პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.
- სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის სექტემბერში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 6.4% შეადგინა;
- 2025 წლის ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 5.2%-ით განისაზღვრა, ანუ მიზნობრივი ინფლაციის 3.0%-იან მაჩვენებელზე შედარებით მაღალი. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე გავლენა იქონია, ძირითადად, ფასების დინამიკამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, ჯანმრთელობის დაცვაზე, ალკოჰოლურ სასმელებზე და თამბაქოზე;
- 2025 წლის სექტემბერში*, წინა წლის სექტემბერთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 12.8%-ით, ხოლო ხარჯები 15.4%-ით გაიზარდა;
- 2025 წლის სექტემბერში*, კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხები, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 13.2%-ით გაიზარდა და 65,119.2 მლნ ლარი შეადგინა, მათგან ყველაზე მეტი გაცემულია მშენებლობის, ვაჭრობის და მრეწველობის დარგებში;
- 2025 წლის იანვარ-სექტემბერში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქონლის ექსპორტი 7.7%-ით, ხოლო იმპორტი 9.7%-ით გაიზარდა, რის შედეგადაც სავაჭრო ბრუნვა (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9.1%-ით გაიზარდა და 18,545.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა;
- 2025 წლის სექტემბერში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებით, საქართველოში ფულადი გზავნილები 12.1%-ით გაიზარდა და 317.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (გზავნილების მთლიანი ოდენობის 45.4%), აშშ (18.8%) და რუსეთი (12.4%) წარმოადგენდნენ;
- 2025 წლის ოქტომბერში მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 5,603 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით, 37.2%-ით, ხოლო წინა თვესთან შედარებით 3.2%-ით გაიზარდა;
- 2025 წლის სექტემბერში*, წინა თვესთან შედარებით, დოლარიზაციის მაჩვენებელი, დეპოზიტებზე (0.07 პპ-ით) გაიზარდა, ხოლო სესხებზე (0.17 პპ-ით) შემცირდა;2025 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 0.3%-ით გაუფასურდა, ევროს მიმართ 0.3%-ით გამყარდა, ხოლო თურქულ ლირასთან მიმართებით 0.9%-ით გამყარდა;
- 2025 წლის ოქტომბრის თვეში, რეგიონის ქვეყნების ვალუტების გაცვლითი კურსები აშშ დოლართან მიმართებაში, თურქული ლირის გარდა, გამყარდა.
დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე:
https://infogram.com/oktombris-makroekonomikuri-mimokhilva2025-1h1749wql7vvl2z
დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე:




