რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი (შემდგომში გაცვლითი კურსი) მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ეკონომიკური აგენტების ქცევებზე. შესაბამისად, მის დინამიკაზე მოქმედი ძირითადი ფაქტორების ანალიზს და გავლენის შეფასებას ეფექტიანი მაკროეკონომიკური პოლიტიკისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ქვემოთ წარმოდგენილი პუბლიკაცია მიზნად ისახავს, საქართველოსათვის შეაფასოს პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის - სახელმწიფო დანახარჯების ცვლილების გავლენა ლარის გაცვლით კურსზე.
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ შეფასებულ იქნა დანახარჯების ზრდის გავლენა რეალურ გაცვლით კურსზე მოკლევადიან პერიოდში რამდენიმე განსხვავებული მოდელით. უმცირეს კვადრატთა მეთოდის გამოყენებით მიღებული შედეგები აჩვენებს, რომ სახელმწიფო დანახარჯების ზრდა ხელს უწყობს გაცვლითი კურსის გამყარებას, თუმცა აღნიშნული მოდელი ხასიათდება ცვლადებს შორის ძალიან სუსტი, სტატისტიკურად არამნიშვნელოვანი კავშირით და შესაბამისად, იძლევა არასაიმედო შეფასებებს. სხვა მიდგომები, კერძოდ, სამ-ფაქტორიანი სტრუქტურული ვექტორული ავტორეგრესიის მოდელი, ასევე საქართველოს ეკონომიკისთვის დამახასიათებელი თავისებურებების გათვალისწინებით გაფართოებული ხუთ-ფაქტორიანი სტრუქტურული ვექტორული ავტორეგრესიის მოდელის შედეგები მიუთითებს, რომ რეალურ გაცვლით კურსზე სახელმწიფო დანახარჯების გავლენა უმნიშვნელოა. კერძოდ, სახელმწიფო დანახარჯების ზრდა თავდაპირველად უმნიშვნელოდ აუფასურებს რეალურ გაცვლით კურსს, ხოლო გარკვეული პერიოდის(საშუალოდ, 4 კვარტლის) შემდეგ მცირე გამყარებას იწვევს.




