• აგრეგატულ დონეზე, 2015 წლის 6 თვის მდგომარეობით, კვარტალურ გეგმასთან მიმართებაში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების მდგომარეობა მისაღებად შეიძლება შეფასდეს, კერძოდ, ჯამური მაჩვენებელი კვარტალური გეგმის 105.7%-ს (წლიური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული გეგმის 48.4%-ს) შეადგენს და გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 20.9%-ით აღემატება. ანალოგიურად კვარტალურ გეგმას უახლოვდება (მცირედი უარყოფითი გადახრით ხასიათდება) გადასახდელების შესრულების მდგომარეობა, კერძოდ, გადასახდელების ჯამური მაჩვენებელი კვარტალური გეგმის 96.3%-ს (წლიური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული გეგმის 46%-ს) შეადგენს და გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ზრდის ტემპი 11.4%-ს უტოლდება (იხ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობა აგრეგატულ დონეზე).
• რაც შეეხება ძირითად ტენდენციებს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების კომპონენტების დონეზე, (სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები მოიცავს ოთხ კომპონენტს: შემოსავლები, არაფინანსური და ფინანსური აქტივების კლება, ვალდებულებების ზრდა) კვარტალურ გეგმასთან მიმართებაში შესრულების მაღალი ტენდენციით ხასიათდება არაფინანსური აქტივების კლების მუხლით შემოსულობები, რომელიც ნომინალურ გამოსახულებაში 136.6 მლნ ლარს (კვარტალური გეგმის 525.3%-ს) შეადგენს და გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 167.1%-ით აღემატება, ანალოგიურად, კვარტალურ გეგმასთან მიმართებაში შესრულების მაღალი მაჩვენებელი ვლინდება ფინანსური აქტივების კლების მუხლით (სესხების დაფარვიდან მიღებული სახსრები) შემოსულობებისათვის, რომლის შესრულების მდგომარეობა 38.7 მლნ ლარს და კვარტალური გეგმის 116.0%-ს უტოლდება, რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებს, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები კვარტალური გეგმის 103.7%-ს შეადგენს და გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 450.9 მლნ ლარით (13.4%-ით) აღემატება, ძირითადად საგადასახადო შემოსავლების ზრდის ტენდენციის გავლენით (იხ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობა აგრეგატულ დონეზე).
• რაც შეეხება ძირითად ტენდენციებს სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების კომპონენტების დონეზე (სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები მოიცავს ოთხ კომპონენტს: ხარჯები, არაფინანსური და ფინანსური აქტივების ზრდა, ვალდებულებების კლება) კვარტალური გეგმისაგან მცირედი უარყოფითი გადახრა, თუმცა გასული პერიოდის შესრულების ტენდენციასთან შედარებით მცირედი გაუმჯობესება ვლინდება არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გადასახდელებისათვის (ე.წ. კაპიტალური ხარჯები), რომლის შესრულება კვარტალური გეგმის 79.8%-ს უტოლდება, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების შესრულება 6 თვის მდგომარეობით კვარტალური გეგმის 96.3%-ს შეადგენს და გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 10.9%-ით მეტია, თუმცა ნომინალურ გამოსახულებაში ზრდის მაჩვენებელი 367.3 მლნ ლარს უტოლდება. ამასთან ე.წ. კაპიტალური ხარჯების ზრდის მაჩვენებელი 10.0 მლნ ლარს(4.3%) შეადგენს. რაც შეეხება ხარჯების კომპონენტების დონეზე დინამიკას, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ზემოაღნიშნული 367.3 მლნ ლარის ოდენობით ზრდა ძირითადად უკავშირდება სოციალური უზრუნველყოფის (116.7 მლნ ლარით), გრანტების (68.8 მლნ ლარით), სხვა ხარჯების (64.2 მლნ ლარით) და შრომის ანაზღაურების (51.5 მლნ ლარით) ზრდას. თუმცა, ხარჯების ცალკეული კომპონენტების დონეზე ტენდენციების ანალიზისას გასათვალისწინებელია, რომ 2015 წლის ბიუჯეტის კანონში ბიუჯეტის ხარჯების კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლით ასახულია სსიპ-ების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სახსრების განკარგვა, რომლებიც გასულ წლებში ჯამურად სუბსიდიის მუხლით აისახებოდა, ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად არსებული წარმოდგენა იძლევა სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების განკარგვის უფრო სამართლიან სურათს, გადასახდელების კომპონენტების დონეზე გასულ წელთან შედარებით გამოვლენილი ტენდენციების ანალიზისას აუცილებელია კლასიფიკაციაში არსებული ზემოაღნიშნული განსხვავებების გათვალისწინება. საწყის კვარტალურ გეგმასთან მიმართებაში გადაჭარბება ვლინდება ფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გადასახდელებისათვის, რომლის შესრულება კვარტალური გეგმის 127.5%-ს შეადგენს და გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 119.3 მლნ ლარით (175.4%-ით) აღემატება, ძირითადად, აქციებისა და კაპიტალის მუხლით ფინანსური აქტივების ზრდის ტენდენციის გავლენით (იხ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობა აგრეგატულ დონეზე).
სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები
• 2015 წლის 6 თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ჯამური მაჩვენებელი 3,827.4 მლნ ლარს შეადგენს და კვარტალურ გეგმის 103.7%-ს (წლიური გეგმის 48.1%-ს) უტოლდება. კომპონენტების დონეზე (სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები მოიცავს სამ კომპონენტს: საგადასახადო შემოსავლები, გრანტები და სხვა შემოსავლები) კვარტალურ გეგმას აღემატება როგორც საგადასახადო შემოსავლების, ისე სხვა შემოსავლებისა და გრანტების შესრულების მაჩვენებლები. (იხ. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები).
• საგადასახადო შემოსავლების ჯამური მაჩვენებელი კვარტალურ გეგმის 102.2%-ს (წლიური გეგმის 48.4%) შეადგენს და გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 11.8%-ით (378.1 მლნ ლარით) აღემატება. თუმცა განსხვავებული ტენდენცია ვლინდება გადასახადების ცალკეული ტიპებისათვის. კერძოდ, კვარტალურ გეგმას შესაბამისად, 31.8 მლნ ლარით, 79.1 მლნ ლარით და 29.8 მლნ ლარით აღემატება საშემოსავლოს, მოგების და დამატებული ღირებულების გადასახადის სახით მიღებული შემოსავლები, თუმცა გეგმიდან უარყოფითი გადახრა ვლინდება აქციზისა და იმპორტის გადასახადების შესრულებისას. რაც შეეხება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან მიმართებას, ზრდის ტემპი შესაბამისად, 15.9%-ს და 33.9%-ს შეადგენს საშემოსავლო და მოგების გადასახადის სახით მიღებული შემოსავლებისათვის, ხოლო 6.9%-სა და 3.5%-ს დღგ-სა და აქციზისთვის, ამასთან იმპორტის გადასახადის სახით მიღებული შემოსავლები გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 25.8%-ით ნაკლებია (იხ. საგადასახადო შემოსავლები).
• სახელმწიფო ბიუჯეტის გრანტების სახით მიღებულ შემოსავლებთან მიმართებაში, აღნიშნული მაჩვენებელი კვარტალურ გეგმას 10.9%-ით აღემატება და 100.4 მლნ ლარს უტოლდება (წლიური გეგმის 39.2%). აქვე გასათვალისწინებელია, რომ გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელი 47.1 მლნ ლარს შეადგენდა. მიმდინარე წელს მობილიზებული გრანტების უდიდეს წილს (47.5%) სხვა მიზნობრივი დანიშნულების გრანტები შეადგენს (იხ. საგარეო წყაროებიდან მიღებული დაფინანსება)
• რაც შეეხება სხვა შემოსავლებს, სხვა შემოსავლების შესრულება კვარტალური გეგმის 151.1%-ს შეადგენს (წლიური გეგმის 49.5%), ძირითადად შერეული და სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლების შესრულების ტენდენციის გავლენით. კერძოდ, აღნიშნული მუხლით შემოსავლები 2015 წლის იანვარ-ივნისის მდგომარეობით 46.3 მლნ ლარს და შესაბამისი კვარტალური გეგმის 302.7%-ს შეადგენს. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული ტენდენცია ნაწილობრივ უკავშირდება სახელმწიფო ბიუჯეტის კლასიფიკაციაში განხორციელებულ ცვლილებს. კერძოდ, მიმდინარე წელს შერეულ და სხვა არაკლასიფიცირებულ შემოსავლებში, ასახულია წინა წლების გამოუყენებელი საბიუჯეტო სახსრების დაბრუნება და ხაზინის ერთიან ანგარიშზე რიცხული გაურკვეველი თანხები, რომლებიც დაზუსტების შემდგომ მიიმართება დანიშნულებისამებრ (სულ, 12.2 მლნ ლარი), რაც გასულ წლებში ფინანსური აქტივების კლების მუხლში აისახებოდა (იხ. სხვა შემოსავლები).
სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები
• სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების შესრულებასთან მიმართებაში, მხარჯავი დაწესებულებების დონეზე გამოყოფილი ასიგნებების ათვისების %-ული წილი წლიური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრულ გეგმასთან მიმართებაში მხარჯავი დაწესებულებების უმეტესობისთვის 35-50%-იან შუალედში მერყეობს. წლიურ გეგმასთან მიმართებაში ასიგნებების ათვისების ძირითადი ტენდენციის სურათი, როგორც მხარჯავი დაწესებულებების, ისე პროგრამების მიხედვით წარმოდგენილია დანართის სახით (იხ. დანართები 2-4) (იხ. სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები).
• საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებთან მიმართებაში, 2015 წლის 6 თვის მდგომარეობით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრები 45.2 მლნ ლარს, ხოლო გადარიცხული სახსრები 41.9 მლნ ლარს და წლიური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული გეგმის 55.9%-ს შეადგენს. მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ათვისებული სახსრების განაწილება მიზნობრიობის მიხედვით წარმოდგენილია ანგარიშში. რაც შეეხება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდს, 2015 წლის 6 თვის მონაცემებით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის/სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გადარიცხული თანხების ჯამური მოცულობა 104.0 მლნ ლარს და წლიური გეგმის 27%-ს უტოლდება (იხ. საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელები).
საშინაო და საგარეო ვალდებულებების დინამიკა
• სახელმწიფო ბიუჯეტის საშინაო ვალდებულებების ზრდის მუხლით შემოსულობების ფაქტობრივი შესრულება, 2015 წლის 6 თვის მდგომარეობით, 295.1 მლნ ლარს შეადგენს (წლიური გეგმა-500 მლნ ლარი). აღრიცხვის არსებული სპეციფიკის შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში ემიტირებულ იქნა 625.0 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების, ხოლო დაფარულ იქნა 324.2 მლნ ნომინალური ღირებულების სახაზინო ვალდებულებები და ობლიგაციები (იხ. საშინაო ვალდებულებების დინამიკა).
• რაც შეეხება საგარეო წყაროებიდან მიღებულ დაფინანსებას, სახაზინო სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით, საგარეო წყაროებიდან მიღებული შემოსულობების მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდის ტენდენციას ავლენს, ძირითადად გრანტების სახით მიღებული შემოსავლების ზრდის გავლენით. კერძოდ, გრანტების მოცულობა 2015 წლის 6 თვის მდგომარეობით 100.4 მლნ ლარს და წლიური დამტკიცებული გეგმის 39.2%-ს შეადგენს, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 53.3 მლნ ლარით აღემატება. რაც შეეხება კრედიტებს, საგარეო ვალდებულებების ზრდით სახელმწიფო ბიუჯეტში მიღებული შემოსულობები 496.3 მლნ ლარს და წლიური გეგმის 44.2%-ს უტოლდება, რომელთაგან უდიდეს წილს, 5 თვისაგან განსხვავებით, ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტები წარმოადგენს (იხ. საგარეო წყაროებიდან მიღებული დაფინანსება).




