Parliamentary Budget Office

  • Georgian (GE)
  • English (UK)
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჩვენი როლი და მანდატი
    • საერთაშორისო მარეგულირებელი ჩარჩო
    • ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები
    • პარტნიორი ორგანიზაციები
    • არქივი
  • ბიუჯეტის ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • ბიუჯეტის კალენდარი
    • სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის მიმოხილვა
    • სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვა
    • ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების მიმოხილვა
    • ინტერაქტიული ინფოგრაფიკები ბიუჯეტის შესახებ
  • მაკროგარემოს ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • მაკროეკონომიკური პროგნოზები
    • მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა
    • მაკროეკონომიკური ინდიკატორები გრაფიკულად
    • ინტერაქტიული მაკროეკონომიკური სტატისტიკა
  • ფინანსური გავლენის შეფასება
    • პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის როლი და მიდგომა
    • რეგულირების გავლენის შეფასება
  • კვლევები
    • კვლევითი საქმიანობის დაგეგმვა
    • კვლევითი პუბლიკაციები
    • თემატური პუბლიკაციები
    • ფისკალური შეფასების ანგარიშები
    • მეთოდოლოგიური განმარტებები
    • თვითშეფასების ანგარიში
    • ინტერაქტიული სტატისტიკა

დასკვნა საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” - I წარდგენა

  • პარასკევი, 16 ოქტომბერი 2015 11:18
  • font size decrease font size decrease font size increase font size increase font size
  • Print
  • Email

ფისკალური გარემო მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში

  • ,,საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტი ეყრდნობა ეკონომიკური გარემოს ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით (BDD) წარმოდგენილ საბაზისო სცენარს 2016 წლისათვის: ეკონომიკური ზრდა -3%; ინფლაცია-4.5%. აღნიშნული სცენარის განვითარების შემთხვევაში, 2016 წლისათვის მიმდინარე წელთან მიმართებაში გათვალისწინებულია ნაერთი ბიუჯეტის ხარჯების ზრდა 673.4 მლნ ლარით, ხოლო არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გადასახდელების(ე.წ. კაპიტალური ხარჯები) შემცირება 62.3 მლნ. ლარით.
  • გარდა ზემოაღნიშნულისა, 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტს თან ერთვის ინფორმაცია ფისკალური სექტორის მაკროეკონომიკური რისკების შესახებ, რომელიც ასახავს მაკროეკონომიკური გარემოს განვითარების ოპტიმისტურ და პესიმისტურ სცენარებს და ფისკალური პოლიტიკის შესაბამის საპასუხო ნაბიჯებს.
  • მაკროეკონომიკური გარემოს პოზიტიური სცენარით განვითარების შემთხვევაში, წარმოდგენილი მაჩვენებლებით გათვალისწინებულია მიმდინარე ხარჯების სტაბილურობის შენარჩუნება, და ამავდროულად არაფინანსური აქტივების შეძენის(ე.წ. კაპიტალური ხარჯები) ზომიერი ზრდა(80 მლნ ლარით 2016 წლისათვის), რაც ჯამში განაპირობებს ბიუჯეტის დეფიციტის გაუმჯობესებას. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, ოპტიმისტური სცენარით გათვალისწინებული ფისკალური პოლიტიკის პასუხები მოითხოვს მკაცრ ფისკალურ დისციპლინას, რაც შესაძლებელია რთულად განსახორციელებელი იყოს: ე.წ. კაპიტალური ხარჯების ზრდის პირობებში, როგორც საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, მოსალოდნელია გაიზარდოს აგრეთვე მიმდინარე ხარჯებიც.
  • რაც შეეხება მაკროეკონომიკური გარემოს პესიმისტური სცენარით განვითარებას, აღნიშნული სცენარისათვის მთავრობის პოლიტიკის პასუხად წარმოდგენილია ბიუჯეტის დეფიციტის საბაზისო დონეზე შენარჩუნება და ამისათვის 2016 წლისათვის გათვალისწინებულია საბაზისოსთან შედარებით მიმდინარე ხარჯების ზომიერი შემცირება (50 მლნ ლარით (0.6%)), და ე.წ. კაპიტალური ხარჯების არსებითი შემცირება (280 მლნ ლარით (16.8%)). ამასთან, მითითებულია: „2017 წლის ბიუჯეტში 2016 წლის კაპიტალური ხარჯების დანაკარგების კომპენსირება და მიმდინარე ხარჯების ზრდის შეჩერება“. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, მაკროეკონომიკური გარემოს პესიმისტური სცენარით განვითარების შემთხვევაში გათვალისწინებული პოლიტიკის პასუხები, კერძოდ, ეკონომიკური ზრდის შენელების პასუხად კაპიტალური ხარჯების არსებითი შემცირება კიდევ უფრო უარყოფითად იმოქმედებს ეკონომიკურ აქტივობაზე საშუალოვადიან პერიოდში, ასევე პოლიტიკის პასუხებში ნახსენები დანაკარგების 2017 წელს კომპენსირების და მიმდინარე ხარჯების ზრდის შეჩერება მოითხოვს კიდევ უფრო მკაცრ ფისკალურ დისციპლინას, ვიდრე საბაზისო სცენარის შემთხვევაშია გათვალისწინებული.
  • რაც შეეხება ძირითად ფისკალურ ინდიკატორებს, აღნიშნული ინდიკატორების დინამიკა შესაძლებლობას იძლევა შეფასდეს ფისკალური პოლიტიკის განსაზღვრული მიმართულება (მასტიმულირებელი თუ შემზღუდველი) და ფისკალური პოლიტიკა ეკონომიკური ციკლის ეტაპის გათვალისწინებით. მაგალითად, ექსპანსიური (მასტიმულირებელი) ფისკალური პოლიტიკის განხორციელებას ეკონომიკური აქტივობის შენელებისას და პირიქით, შემზღუდველი ფისკალური პოლიტიკის განხორციელებას ეკონომიკური ბუმისას ანტიციკლურ ფისკალურ პოლიტიკად მოიხსენიებენ, რამდენადაც ასეთ დროს ფისკალური პოლიტიკა მიზნად ისახავს ეკონომიკური ციკლის გავლენის განეიტრალებას ეკონომიკაზე. თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც მისაღებად მიიჩნევა არა ანტიციკლური, არამედ პროციკლური ფისკალური პოლიტიკა. წარმოდგენილი მაჩვენებლებით, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის საპროგნოზო მაჩვენებელი 2016 წლისათვის(GFSM 2001) მშპ-სთან მიმართებაში 1.2%-ს შეადგენს და 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ზრდის ტენდენციას ავლენს. ასევე ზრდის ტენდენციას ავლენს მთლიანი ფისკალური დეფიციტის, ციკლურად კორექტირებული და სტრუქტურული ბიუჯეტის დეფიციტის საპროგნოზო მაჩვენებლები და 2016 წლისათვის მთლიანი ფისკალური დეფიციტი მშპ-სთან მიმართებაში 3.0%-ს შეადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ 2016 წლისათვის წარმოდგენილ მაკრო პარამეტრებზე დაყრდნობით, მოსალოდნელია უარყოფითი გამოშვების გაპის შემცირება (გაუმჯობესება), ინდიკატორების აღნიშნული დინამიკა შესაძლოა მიანიშნებდეს ფისკალური პოლიტიკის პროციკლურობაზე.

სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები

  • სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 2016 წლისათვის განსაზღვრულია 9.920.0 მლნ ლარის დონეზე, რაც ფაქტობრივად უტოლდება 2015 წლის გეგმური მაჩვენებლის დონეს. აღნიშნული უკავშირდება იმ ფაქტს, რომ გადასახადების ზრდის მიუხედავად, გათვალისწინებულია ვალდებულებების ზრდის მუხლით შემოსულობების შემცირება 349.1 მლნ ლარით  და ასევე არაფინანსური აქტივების კლების მუხლით შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებლის შემცირება 35.0 მლნ ლარით.
  • გასათვალისწინებელია, რომ თუ შემოსავლების ზრდის ტემპი წინა წელთან მიმართებით 2014 წელს 8.7%-ს შეადგენდა, ხოლო 2015 წლის დამტკიცებული გეგმით გათვალისწინებულია 6.9%-იანი ზრდა, წარმოდგენილი კანონპროექტით 2016 წლისათვის აღნიშნული მაჩვენებელი მცირდება 5.1%-მდე, რაც, თავის მხრივ, შესაძლებელია უკავშირდებოდეს საბიუჯეტო კოდექსში განხორციელებული ცვლილებით საშემოსავლო გადასახადის ზოგიერთი სახის მიმართვას ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებში.
  • საგადასახადო შემოსავლების პროგნოზთან მიმართებაში, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, წარმოდგენილი მაკროეკონომიკური სცენარით, 2016 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების ჯამური საპროგნოზო მოცულობა შეადგენს 7,940 მლნ ლარს, რაც ბიუჯეტის პროექტით წარმოდგენილ გეგმას 160 მლნ ლარით (2.1%-ით) აჭარბებს. აღნიშნული სხვაობა ძირითადად უკავშირდება იმ ფაქტს, რომ პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის საპროგნოზო მაჩვენებლები აღემატება წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებულ მაჩვენებლებს მოგების გადასახადისა (154 მლნ ლარით) და დამატებითი ღირებულების გადასახადისათვის (91 მლნ ლარით).
  • კანონპროექტით, სხვა შემოსავლების საპროგნოზო მოცულობა მიმდინარე წლის ბიუჯეტით განსაზღვრულ მაჩვენებელთან შედარებით იზრდება 25.0 მლნ ლარით და შეადგენს 320.0 მლნ ლარს. ცვლილება ძირითადად ეხება შერეულ და არაკლასიფიცირებულ შემოსავლებს, რომლის გეგმური მოცულობაც მიმდინარე წელთან შედარებით 21.2 მლნ ლარით იზრდება.

სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები

  • 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტით, სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები განსაზღვრულია 9,920 მლნ ლარის დონეზე და 2015 წლის ბიუჯეტის კანონით განსაზღვრულ გეგმასთან შედარებით გადასახდელების ზრდის ტემპი 3.6%-ს შეადგენს.
  • გადასახდელების ცალკეულ კომპონენტებთან მიმართებაში, მსგავსი ტენდენცია ვლინდება როგორც ნაერთი, ისე სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებისათვის. კერძოდ, მიმდინარე წლის გეგმურ მაჩვენებლებთან შედარებით გათვალისწინებულია ზრდა ხარჯებისა და ფინანსური აქტივების ზრდის მუხლის გადასახდელებისათვის და შემცირება ეხება არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გადასახდელებს(ე.წ. კაპიტალური ხარჯები). კერძოდ, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ზრდის მაჩვენებელი 2015 წელთან შედარებით 356.6 მლნ ლარს (4.4%), ხოლო ფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გადასახდელების ზრდის მაჩვენებელი 61.0 მლნ ლარს (18.7%) შეადგენს. ამავდროულად, არაფინანსური აქტივების ზრდის გეგმური მაჩვენებელი 2015 წლის გეგმასთან შედარებით 37.7 მლნ ლარით (4.9%-ით) მცირდება.
  • სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ზრდა ძირითადად უკავშირდება სოციალური უზრუნველყოფის (279.4 მლნ ლარით) და სხვა ხარჯების (142.6 მლნ ლარით) ზრდას. ასევე გათვალისწინებულია საპროცენტო ხარჯების (100.0 მლნ ლარით), საქონელი და მომსახურებისა (68.3 მლნ ლარით), შრომის ანაზღაურების (57.3 მლნ ლარით) მუხლით ხარჯების ზრდა. ამასთან,  მომუშავეთა რიცხოვნობა 610 ადამიანით მცირდება. 
  • რაც შეეხება საერთო სახელმწიფოებრივ გადასახდელებს, წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებულია აღნიშნული ტიპის გადასახდელების გეგმური მაჩვენებლის შემცირება 246.2 მლნ ლარით მიმდინარე წლის ბიუჯეტის კანონით განსაზღვრულ გეგმასთან შედარებით, ძირითადად ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის გადასაცემი ტრანსფერების  234.8 მლნ ლარით (28.6%-ით) შემცირების გავლენით, რაც თავის მხრივ დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის ცვლილების საფუძველზე, 2016 წლიდან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულების ბიუჯეტში მიიმართება საშემოსავლო გადასახადის ზოგიერთი სახე (ჯამურად, დაახლოებით 300 მლნ ლარი) მუნიციპალიტეტების დაფინანსების მიზნებისთვის.

სახელმწიფო ბიუჯეტის ვალდებულებების დინამიკა

  • საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, მიმდინარე წლის ბიუჯეტის კანონთან შედარებით გათვალისწინებულია ვალდებულებების ზრდის მუხლით შემოსულობების შემცირება, როგორც საშინაო, ისე საგარეო წყაროებიდან (საგარეო და საშინაო ვალდებულებების ზრდის მუხლით შემოსულობებისათვის შესაბამისად, 49.1 მლნ ლარითა და 300.0 მლნ ლარით). საგარეო ვალდებულებების ზრდის მუხლით შემოსულობების შემცირება (49 მლნ ლარით) ძირითადად დაკავშირებულია ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების საპროგნოზო მოცულობის  110.0 მლნ ლარის ოდენობით კლებასთან და საინვესტიციო შეღავათიანი კრედიტების 60.9 მლნ ლარით ზრდასთან.
  • რაც შეეხება ვალდებულებების მომსახურებას და დაფარვას, კანონპროექტით გათვალისწინებულია საგარეო და საშინაო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვის მუხლით გადასახდელების ზრდა მიმდინარე წლის ბიუჯეტის კანონით განსაზღვრულ გეგმასთან შედარებით, შესაბამისად 27 მლნ და 38 მლნ ლარით.
  • რაც შეეხება სახელმწიფო ვალის დინამიკას მშპ-სთან მიმართებაში, მაკროეკონომიკური პარამეტრების გათვალისწინებით წარმოდგენილი საპროგნოზო მაჩვენებელი 2016 წლის  სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით ითვალისწინებს სახელმწიფო ვალის ნაშთის შენარჩუნებას (მცირედით შემცირებას) მშპ-ის 43%-მდე 2015 წლისათვის მოსალოდნელია 43.7%-ის დონიდან. ამასთან, ანალოგიურმა ფარდობამ 2014 წლის დასასრულის მდგომარეობით 35.5% შეადგინა.
იხილეთ დანართი:
  • wardgena-I-2016.pdf
  • biujeti_grafikulad_I_wardgena_-2016.pdf.pdf
Tweet
back to top

 

სიახლეები

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსი ანდრია გვიდიანი სტაჟიორებს შეხვდა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსი ანდრ…

24-10-2025

საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი პარლამენტში სტაჟირებაზე მყოფ ახალგაზრდებს შეხვდა. „პარლამენტში სტაჟირების გავლა თქვენი პროფესიული განვითარებისთვის დიდი შესაძლებლობაა. სტაჟირების პერიოდში თქვენ გაეცნობით, თუ როგორ მუშაობს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი - პარლამენტი. როგორ მიიღება კანონები...

ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პა…

15-07-2024

საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა. საუბარი, ძირითადად, შეეხო საქართველოს პარლამენტის და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს დაძმობილების პროგრამის შედეგებს, რომელიც...

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელ…

11-07-2024

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი და ოფისის თანამშრომლები საქართველოში ვიზიტად მყოფი ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი ძირითადად დაეთმო საქართველოს ფინანსურ სისტემას და ამ სფეროში მიმდინარე რეფორმებს, პარლამენტის საბიუჯეტო...

 

 

ჩვენ შესახებ

ჩვენი როლი და მანდატი

ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები

პარტნიორი ორგანიზაციები

ანგარიშები/კვლევები

ბიუჯეტის ანალიზის მიმართულება

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა

კვლევები

კონტაქტი

რუსთაველის გამზ.8, კორპუსი C - 137.

საქართველო, თბილისი 0118.

ტელ/ფაქსი: 2 28-13-53

ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

  • Home
  • Contact