საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მოცემული პუბლიკაცია მიზნად ისახავს ქვეყანაში დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) პოტენციური დონისა და გაპის (სხვაობა პოტენციურ და ფაქტობრივ შემოსავლებს შორის) შეფასებას.
საგადასახადო გაპი, მარტივი განმარტებით, წარმოადგენს სხვაობას თეორიულად მიღწევად მაქსიმალურ და ფაქტობრივ საგადასახადო შემოსავლებს შორის. ვინაიდან იდეალურად ეფექტიანი საგადასახადო სისტემის პრაქტიკაში არსებობა შეუძლებელია, საგადასახადო გაპის არსებობა გარდაუვალია. მიუხედავად ამისა, საგადასახადო შემოსავლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საგადასახადო გაპის მინიმიზაცია სახელმწიფოს წინაშე მდგარი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა.
თავის მხრივ, საგადასახადო გაპი განმაპირობებელი ფაქტორების მიხედვით, შესაძლებელია, რამდენიმე ნაწილად დაიყოს. მოცემული პუბლიკაციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კლასიფიკაცია გულისხმობს საგადასახადო გაპის დაყოფას პოლიტიკისა და მორჩილების გაპებად. კერძოდ:
- პოლიტიკის გაპი წარმოადგენს საგადასახადო შემოსავლის მისი პოტენციური დონიდან გადახრას, გამოწვეულს სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, რომელიც მოიცავს გადასახადისგან გათავისუფლებას, შეღავათებსა და ნულოვან განაკვეთს (დღგ-ის შემთხვევაში). მის შესაფასებლად საჭიროა, განისაზღვროს არსებული საგადასახადო კანონმდებლობის პირობებში თეორიულად მაქსიმალურად მისაღები შემოსავლის გადახრა იმ მაქსიმალური პოტენციური შემოსავლიდან, რომლის მიღებაც შესაძლებელი იქნებოდა საგადასახადო კოდექსში შეღავათების, გამონაკლისებისა და ა.შ. დაწესების გარეშე.
- მორჩილების გაპი გულისხმობს გადასახადის გადამხდელის მიერ არსებული საგადასახადო კანონმდებლობის განზრახ და უნებლიე დარღვევას. მორჩილების გაპის კალკულაციისთვის არსებული საგადასახადო კანონმდებლობის პირობებში თეორიულად მაქსიმალურად მისაღები შემოსავალი უნდა შედარდეს ფაქტობრივად მიღებულ შემოსავალს.
პუბლიკაცია დღგ-ის გაპისა და მისი ზემოაღნიშნული კომპონენტების შეფასებისას ეყრდნობა მაკროეკონომიკურ, ე.წ. „ზემოდან-ქვემოთ" მეთოდს და საანალიზო მაჩვენებლებს აფასებს როგორც მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ერთობლივ ბაზაზე, ასევე - ეროვნული ანგარიშების ცალკეულ სექტორულ მონაცემთა გამოყენებით. საანგარიშო პერიოდი მოიცავს 10 წელს, 2007-დან 2016 წლის ჩათვლით. უფრო დეტალურად:
• კვლევის პირველი ამოცანა დღგ-ის პოტენციური დონის განსაზღვრაა, რისთვისაც ეროვნული ანგარიშების სხვადასხვა მაჩვენებელსა და საგადასახადო კოდექსზე დაყრდნობით ვაფასებთ დღგ-ის პოტენციურ დასაბეგრ ბაზას. ბაზის 18%-იანი განაკვეთით დაბეგვრის შედეგად გაიანგარიშება არსებული კანონმდებლობის შესაბამისი პოტენციური დღგ (აგრეთვე, ითვლება ეკონომიკის მაქსიმალური
- პოტენციალის შესაბამისადაც). აღნიშნული პოტენციური დღგ საანგარიშო პერიოდში უწყვეტად (საშუალოდ 7.2%-ით) იზრდებოდა და 2016 წელს 3.9 მლრდ ლარს შეადგენდა (2007 წელს - 2.1 მლრდ ლარი).
- კვლევის მეორე ამოცანაა ფაქტობრივი დღგ-ის იმ მაჩვენებლის შერჩევა, რომელიც მაქსიმალურად ზუსტად ასახავს საანგარიშო წელს წარმოქმნილ და ამოღებულ დავალიანებას. ასეთი მაჩვენებლის გასაანგარიშებლად წლის განმავლობაში ტერიტორიაზე ბიუჯეტში სულ გადასახდელად და შესამცირებლად დეკლარირებული დღგ-ის სხვაობას (წმინდა გადასახდელი დღგ) ვუმატებთ იმპორტზე გადახდილ დღგ-ს. 2007-2015 წლებში აღნიშნული ფაქტობრივი დღგ-ის საშუალო ზრდა 5.3% იყო, 2016 წელს კი იგი ერთბაშად 1 მლრდ ლარით გაიზარდა და 3.3 მლრდ ლარს მიაღწია (2007 წელს - 1.6 მლრდ ლარი). ფაქტობრივი დღგ-ის ნახტომისებური ზრდა ძირითადად იმპორტზე გადახდილი დღგ-ის ზრდამ გამოიწვია, ტერიტორიაზე წმინდა გადასახდელი დღგ კი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, ამის შესაძლო მიზეზია ერთიანი საგადასახადო კოდის რეფორმა, რომლის შედეგადაც გაუმჯობესებულმა აღრიცხვიანობამ საგადასახადო ნაკადების სურათი უკეთ წარმოაჩინა. აღნიშნული ასპექტის დაზუსტებული შეფასება მომდევნო წლებზე დაკვირვებით იქნება შესაძლებელი.
- პოტენციური და ფაქტობრივი დღგ-ის მაჩვენებელთა გაანგარიშების შემდეგ გადავდივართ კვლევის მთავარ ნაწილზე, რომელიც დღგ-ის გაპის შეფასებას გულისხმობს.
კვლევის შედეგების საფუძველზე, საანგარიშო პერიოდის პირველ ნაწილში (2007-2010 წლები) დღგ-ის გაპი კლებადი ტენდენციით ხასიათდებოდა, თუმცა მეორე ნაწილში (2011 წლიდან) საგრძნობლად გაიზარდა. მთლიანი გაპის დინამიკას განსაზღვრავდა მორჩილების გაპი, ხოლო პოლიტიკის გაპი საანალიზო პერიოდში დიდწილად სტაბილური იყო. 2016 წელს ფაქტობრივი დღგ მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის გამოც გაპი ერთბაშად შემცირდა. თუკი ეს ტრენდი შენარჩუნდა, მთლიანი გაპის განმსაზღვრელ მთავარ კომპონენტად მომდევნო წლებში პოლიტიკის გაპი ჩამოყალიბდება.
ჯამურად, 2007-2016 წლებში:
- დღგ-ის მთლიანი საშუალო გაპი 21.2%-ს შეადგენდა (2016 წელს - 11%-ს);
- მორჩილების გაპის საშუალო მნიშვნელობა 26.1% იყო (2016 წელს - 13.8%);
- პოლიტიკის გაპი საშუალოდ 18.6%-ს აღწევდა (2016 წელს - 20.6%-ს).
რაც შეეხება დღგ-ის ამოღების ეფექტიანობის სხვა მაჩვენებლებს, 2007-2016 წლებში საშუალოდ 60.2% (2016 წელს - 68.5%) იყო ე.წ. დღგ-ის ეფექტიანობის კოეფიციენტი (C-efficiency, იგივე VRR, მაქსიმალური პოტენციური დღგ-ის მოცვის დონე), მთლიანი გაპის მშპ-სთან შეფარდება კი საშუალოდ 6.9%-ს აღწევდა (2016 წელს - 5.3%).
რაც შეეხება შედარებას სხვა ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებთან, იმის გათვალისწინებით, რომ საგადასახადო გაპის შეფასების სისტემატური გამოცდილება არცთუ ბევრ ქვეყანას აქვს, მიზანშეწონილია ევროკავშირის სივრცის გამოყენება. 2014 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მორჩილების გაპი უკეთესი იყო ევროკავშირის 3 ქვეყანასთან შედარებით. რაც შეეხება უახლეს მონაცემებს, თუ ჩვენს 2016 წლის მაჩვენებლებს შევადარებთ ევროკავშირის 2014 წლის შედეგებს (ევროკავშირის უახლესი მონაცემები), საქართველოს მაჩვენებელი უკეთესია ევროკავშირის 12 ქვეყნის გაპსა და, ამასთან ერთად, ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზეც (რანჟირებით აღემატება საფრანგეთს და ჩამორჩება პორტუგალიას).
ზოგადად, დღგ-ის გაპის ანალიზთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს რომ, არსებული მონაცემებისა და მეთოდოლოგიის სპეციფიკის გათვალისწინებით, სასურველია, ანალიზისას აქცენტი გაკეთდეს გაპის ტრენდზე და არა - აბსოლუტურ მაჩვენებლებზე, ნებისმიერი ინტერპრეტაცია კი აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს გაპის შეფასებისას გაურკვევლობის არსებით ელემენტს. საბიუჯეტო ოფისი კვლევის განახლებას მომდევნო წლებშიც გეგმავს და დღგ-ის პოტენციური დონისა და მისი გაპის შესახებ უახლეს შეფასებას პერიოდულად წარმოადგენს.




