პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური ბიულეტენი" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.
2015 წლის იანვარ-ივლისში საშუალო წლიურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2.6% შეადგინა. აღნიშნულ ზრდაზე დღგ-ს მოცულობის ბრუნვების მიხედვით ყველა დარგს დადებითი გავლენა ჰქონდა მრეწველობის დარგის გარდა. რაც შეეხევა ინფლაციას, 2015 წლის აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 5.4% შეადგინა. მშპ-ის დეფლატორი კი 2015 წლის ივლისში 5.4%-ს გაუტოლდა. საგარეო ვაჭრობის მიხედვით, 2015 წლის იანვარ-ივლისში ექსპორტი 24%-ით, ხოლო იმპორტი 11%-ით შემცირდა. აღნიშნულ პერიოდში სავაჭრო ბალანსის დეფიციტი 3.6%-ით შემცირდა. ასევე შემცირების ტენდენცია გამოვლინდა ფულად გზავნილებში და ოფიციალურ საერთაშორისო რეზერვებში, კერძოდ, 2015 წლის იანვარ-ივლისში უცხოეთიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები 24%-ით შემცირდა 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 2015 წლის აგვისტოში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9.0%-ით შემცირდა და 2,463 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.




