პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.
- სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 9.5% შეადგინა.
- 2024 წლის მარტში, წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.5%-ით განისაზღვრა, ანუ მიზნობრივი ინფლაციის 3.0%-იან მაჩვენებელზე ნაკლები. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე გავლენა იქონია, ძირითადად, ფასების დინამიკამ ტრანსპორტზე, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე, სასტუმროებზე, კაფეებსა და რესტორნებზე, განათლებასა და ჯანდაცვაზე, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე.
- 2024 წლის თებერვალში*, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 17.2%-ით, ხოლო ხარჯები 17.8%-ით გაიზარდა.
- 2024 წლის თებერვალში* კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემულმა სესხებმა 16.0%-ით მოიმატა და 50.5 მლრდ ლარი შეადგინა; მათგან ყველაზე მეტი გაცემულია ვაჭრობის, მშენებლობისა და მრეწველობის დარგებში.
- 2024 წლის იანვარ-თებერვალში* საქონლის ექსპორტმა 12.2%-ით, ხოლო იმპორტმა 1.6%-ით მოიკლო, რის შედეგადაც სავაჭრო ბრუნვა (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4.8%-ით შემცირდა და 2,950 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
- 2024 წლის თებერვალში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებით, საქართველოში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა და 272.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (გზავნილების მთლიანი ოდენობის 38.8%) და რუსეთი (22.8%) წარმოადგენდნენ.
- 2024 წლის მარტში მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 4,777 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 4.5%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით.
- 2024 წლის თებერვალში*, წინა თვესთან შედარებით, დოლარიზაციის მაჩვენებელი დეპოზიტებსა და სესხებზე შემცირდა.
- 2024 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 1.0%-ით და ევროს მიმართ 1.5%-ით გაუფასურდა, თურქულ ლირასთან მიმართებით კი 2.9%-ით გამყარდა.
- 2024 წლის თებერვლის თვეში რეგიონის ქვეყნების ვალუტების გაცვლითი კურსები აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა.
დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე: https://infogram.com/--1h0n25oymzz8z4p?live
დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე:




