ფისკალური გარემოს ანალიზისას პირველი საკითხი ფისკალური პოლიტიკის მიმართულების - ექსპანსიური თუ შემზღუდველი - შეფასებაა. ექსპანსიური (მასტიმულირებელი) ფისკალური პოლიტიკა გულისხმობსგადასახადების შემცირების ან ხარჯვითი ნაწილის ზრდის მეშვეობით ბიუჯეტის დეფიციტის ზრდას, რაც, თავის მხრივ, მიზნად ისახავს ეკონომიკური აქტივობის შენელებისას ეკონომიკის სტიმულირებას. საპირისპირომიმართულებისაა შემზღუდველი ფისკალური პოლიტიკა.
ფისკალური პოლიტიკის შეფასებისას მეორე საკითხია მისი კავშირი ეკონომიკურ ციკლთან. მოკლევადიანი სტაბილურობისთვის საჭიროა, გარდა ცალკეული გამონაკლისი შემთხვევებისა, რომ ფისკალური პოლიტიკა ხელს უწყობდეს ეკონომიკური ციკლების მოსწორებას, მიმართავდეს რა კონსოლიდაციას ეკონომიკური ბუმის პერიოდში და - ექსპანსიას ეკონომიკის შენელებისას. ფისკალური პოლიტიკის ციკლურობის ანალიზი, აგრეთვე, იძლევა საშუალებას, შეფასდეს, რამდენად აქვს სახელმწიფოს შესაძლებლობა, აწარმოოს ანტიციკლური ფისკალური პოლიტიკა გრძელვადიანი ფისკალური მდგრადობისთვის საფრთხის შექმნის გარეშე.
მოცემული პუბლიკაცია მიზნად ისახავს, საერთაშორისო პრაქტიკით დამკვიდრებულ ინდიკატორებზე დაყრდნობით, წარმოადგინოს საქართველოსათვის დისკრეციული ფისკალური პოლიტიკის მოკლევადიანი და გრძელვადიანი ანალიზი, რაც გულისხმობს ფისკალური პოლიტიკის მიმართულების, ციკლურობის, მანევრირების რესურსისა და წონასწორული მდგომარეობის შეფასებას.
ფისკალური პოლიტიკის მიმართულებისა და ციკლურობის შესაფასებლად ვიყენებთ ბიუჯეტის მთლიან სალდოსა და მთლიან ფისკალურ ბალანსზე დაფუძნებულ შემდეგ ინდიკატორებს:
- განვსაზღვროთ ფისკალური პოზიცია, როგორც ციკლურად კორექტირებული პირველადი სალდო და ბალანსი უარყოფითი ნიშნით. დადებითი ფისკალური პოზიცია ნიშნავს, რომ სახელმწიფო ეკონომიკაში მეტ რესურსს დებს, ვიდრე იღებს (ფისკალური ექსპანსია), ხოლო უარყოფითი ფისკალური პოზიცია ნიშნავს, რომ სახელმწიფო ეკონომიკიდან მეტ რესურსს იღებს, ვიდრე აბრუნებს (ფისკალური კონსოლიდაცია).
- განვსაზღვროთ ფისკალური იმპულსი, როგორც ფისკალური პოზიციის ცვლილება. თუ გამოშვების გაპი მცირდება, ანტიციკლური ფისკალური პოლიტიკისთვის აუცილებელია ან ნაკლები კონსოლიდაცია (დადებითი გაპის დროს) ან მეტი ექსპანსია (უარყოფითი გაპის დროს), რაც ნიშნავს, რომ ფისკალური იმპულსი დადებითი უნდა იყოს. თუ გამოშვების გაპი იზრდება, ანტიციკლური პოლიტიკისთვის აუცილებელია ან მეტი კონსოლიდაცია (დადებითი გაპის დროს) ან ნაკლები ექსპანსია (უარყოფითი გაპის დროს), რაც ნიშნავს, რომ ფისკალური იმპულსი უარყოფითი უნდა იყოს.
ჯამურად, ბიუჯეტის მთლიანი სალდოს ბაზაზე ჩატარებული ანალიზი ფისკალური პოლიტიკის სუსტ ანტიციკლურობაზე მიუთითებს, ხოლო ბიუჯეტის მთლიანი ფისკალური ბალანსის ბაზაზე ჩატარებული ანალიზი - აციკლურობაზე. შესაბამისად, თუ მხედველობაში მივიღებთ პრივატიზაციის შედეგად მიღებულ შემოსავლებსა და ფინანსურ აქტივებთან დაკავშირებულ ოპერაციებს, პოლიტიკის სუსტი ანტიციკლურობა ქრება. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საანგარიშო პერიოდში დისკრეციული ფისკალური პოლიტიკა არ იყო გამოკვეთილად მიმართული ეკონომიკური ციკლების მოსწორებაზე.
შემდგომ ეტაპზე ვაფასებთ ფისკალურ სივრცეს, რომელსაც ვუწოდებთ ქვეყნის შესაძლებლობას, აწარმოოს ანტიციკლური ფისკალური პოლიტიკა გრძელვადიანი ფისკალური მდგრადობისთვის საფრთხის შექმნის გარეშე. კვლევის შედეგებით, 2003-2007 წლების ეკონომიკური ბუმის დროს ფისკალური სივრცე მცირედით გაიზარდა, რაც გამოწვეული იყო პროციკლური ხარჯების პროციკლურ შემოსავლებთან შედარებით დაბალი ზრდით. ამან, შესაძლოა, ხელი შეუწყო მომდევნო წლების ეკონომიკური აქტივობის შენელებისას ფისკალურ ექსპანსიას, რასაც უარყოფითი გაპის სწრაფი დახურვა მოჰყვა.
დასასრულს, ფისკალური პოლიტიკისათვის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ბიუჯეტის შემოსავლებსა და ხარჯებს შორის კავშირი. კვლევის შედეგებით, შემოსავლების გაუთვალისწინებელი ზრდა ხარჯების პროპორციულზე მეტ ზრდას იწვევს. ამასთან, გრძელვადიან პერიოდში შემოსავლების ცვლილება იწვევს ცვლილებას ხარჯებში, თუმცა საპირისპირო მიმართულებით შედეგობრიობა არ ვლინდება (კოეფიციენტი სტატისტიკურად არამნიშვნელოვანია), რაც ფისკალური დისციპლინისა და მდგრადობის უზრუნველყოფის კუთხით საყურადღებო საკითხს წარმოადგენს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხარჯების შოკი შემოსავლებზე მხოლოდ მოკლევადიან პერიოდში ახდენს გავლენას, შემოსავლების შოკის ეფექტი ხარჯებზე კი მუდმივია. შემოსავლების შოკის მუდმივი ეფექტი ხარჯებზე გამომდინარეობს იქიდან, რომ გრძელვადიანი წონასწორობის აღდგენას სწორედ ხარჯები უზრუნველყოფს. რაც შეეხება შემოსავლების დამოუკიდებლობას ხარჯების შოკისაგან, შესაძლოა, ამის მიზეზი სახელმწიფო ხარჯებისა და გამოშვების გრძელვადიანი დამოუკიდებლობა იყოს, რაც ცალკე კვლევის საგანია.
შენიშვნა: პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ანგარიშების ვიზუალიზაციის ახალი პოლიტიკა, რომლის დანერგვასაც ოფისი ეტაპობრივად ახორციელებს, მომზადდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული განვითარების ინიციატივის (GGI) მხარდაჭერით.




