პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.
- სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის მარტში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 8.2% შეადგინა.
- 2024 წლის აპრილში, წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 1.5%-ით განისაზღვრა, ანუ მიზნობრივი ინფლაციის 3.0%-იან მაჩვენებელზე ნაკლები. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე გავლენა იქონია, ძირითადად, ფასების დინამიკამ ტრანსპორტზე, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე, სასტუმროებზე, კაფეებსა და რესტორნებზე, აგრეთვე განათლებაზე.
- 2024 წლის მარტში*, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 43.9%-ით, ხოლო ხარჯები 7.4%-ით გაიზარდა.
- 2024 წლის მარტში* კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემულმა სესხებმა 18.4%-ით მოიმატა და 52.0 მლრდ ლარი შეადგინა; მათგან ყველაზე მეტი გაცემულია ვაჭრობის, მშენებლობისა და მრეწველობის დარგებში.
- 2024 წლის იანვარ-მარტში* საქონლის ექსპორტმა 9.3%-ით, ხოლო იმპორტმა 5.3%-ით დაიკლო, რის შედეგადაც სავაჭრო ბრუნვა (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 6.5%-ით შემცირდა და 4.699.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
- 2024 წლის მარტში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებით, საქართველოში ფულადი გზავნილები 36.5%-ით შემცირდა და 278.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (გზავნილების მთლიანი ოდენობის 41.5%) და რუსეთი (19.0%) წარმოადგენდნენ.
- 2024 წლის აპრილში მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 4,814 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 6.2%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით.
- 2024 წლის მარტში*, წინა თვესთან შედარებით, დოლარიზაციის მაჩვენებელი დეპოზიტებზე შემცირდა, ხოლო სესხებზე გაიზარდა.
- 2024 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 0.2%-ით, ევროს მიმართ 1.4%-ით, ხოლო თურქულ ლირასთან მიმართებით 1.3%-ით გამყარდა.
- 2024 წლის აპრილის თვეში რეგიონის ქვეყნების ვალუტების გაცვლითი კურსები აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა.
დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე: https://infogram.com/--1h9j6q7gkemnv4g?live
დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე:




