვის. თუმცა მუდმივი/ხანგრძლივვადიანი უარყოფითი სალდო ეკონომიკისათვის გრძელვადიან პრობლემას წარმოადგენს. აღნიშნულ შემთხვევაში ეკონომიკა არსებითად დამოკიდებული ხდება საგარეო კონიუნქტურაზე, რაც შესაძლოა ძლიერი მაკროეკონომიკური რყევების მიზეზიც გახდეს.
აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია საგარეო სექტორის ზემოაღნიშნულ ინდიკატორსა და სხვა მაკროინდიკატორებს შორის კავშირის არსებითი შესწავლა. ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს ამ მიმართულებით ბიუჯეტის დეფიციტსა და მიმდინარე ანგარიშის ბალანსს შორის კავშირი წარმოადგენს. ზემოაღნიშნული კავშირი თავად ინდიკატორების შინაარსიდან გამომდინარეობს, რამდენადაც მიმდინარე ანგარიშის თითოეული კომპონენტის ფორმირებაში გათვალისწინებულია, როგორც კერძო, ისე სახელმწიფო ოპერაციები და, შესაბამისად, ფისკალური პოლიტიკის გადაწყვეტილებებს ასევე გავლენა აქვს მიმდინარე ანგარიშის დინამიკაზეც. ყველაზე ფართოდ გავრცელებული მიდგომაა, რომ ბიუჯეტის დეფიციტის პირდაპირ აისახება მიმდინარე ანგარიშის ბალანსში და ხშირად მდგომარეობას, როდესაც ბიუჯეტის დეფიციტის პარალელურად არსებობს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტიც, ე.წ. „ტყუპი დეფიციტის" ტერმინითაც მოიხსენიებენ. თუმცა აღნიშნული კავშირის სიძლიერესა და დამოკიდებულების მახასიათებლების შესახებ განსხვავებული თეორიული მიდგომები და ემპირიული მტკიცებულებები არსებობს და კონკრეტული ეკონომიკისათვის აღნიშნული კავშირის მახასიათებლების სათანადო შეფასება წარმოადგენს საჭიროების შემთხვევაში, ფისკალური პოლიტიკის, როგორც საგარეო კორექტირების ერთ-ერთი შესაძლო ინსტრუმენტის ეფექტიანი გამოყენების წინაპირობას.
მიმდინარე ანგარიშზე ბიუჯეტის დეფიციტის გავლენის ხარისხისა და მიმართულების ანალიზის თვალსაზრისით ეკონომიკურ თეორიაში ორი განსხვავებული მიდგომა გამოიყოფა: მანდელ ფლემინგის და რიკარდოს ეკვივალენტობის მოდელები. მანდელ-ფლემინგის მოდელის მიხედვით, ბიუჯეტის დეფიციტის ზრდა იწვევს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ზრდას, თუმცა შესაძლოა განსხვავებული ოდენობით, ხოლო რიკარდოს ექვივალენტობის მოდელის მიხედვით, ეს კავშირი ასე ცალსახა არ არის და სხვადასხვა გარემოებებზეა დამოკიდებული. უნდა აღინიშნოს, რომ, როგორც ემპირიული კვლევები აჩვენებს, ზემოაღნიშნული თეორიული მიდგომების პრაქტიკაში რეალიზება შესაძლებელია განსხვავდებოდეს გადაცემის მექანიზმის სხვადასხვა მახასიათებლების, ქვეყნის სპეციფიკისა და ფისკალური შოკის ბუნებიდან გამომდინარე.
საქართველოსათვის მომზადებულმა რაოდენობრივმა შეფასებამ მოგვცა საერთაშორისო კვლევების მსგავსი შედეგები: საქართველოში ბიუჯეტის დეფიციტის მშპ-ს 1%-ული პუნქტით ზრდა იწვევს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის 0.78%-ული პუნქტით ზრდას და პირიქით, დეფიციტის შემცირება იწვევს საგარეო ბალანსის იმავე სიდიდით გაუმჯობესებას. აღნიშნული შედეგების სანდოობის და მდგრადობის შესამოწმებლად, საბაზისო მოდელთან ერთად შესწავლილ იქნა მისი 4 სხვადასხვა მოდიფიკაცია და კვლევის შედეგებმა გვიჩვენა, რომ ეს გავლენა მერყეობს 0.75%-0.86 %-ულ პუნქტებს შორის და საბაზისო მოდელის შედეგები სანდოა.




