2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის (პირველი წარდგენა) მიმოხილვა.
• 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის მიხედვით ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის (GFSM 2001) მოსალოდნელი მაჩვენებელი 2020 წლისთვის მცირედით გაუარესების ტენდენციას ავლენს და მშპ-თან მიმართებაში -2.6%-ს უტოლდება. ფისკალური ბალანსის მოცულობა მცირდება -3.4%-ის დონემდე, ხოლო ე.წ მოდიფიცირებული დეფიციტი, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არსებული პროგრამის მეთოდოლოგიით გაინგარიშება, -2.9%-ს უტოლდება. რაც შეეხება ფისკალური პოლიტიკის მიმართულებასა და ტიპს (ფისკალური პოლიტიკის მიმართულების შეფასება ეკონომიკური ციკლის ეტაპთან მიმართებაში), საბიუჯეტო ოფისის მაკროეკონომიკურ პროგნოზებზე დაყრდნობით საშუალოვადიანი პერიოდის ბოლოს მოსალოდნელია უარყოფითი ფისკალური პოზიცია, რაც მიუთითებს ფისკალურ კონსოლიდაციაზე. ამასთან, უარყოფით ფისკალურ პოზიციას თან ერთვის გამოშვების დადებითი გაპი, რაც შესაძლებელია ანტიციკლური ფისკალური პოლიტიკის მანიშნებელი იყოს. ხოლო, უშუალოდ, 2020 წლისათვის მოსალოდნელია ფისკალური ექსპანსია და ანტიციკლური ფისკალური პოლიტიკა.
• სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 2020 წლისთვის განსაზღვრულია 14,040 მლნ ლარის დონეზე, რაც 2019 წლის საგეგმო მაჩვენებლის დონეს მნიშვნელოვნად, 1,176 მლნ ლარით (9.1%-ით) აჭარბებს. აღსანიშნავია, რომ ზრდის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით (2019 წლის დამტკიცებული გეგმით შემოსულობების ზრდა წინა წელთან შედარებით განსაზღვრულია 1.3%-ის დონეზე). შემოსავლების საპროგნოზო სიდიდე 547.3 მლნ ლარით (5.2%-ით) იზრდება და 11,035 მლნ ლარს შეადგენს. თავის მხრივ, შემოსულობების მაჩვენებელზე გავლენას ახდენს, ერთი მხრივ, გადასახდების მნიშვნელოვანი 7%-იანი მატება და მერე მხრივ - გრანტების საპროგნოზო მაჩვენებლის 48%-იანი კლება.
• 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წარმოდგენილი კანონპროექტის თანდართული 2020- 2023 წწ. ქვეყნის ძირითადი მონაცემების და მიმართულებების დოკუმენტის მიხედვით, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯები 11,275 მლნ ლარს უტოლდება და 2019 წლის საპროგნოზო მაჩვენებელს 844 მლნ ლარით აღემატება, მ.შ. სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით გასაწევი ხარჯები იმატებს 438 მლნ ლარით, ხოლო სახელმწიფო მოხმარების (შრომის ანაზღაურება და საქონელი და მომსახურება) ზრდის მაჩვენებელი 116.2 მლნ. ლარს შეადგენს.
• სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები განსაზღვრულია 14,212 მლნ ლარის დონეზე და 2019 წლის ბიუჯეტის კანონით განსაზღვრულ გეგმასთან შედარებით ზრდის მაჩვენებელი 8.6%-ს შეადგენს. გადასახდელებს ცალკეულ კომპონენტებთან მიმართებაში, მიმდინარე წლის გეგმურ მაჩვენებლებთან შედარებით არსებითი ზრდა გათვალისწინებულია ხარჯების (ე.წ. მიმდინარე ხარჯების) მუხლით გადასახდელებისათვის. კერძოდ, ზრდის მაჩვენებელი 1,029 მლნ ლარს (10.7%-ს ) შეადგენს, რაც ძირითადად უკავშირდება სოციალური უზრუნველყოფის (451.1 მლნ ლარით) და გრანტების მუხლით (107 მლნ ლარით) ხარჯების არსებით ზრდას.
• საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების სახით წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებულია საპროგნოზო მაჩვენებლის ზრდა 376 მლნ ლარით მიმდინარე წლის ბიუჯეტის კანონით განსაზღვრულ გეგმასთან შედარებით, რაც ძირითადად უკავშირდება დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსების 110 მლნ ლარით და ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის გადასაცემი ტრანსფერების 50.4 მლნ ლარით ზრდას, ასევე საგარეო და საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურების და დაფარვის ზრდას (შესაბამისად, 90 მლნ ლარით და 66 მლნ ლარით).
• რაც შეეხება 2019 წლის გეგმურ მაჩვენებლებთან მიმართებით პრიორიტეტების ცვლილებას, არსებითად იზრდება ხელმისაწვდომი ხარისხიანი ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები (371 მლნ ლარი), ძირითადად მოსახლეობის სოციალური დაცვის საბიუჯეტო პროგრამის ხარჯზე (პროგრამული კოდი 27 02). ასევე, მნიშვნელოვნად იზრდება რეგიონალური განვითრების, ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის მიმართულებით გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ოდენობა (179 მლნ ლარი). აღნიშნული ცვლილება ძირითადად უკავშირდება ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისა (პროგრამული კოდი 25 07) და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციის (პროგრამული კოდი 25 04) საბიუჯეტო პროგრამების ასიგნებათა ზრდას. არსებითად იზრდება, ასევე, ინსტიტუციონალური განვითარებისა და ქვეყნის ინტერესების სამართლებრივი მხარდაჭერის მიმართულებით გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები (64 მლნ ლარი), ძირითადად არჩევნების ჩატარების ღონისძიებებისა (პროგრამული კოდი 06 04) და სამართალშემოქმედებისა და ქვეყნის ინტერესების სამართლებრივი მხარდაჭერის მიზნით სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და მართვის, მათ შორის, სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განხორციელების (პროგრამული კოდი 26 01) საბიუჯეტო პროგრამების ხარჯზე.
• ვალდებულებების ზრდის მუხლით შემოსულობები განსაზღვრულია 2,755 მლნ ლარის დონეზე, რაც 2019 წლის ბიუჯეტის კანონით განსაზღვრულ ანალოგიურ მაჩვენებელს 569 მლნ ლარით (26%) აღემატება. ზრდა ძირითადად გათვალისწინებულია საშინაო ვალდებულებების წმინდა ზრდის მაჩვენებლის 400 მლნ ლარით მატების საფუძველზე.
დეტალურად იხ. სრული ანგარიში.




