პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური ბიულეტენი" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.
2016 წლის მაისში რეალური მშპ-ის ზრდის ტემპმა 2.1% შეადგინა. აღნიშნულ ზრდაზე, დღგ-ს მოცულობის ბრუნვების მიხედვით, დადებითი გავლენა განსაკუთრებით მშენებლობას (3.1%) ჰქონდა. რაც შეეხება ინფლაციას, 2016 წლის ივნისში წლიურმა ინფლაციამ 1.1% შეადგინა. მშპ-ის დეფლატორი კი 2016 წლის მაისში -2.0%-ს გაუტოლდა. საგარეო ვაჭრობის მიხედვით, 2016 წლის იანვარ-მაისში ექსპორტი 12%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი 8%-ით გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში სავაჭრო ბალანსის დეფიციტმა 16%-ით მოიმატა. კლების ტენდენცია გამოვლინდა ფულად გზავნილებში, კერძოდ, 2016 წლის იანვარ-მაისში უცხოეთიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები 3.1%-ით შემცირდა 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2016 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვნად (15.0%-ით) გაიზარდა ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები და 2,857 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.




