წარმოდგენილი კვლევითი პუბლიკაცია მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, დაინტერესებულ მხარეებს გააცნოს გამოშვების გაპის შინაარსი და მნიშვნელობა, ხოლო მეორე მხრივ, საერთაშორისო პრაქტიკით მიღებული მეთოდების საფუძველზე წარმოადგინოს გამოშვების გაპის დინამიკა საქართველოსათვის.
გამოშვების გაპი წარმოადგენს ეკონომიკური ციკლის ინდიკატორს, რომელიც ასახავს ეკონომიკის ფაქტიური გამოშვების გადახრას პოტენციური დონიდან. თავის მხრივ, გამოშვების პოტენციური დონე განისაზღვრება, როგორც ეკონომიკის ჯამური წარმოების პოტენციალი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით ფასებზე ზეწოლის შექმნის გარეშე. შესაბამისად, გამოშვების გაპი გამოიყენება არსებული ეკონომიკური აქტივობის შესაფასებლად მის პოტენციურ დონესთან მიმართებაში.
რატომ არის მნიშვნელოვანი გამოშვების გაპის შეფასება? მისი არსიდან გამომდინარე, გამოშვების გაპის შეფასება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფისკალური (საბიუჯეტო) და მონეტარული პოლიტიკის ფორმირებაში, რადგანაც მისი სიდიდით ფასდება ეკონომიკური აქტივობის დონე მის პოტენციურ დონესთან მიმართებაში და განისაზღვრება მოთხოვნის მხრიდან ფასებზე ზეწოლის ხარისხი.
კერძოდ, მაღალი ეკონომიკური აქტივობის პირობებში, როდესაც გამოშვების დონე აღემატება პოტენციურ დონეს (ვლინდება გამოშვების გაპის დადებითი მაჩვენებელი), ჭარბი ერთობლივი მოთხოვნის საპასუხოდ, ფისკალური (საბიუჯეტო) პოლიტიკის გამკაცრებით (გადასახადების ზრდა ან/და სახელმწიფო ხარჯების შემცირება) შესაძლებელია წარმოებისა და დასაქმების სტიმულების შემცირება, რის შედეგადაც ჭარბი მოთხოვნა შემცირდება და ეკონომიკა წონასწორულ მდგომარეობას დაუბრუნდება. ხოლო რაც შეეხება ეკონომიკის ისეთ მდგომარეობას, როდესაც არსებული გამოშვების დონე ნაკლებია პოტენციურზე (ვლინდება გამოშვების გაპის უარყოფითი მაჩვენებელი), ასეთ შემთხვევაში ერთობლივი მოთხოვნის სტიმულირებისათვის შესაძლოა მიზანშეწონილი იყოს ექსპანსიური ფისკალური პოლიტიკის გატარება (გადასახადების შემცირება მაგ. მოგების გადასახადის შემცირება ან/და სახელმწიფო ხარჯების ზრდა, მაგ. კაპიტალური ხარჯების ზრდა), რაც ხელს შეუწყობს გამოშვების გაპის მაჩვენებლის გაუმჯობესებას. ფისკალური პოლიტიკის ამგვარ ლოგიკაზე დაყრდნობით განხორციელებას ანტიციკლურ ფისკალურ პოლიტიკას უწოდებენ (იხ. საბიუჯეტო ოფისის კვლევითი პუბლიკაცია „ფისკალური პოლიტიკის გავლენის ძირითადი ასპექტები" ).
ამასთან, რამდენადაც გამოშვების გაპი ასახავს მოთხოვნის მხრიდან ფასებზე ზეწოლის მიმართულებასა და ხარისხს, მისმა მაჩვენებელმა შესაძლოა როლი ითამაშოს მონეტარული პოლიტიკის ფორმირებისას. კერძოდ, დადებითი გაპის შემთხვევაში, ჭარბი ერთობლივი მოთხოვნის შედეგად ფასები ზრდის ტენდენციით ხასიათდება, რაც წარმოშობს ინფლაციურ რისკებს. ასეთ დროს ჭარბი მოთხოვნის მხრიდან ინფლაციური ზეწოლის შესამსუბუქებლად ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა გაამკაცროს მონეტარული პოლიტიკა საპროცენტო განაკვეთის არხით, ხოლო უარყოფითი გაპის შემთხვევაში კი, პირიქით, დაბალი მოთხოვნისა და მისი გავლენით ფასების კლების საპასუხოდ ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთის ცვლილებით შესაძლოა გაანეიტრალოს მოთხოვნის მხრიდან დეფლაციური ზეწოლა.
როგორია გამოშვების გაპის ტენდენცია საქართველოსათვის? ეკონომიკის პოტენციური გამოშვების მოცულობა პირდაპირ დაკვირვებას არ ექვემდებარება. თუმცა ცალკეული სტატისტიკური მეთოდები საშუალებას იძლევა შეფასდეს გაპის ზოგადი ტენდენცია და პოტენციური ზრდის ტემპი, რაც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ გადაწყვეტილებების ფორმირებისას. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ წარმოდგენილი კვლევა ეყრდნობა ყველაზე ფართოდ გავრცელებულ ერთმაჩვენებლიან სტატისტიკურ მეთოდს Hodrick-Prescott (HP)_ის ფილტრს და ასევე Christiano-Fitzgerald (CF)-ის Band Pass (BP) ფილტრს. HP ფილტრზე დაყრდნობით, 2013 წლის განმავლობაში შემცირების ტენდენციის შემდგომ 2013 წლის IV კვარტალში გაპის მაჩვენებელი გაუმჯობესების ტენდენციით ხასიათდება, ხოლო შემდგომ პერიოდში ისევ შემცირების ტენდენციას ავლენს უარყოფით ნიშნულამდე. ამასთან, 2014 წლის IV კვარტალში რეალური გამოშვება კვლავ გაუმჯობესების ტენდენციას ავლენს და პოტენციურ დონეს უახლოვდება, თუმცა, HP ფილტრის სხვადასხვა მოდიფიკაციით სხვადასხვა ნიშნულამდე (იხ. დიაგრამები 2, 4). რაც შეეხება CF-ის BP ფილტრზე დაყრდნობით გაანგარიშებულ გაპის სიდიდეს, 2014 წლის პირველ ნახევარში გამოშვება ნაკლებია მის პოტენციურ დონეზე, თუმცა 2014 წლის II კვარტლიდან გაუმჯობესების ტენდენციას ავლენს (იხილეთ დიაგრამა 5).
წარმოდგენილ შედეგებთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ რადგანაც გამოშვების გაპის შეფასება პირდაპირ დაკვირვებას არ ექვემდებარება, წარმოდგენილი სტატისტიკური მეთოდები, როგორც წესი, ასახავს ამ მიმართულებით ზოგად სურათს. ამასთან, საქართველოსათვის გაანგარიშებული გამოშვების გაპი ეყრდნობა მცირე დროით მწკრივს, რაც ზრდის შედეგების ცდომილებას. გარდა ზემოაღნიშნულისა, ერთმაჩვენებლიანი სტატისტიკური მეთოდები გამოშვების გაპის დათვლისას მხოლოდ რეალური მშპ-ს დინამიკას იყენებს და არ ითვალისწინებს სხვა ეკონომიკურ ფაქტორებს, რომლებსაც შესაძლოა გავლენა ჰქონდეს პოტენციური მშპ-ს მოცულობაზე. აღნიშნულის გავლენით, მიზანშეწონილია წარმოდგენილი შედეგების შედარება უფრო კომპლექსურ მაკროეკონომიკურ მოდელზე დაყრდნობით მიღებულ ტენდენციებთან. ამ მიმართულებით პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის შემდგომი კვლევების შედეგები კვლევითი პუბლიკაციების სახით მიეწოდება დაინტერესებულ მხარეებს.




