პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.
- სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის ნოემბერში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 7.5% შეადგინა;
- 2024 წლის დეკემბერში, წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 1.9%-ით განისაზღვრა, ანუ მიზნობრივი ინფლაციის 3.0%-იან მაჩვენებელზე ნაკლები. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე გავლენა იქონია, ძირითადად, ფასების დინამიკამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, ჯამრთელობის დაცვაზე და ტრანსპორტზე;
- 2024 წლის ნოემბერში*, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 9.4%-ით, ხოლო ხარჯები 8.9%-ით გაიზარდა;
- 2024 წლის ნოემბერში* კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემულმა სესხებმა 18.9%-ით მოიმატა და 58.7 მლრდ ლარი შეადგინა, მათგან ყველაზე მეტი გაცემულია ვაჭრობის, მშენებლობისა და მრეწველობის დარგებში;
- 2024 წლის იანვარ-ნოემბერში* საქონლის ექსპორტმა 7.9%-ით, ხოლო იმპორტმა 6.1%-ით მოიმატა, რის შედეგადაც სავაჭრო ბრუნვა (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 6.6%-ით გაიზარდა და 21,112.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა;
- 2024 წლის ნოემბერში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებით, საქართველოში ფულადი გზავნილები 9.6%-ით შემცირდა და 266.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (გზავნილების მთლიანი ოდენობის 44.6%), აშშ (18.8%) და რუსეთი (11.2%) წარმოადგენდნენ;
- 2024 წლის დეკემბერში მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 4,448 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით, 11.2%-ით შემცირდა, ხოლო წინა თვესთან შედარებით 7.8%-ით გაიზარდა;
- 2024 წლის ნოემბერში*, წინა თვესთან შედარებით, დოლარიზაციის მაჩვენებელი დეპოზიტებზე გაიზარდა, ხოლო სესხებზე შემცირდა;
- 2024 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.7%-ით , ევროს მიმართ 1.2%-ით და თურქულ ლირასთან მიმართებით კი 1.2%-ით გაუფასურდა;
- 2024 წლის დეკემბრის თვეში, რეგიონის ქვეყნების ვალუტების გაცვლითი კურსები, აშშ დოლართან მიმართებაში, სომხური დრამისა და აზერბაიჯანული მანათის გარდა, გაუფასურდა.
დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე: https://infogram.com/dekembris-makroekonomikuri-mimokhilva-1h0n25oze8qql4p?live
დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე:




