პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.
- სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის დეკემბერში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 6.7% შეადგინა;
- 2025 წლის იანვარში, წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 2.0%-ით განისაზღვრა, ანუ მიზნობრივი ინფლაციის 3.0%-იან მაჩვენებელზე ნაკლები. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე გავლენა იქონია, ძირითადად, ფასების დინამიკამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე, ჯანმრთელობის დაცვაზე და განათლებაზე;
- 2024 წლის დეკემბერში*, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 22.4%-ით, ხოლო ხარჯები 35.9%-ით გაიზარდა;
- 2024 წლის დეკემბერში* კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემულმა სესხებმა 18.4%-ით მოიმატა და 60.2 მლრდ ლარი შეადგინა, მათგან ყველაზე მეტი გაცემულია ვაჭრობის, მშენებლობისა და მრეწველობის დარგებში;
- 2024 წლის იანვარ-დეკემბერში* საქონლის ექსპორტმა 7.8%-ით, ხოლო იმპორტმა 8.1%-ით მოიმატა, რის შედეგადაც სავაჭრო ბრუნვა (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8.0%-ით გაიზარდა და 23,435.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა;
- 2024 წლის დეკემბერში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებით, საქართველოში ფულადი გზავნილები 8.2%-ით შემცირდა და 285.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (გზავნილების მთლიანი ოდენობის 45.1%), აშშ (19.4%) და რუსეთი (11.0%) წარმოადგენდნენ;
- 2025 წლის იანვარში მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 4,430 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით, 8.7%-ით, ხოლო წინა თვესთან შედარებით 0.4%-ით შემცირდა;
- 2024 წლის დეკემბერში*, წინა თვესთან შედარებით, დოლარიზაციის მაჩვენებელი დეპოზიტებზე შემცირდა, ხოლო სესხებზე გაიზარდა;
- 2025 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 1.1%-ით გაუფასურდა, ევროს მიმართ 0.1%-ით გამყარდა და თურქულ ლირასთან მიმართებით 0.4%-ით გამყარდა;
- 2025 წლის იანვრის თვეში, რეგიონის ქვეყნების ვალუტების გაცვლითი კურსები, აშშ დოლართან მიმართებაში, სომხური დრამისა და აზერბაიჯანული მანათის გარდა, გაუფასურდა.
დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე: https://infogram.com/ianvris-makroekonomikuri-mimokhilva2025-1hnp27ez19nmy4g?live
დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე:




