- აგრეგატულ დონეზე, 2015 წლის 9 თვის მდგომარეობით, კვარტალურ გეგმასთან მიმართებაში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების მდგომარეობა მისაღებად შეიძლება შეფასდეს, კერძოდ, ჯამური მაჩვენებელი კვარტალური გეგმის[1] 100.2%-ს (წლიური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული გეგმის[2] 73.3%-ს) შეადგენს და გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 11.6%-ით აღემატება. ანალოგიურად კვარტალურ გეგმას უახლოვდება (მცირედი უარყოფითი გადახრით ხასიათდება) გადასახდელების შესრულების მდგომარეობა, კერძოდ, გადასახდელების ჯამური მაჩვენებელი კვარტალური გეგმის 95.9%-ს (წლიური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული გეგმის 72.2%-ს) შეადგენს და გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ზრდის ტემპი 11.8%-ს უტოლდება (იხ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობა აგრეგატულ დონეზე).
- რაც შეეხება ძირითად ტენდენციებს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების კომპონენტების დონეზე (სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები მოიცავს ოთხ კომპონენტს: შემოსავლები, არაფინანსური და ფინანსური აქტივების კლება, ვალდებულებების ზრდა), 9 თვის გეგმასთან მიმართებაში შესრულების მაღალი ტენდენციით ხასიათდება არაფინანსური აქტივების კლების მუხლით შემოსულობები, რომელიც ნომინალურ გამოსახულებაში 212.6 მლნ ლარს (9 თვის გეგმის 120.3%-ს) შეადგენს და გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 222.2%-ით აღემატება. რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებს, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები 9 თვის გეგმის 103.1%-ს შეადგენს და გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 662.9 მლნ ლარით (12.4%-ით) მეტია, ძირითადად საგადასახადო შემოსავლების ზრდის ტენდენციის გავლენით[3]. შედარებით დაბალი შესრულების დონე ვლინდება ფინანსური აქტივების კლების მუხლით შემოსულობებისა და ვალდებულებების ზრდის კომპონენტებისათვის (9 თვის გეგმის 95.8% და 83.3% შესაბამისად) (იხ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობა აგრეგატულ დონეზე).
- რაც შეეხება ძირითად ტენდენციებს სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების კომპონენტების დონეზე (სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები მოიცავს ოთხ კომპონენტს: ხარჯები, არაფინანსური და ფინანსური აქტივების ზრდა, ვალდებულებების კლება), გასული წლის მსგავსად, 9 თვის გეგმისაგან უარყოფითი გადახრით ხასიათდება არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გადასახდელები (ე.წ. კაპიტალური ხარჯები), რომლის შესრულება წლიური გეგმის 53.9%-ს (9 თვის გეგმის 75.3%) უტოლდება და გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 15.8 მლნ ლარით აღემატება. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების შესრულება 9 თვის მდგომარეობით წლიური გეგმის 73.0%-ს (9 თვის გეგმის 96.7%) შეადგენს და გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 12.3%-ით მეტია, თუმცა ნომინალურ გამოსახულებაში ზრდის მაჩვენებელი 614.1 მლნ ლარს უტოლდება. ამასთან ე.წ. კაპიტალური ხარჯების ზრდის მაჩვენებელი 15.8 მლნ ლარს (3.9%) შეადგენს. რაც შეეხება ხარჯების კომპონენტების დონეზე დინამიკას, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ზემოაღნიშნული 641.1 მლნ ლარის ოდენობით ზრდა ძირითადად უკავშირდება სოციალური უზრუნველყოფის (198.0 მლნ ლარით), გრანტების (197.0 მლნ ლარით) და სხვა ხარჯების (101.3 მლნ ლარით) ზრდას. 9 თვის გეგმასთან მიმართებაში შესრულების მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება ფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გადასახდელები, რომლის შესრულება 9 თვის გეგმის 121.1%-ს შეადგენს და გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 157.8 მლნ ლარით (108.5%-ით) აღემატება, ძირითადად, აქციებისა და კაპიტალის მუხლით ფინანსური აქტივების ზრდის ტენდენციის გავლენით (იხ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობა აგრეგატულ დონეზე).
- წლის განმავლობაში გადასახდელების მოსალოდნელ დინამიკასთან მიმართებაში, თუ დავუშვებთ, რომ ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული გეგმური მაჩვენებლები შესრულდება, მაშინ 2015 წლის უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში გადასახდელების შესრულების საშუალო თვიური მაჩვენებელი დაახლოებით 119.9 მლნ ლარით (1.2-ჯერ) უნდა აღემატებოდეს 9 თვის ათვისების საშუალო თვიურ მაჩვენებელს, მათ შორის, არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გადასახდელებისთვის აღნიშნული მოსალოდნელი მაჩვენებელი 72.5 მლნ ლარს (2.6-ჯერ მეტი) შეადგენს. ამასთან, გასული წლის 9 თვის მდგომარებით ზემოთმოცემული ფარდობა 1.4-ს და 2.5-ს უტოლდებოდა, შესაბამისად (იხ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობა აგრეგატულ დონეზე).
სახელმწიფობიუჯეტისშემოსავლები
- 2015 წლის 9 თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ჯამური მაჩვენებელი 6,025.5 მლნ ლარს შეადგენს და 9 თვის გეგმის 103.1%-ს (წლიური გეგმის 75.8%-ს) უტოლდება. კომპონენტების დონეზე (სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები მოიცავს სამ კომპონენტს: საგადასახადო შემოსავლები, გრანტები და სხვა შემოსავლები) შესრულების მაღალი დონით ხასიათდება სხვა შემოსავლებისა და გრანტების კომპონენტი (იხ. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები).
- საგადასახადო შემოსავლების ჯამური მაჩვენებელი 9 თვის გეგმის 102.2%-ს (წლიური გეგმის 75.7%) შეადგენს და გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 11.2%-ით (563.3 მლნ ლარით) აღემატება. თუმცა განსხვავებული ტენდენცია ვლინდება გადასახადების ცალკეული ტიპებისათვის. კერძოდ, შედარებით მაღალი შესრულებით ხასიათდება მოგების და საშემოსავლო გადასახადების სახით მიღებული შემოსავლები. რაც შეეხება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან მიმართებას, ზრდის ტემპი შესაბამისად, 30.1%-ს და 15.1%-ს შეადგენს მოგების და საშემოსავლო გადასახადის სახით მიღებული შემოსავლებისათვის, ხოლო 6.7%-სა და 5.4%-ს დღგ-სა და აქციზისთვის, ამასთან იმპორტის გადასახადის სახით მიღებული შემოსავლები გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 30.0%-ით ნაკლებია. სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებთან მიმართებაში, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პირველადი გაანგარიშებით ექსტრაპოლაციის მეთოდზე დაყრდნობით, ნაკლებად მოსალოდნელია საგადასახადო შემოსავლების წლიური გეგმის შესრულება სირთულეებს უკავშირდებოდეს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ეს მეთოდი ეყრდნობა მხოლოდ წლის განმავლობაში გადასახადების მობილიზებას და არ ითვალისწინებს ეკონომიკური გარემოს მიმდინარე და მოსალოდნელ ტენდენციებს (იხ. საგადასახადო შემოსავლები)[4].
- სახელმწიფო ბიუჯეტის გრანტების სახით მიღებულ შემოსავლებთან მიმართებაში, აღნიშნული მაჩვენებელი 9 თვის გეგმის 123.5%-ს შეადგენს და 196.8 მლნ ლარს უტოლდება (წლიური გეგმის 76.9%). აქვე გასათვალისწინებელია, რომ გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელი 126.1 მლნ ლარს შეადგენდა. მიმდინარე წელს მობილიზებული გრანტების უდიდეს წილს ბიუჯეტის მხარდამჭერი გრანტები შეადგენს (იხ. საგარეო წყაროებიდან მიღებული დაფინანსება)
- რაც შეეხება სხვა შემოსავლებს, სხვა შემოსავლების შესრულება 9 თვის გეგმის 111.3%-ს შეადგენს (წლიური გეგმის 76.7%), ძირითადად საკუთრებიდან შემოსავლების (9 თვის გეგმის 121.5%) ტენდენციის გავლენით. გასათვალისწინებელია, რომ სხვა შემოსავლების აღნიშნული ტენდენცია ნაწილობრივ უკავშირდება სახელმწიფო ბიუჯეტის კლასიფიკაციაში განხორციელებულ ცვლილებას. კერძოდ, მიმდინარე წელს შერეულ და სხვა არაკლასიფიცირებულ შემოსავლებში, ასახულია წინა წლების გამოუყენებელი საბიუჯეტო სახსრების დაბრუნება და ხაზინის ერთიან ანგარიშზე რიცხული გაურკვეველი თანხები, რომლებიც დაზუსტების შემდგომ მიიმართება დანიშნულებისამებრ (სულ, 13.5 მლნ ლარი), რაც გასულ წლებში ფინანსური აქტივების კლების მუხლში აისახებოდა (იხ. სხვა შემოსავლები).
სახელმწიფობიუჯეტისგადასახდელები
- სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების შესრულებასთან მიმართებაში, მხარჯავი დაწესებულებების დონეზე გამოყოფილი ასიგნებების ათვისების %-ული წილი წლიური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრულ გეგმასთან მიმართებაში მხარჯავი დაწესებულებების უმეტესობისთვის 60-80%-იან შუალედში მერყეობს. წლიურ გეგმასთან მიმართებაში ასიგნებების ათვისების ძირითადი ტენდენციის სურათი, როგორც მხარჯავი დაწესებულებების, ისე პროგრამების მიხედვით წარმოდგენილია დანართის სახით (იხ. დანართები 2-4) (იხ. სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები).
- საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებთან მიმართებაში, 2015 წლის 9 თვის მდგომარეობით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრები 68.8 მლნ ლარს, ხოლო გადარიცხული სახსრები 65.3 მლნ ლარს და წლიური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული გეგმის 93.3%-ს შეადგენს. რაც შეეხება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდს, 2015 წლის 9 თვის მონაცემებით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის/სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გადარიცხული თანხების ჯამური მოცულობა 267.1 მლნ ლარს და წლიური გეგმის 69.4%-ს უტოლდება (იხ. საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელები).
- გადასახდელების ანალიზისას საყურადღებოა შრომის ანაზღაურების მუხლით გადასახდელების სტრუქტურა და დინამიკა. კერძოდ, შრომის ანაზღაურების მუხლით ხარჯების წილი ჯამურ ხარჯებში 2015 წლის 9 თვის მდგომარეობით გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კლების ტენდენციას ავლენს ( შტატით და შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურების წილი ხარჯებში მცირედით 19.8%-დან 19.1%-მდე შემცირდა). ამასთან, ჯამურად პრემიისა და დანამატის წილი შრომის ანაზღაურებასთან გასული წლის ანალოგიურ პერიოდის დონეზე ნარჩუნდება და 19.9%-ს უტოლდება (იხ. შრომის ანაზღაურება).
საშინაოდა საგარეო ვალდებულებებისდინამიკა
- სახელმწიფო ბიუჯეტის საშინაო ვალდებულებების ზრდის მუხლით შემოსულობების ფაქტობრივი შესრულება, 2015 წლის 9 თვის მდგომარეობით, 330.5 მლნ ლარს შეადგენს (წლიური გეგმა-500 მლნ ლარი). აღრიცხვის არსებული სპეციფიკის შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში ემიტირებულ იქნა 789.0 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სახაზინო ვალდებულებები და ობლიგაციები, ხოლო საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სახაზინო ფასიანი ქაღალდების მომსახურებისათვის გადახდილ იქნა 529.5 მლნ ლარი, საიდანაც საპროცენტო ხარჯი 100.6 მლნ ლარს შეადგენს (იხ. საშინაო ვალდებულებების დინამიკა).
- რაც შეეხება საგარეო წყაროებიდან მიღებულ დაფინანსებას, სახაზინო სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით, საგარეო წყაროებიდან მიღებული შემოსულობების მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდის ტენდენციას ავლენს, ძირითადად ბიუჯეტის მხარდამჭერი გრანტების სახით მიღებული შემოსულობების ზრდის გავლენით. ამასთან, გრანტების მოცულობა 2015 წლის 9 თვის მდგომარეობით 196.8 მლნ ლარს და წლიური დამტკიცებული გეგმის 76.9%-ს შეადგენს და გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 70.7 მლნ ლარით აღემატება. რაც შეეხება კრედიტებს, საგარეო ვალდებულებების ზრდით სახელმწიფო ბიუჯეტში მიღებული შემოსულობების შესრულება 643.6 მლნ ლარს და წლიური გეგმის 57.3%-ს უტოლდება, რომელთაგან უდიდეს წილს, ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტები წარმოადგენს (იხ. საგარეო წყაროებიდან მიღებული დაფინანსება).




