პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.
- სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის აპრილში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 7.5% შეადგინა;
- 2025 წლის მაისში, წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 3.5%-ით განისაზღვრა, ანუ მიზნობრივი ინფლაციის 3.0%-იან მაჩვენებელზე შედარებით მაღალი. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე გავლენა იქონია, ძირითადად, ფასების დინამიკამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, ჯანმრთელობის დაცვაზე, ტრანსპორტზე და კავშირგაბმულობაზე;
- 2025 წლის აპრილში*, წინა წლის აპრილთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 0.5%-ით , ხოლო ხარჯები 1.9%-ით გაიზარდა;
- 2025 წლის აპრილში* კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემულმა სესხებმა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 18.1%-ით მოიმატა და 62.3 მლრდ ლარი შეადგინა, მათგან ყველაზე მეტი გაცემულია ვაჭრობის, მშენებლობისა და მრეწველობის დარგებში;
- 2025 წლის იანვარ-აპრილში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქონლის ექსპორტმა 14.2%-ით, ხოლო იმპორტმა 15.7%-ით მოიმატა, რის შედეგადაც სავაჭრო ბრუნვა (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 15.3%-ით გაიზარდა და 7,755.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა;
- 2025 წლის აპრილში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებით, საქართველოში ფულადი გზავნილები 6.1%-ით გაიზარდა და 295.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (გზავნილების მთლიანი ოდენობის 44.8%), აშშ (18.3%) და რუსეთი (13.5%) წარმოადგენდნენ;
- 2025 წლის მაისში მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 4,585 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით, 0.3%-ით შემცირდა, ხოლო წინა თვესთან შედარებით 1.5%-ით გაიზარდა;
- 2025 წლის აპრილში*, წინა თვესთან შედარებით, დოლარიზაციის მაჩვენებელი დეპოზიტებზე (0.33 პპ-ით) შემცირდა, ხოლო სესხებზე (0.14 პპ-ით) გაიზარდა;
- 2025 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 0.4%-ით გამყარდა, ევროს მიმართ 0.3%-ით გაუფასურდა, ხოლო თურქულ ლირასთან მიმართებით 2.1%-ით გამყარდა;
- 2025 წლის მაისის თვეში, რეგიონის ქვეყნების ვალუტების გაცვლითი კურსები აშშ დოლართან მიმართებაში, თურქული ლირისა და ქართული ლარის გარდა, გამყარდა.
დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე: https://infogram.com/maisis-makroekonomikuri-mimokhilva2025-1h984wvnkog7z2p
დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე: