სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური მიმოხილვა ასახავს სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლების დინამიკას როგორც აგრეგატულ, ისე მხარჯავი დაწესებულებების დონეზე(დანართის სახით). ანგარიშში ასევე წარმოდგენილია ცალკეული ასპექტები საერთაშორისო გამოცდილებიდან სახელმწიფო ფინანსების მართვასთან დაკავშირებულ ცალკეულ საკითხებზე.
აგრეგატულ დონეზე, 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მაჩვენებლების შესრულება შემდეგ ძირითად ტენდენციებს ავლენს:
- შემოსულობების ჯამური მაჩვენებლის შესრულება 11,619 მლნ ლარს და გეგმის 101.1%-ს შეადგენს (ნომინალურ გამოსახულებაში გეგმურ მაჩვენებელთან გადაჭარბება - 131.5 მლნ ლარი);
- გადასახდელების ჯამური მაჩვენებლის შესრულება 11,765 მლნ ლარს და წლიური გეგმის 100.4%-ს შეადგენს (ნომინალურ გამოსახულებაში გეგმურ მაჩვენებელთან გადაჭარბება - 44.4 მლნ ლარი).
- ნაშთის ცვლილება (ნაშთის გამოყენება)2017 წლის ბიუჯეტის კანონით განისაზღვრა (-233) მლნ ლარის დონეზე, ხოლო ფაქტობრივი მოცულობა (-146) მლნ ლარს შეადგენს.




