პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.
- სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის ივლისში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 13.0% შეადგინა.
- 2024 წლის აგვისტოში, წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 1.0%-ით განისაზღვრა, ანუ მიზნობრივი ინფლაციის 3.0%-იან მაჩვენებელზე ნაკლები. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე გავლენა იქონია, ძირითადად, ფასების დინამიკამ ტრანსპორტზე, აგრეთვე ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე, სასტუმროებზე, კაფეებსა და რესტორნებზე, განათლებაზე.
- 2024 წლის ივლისში*, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 11.8%-ით, ხოლო ხარჯები 15.4%-ით გაიზარდა.
- 2024 წლის ივლისში* კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემულმა სესხებმა 19.4%-ით მოიმატა და 55.3 მლრდ ლარი შეადგინა; მათგან ყველაზე მეტი გაცემულია მშენებლობის, ვაჭრობისა და მრეწველობის დარგებში.
- 2024 წლის იანვარ-ივლისში* საქონლის ექსპორტმა 1.3%-ით დაიკლო, ხოლო იმპორტმა 2.9%-ით მოიმატა, რის შედეგადაც სავაჭრო ბრუნვა (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1.6%-ით გაიზარდა და 12,566.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
- 2024 წლის ივლისში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებით, საქართველოში ფულადი გზავნილები 1.8%-ით შემცირდა და 298.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (გზავნილების მთლიანი ოდენობის 43.0%), აშშ (16.9%) და რუსეთი (15.3%) წარმოადგენდნენ.
- 2024 წლის აგვისტოში მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 4,842 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 10.9%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით.
- 2024 წლის ივლისში*, წინა თვესთან შედარებით, დოლარიზაციის მაჩვენებელი როგორც დეპოზიტებზე, ასევე სესხებზე შემცირდა.
- 2024 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 1.3%-ით გამყარდა, ევროს მიმართ 0.1%-ით გაუფასურდა, ხოლო თურქულ ლირასთან მიმართებით 3.5%-ით გამყარდა.
- 2024 წლის აგვისტოს თვეში რეგიონის ქვეყნების ვალუტების გაცვლითი კურსები, რუსული რუბლის გარდა, აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა.
დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე: https://infogram.com/--1h7v4pd9091o84k?live
დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე:




