„საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თავდაპირველი ვარიანტის მიხედვით:
- შემოსულობების გეგმა განსაზღვრულია 23,881.7 მლნ ლარის ოდენობით, რაც 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმით დამტკიცებულ მოცულობას, მნიშვნელოვნად, 1,967.4 მლნ ლარით (9.0%-ით) აღემატება. აღნიშნული ზრდა დაკავშირებულია, ერთი მხრივ, შემოსავლების კომპონენტის მატებასთან (2,264.0 მლნ ლარის ოდენობით, 12.8%-ით) და მეორე მხრივ, ვალდებულებების აღების შედეგად და ფინანსური აქტივებით ოპერაციებიდან მისაღები სახსრების შემცირებასთან (შესაბამისად, 146.5 მლნ ლარით და 150.0 მლნ ლარით), რაც შეეხება არაფინანსური აქტივების რეალიზაციიდან მისაღებ შემოსულობებს, მისი მოცულობა განსაზღვრულია მიმდინარე წლის საგეგმო მოცულობის დონეზე.
- გადასახდელების გეგმა განსაზღვრულია 24,161.2 მლნ ლარის ოდენობით, რაც 2,281.1 მლნ ლარით (10.4%-ით) აღემატება 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრულ გადასახდელების გეგმას. აღნიშნული მატება ძირითადად მოდის ხარჯებისა და ვალდებულებების კლების კომპონენტებზე. კერძოდ, 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ხარჯების კომპონენტის მაჩვენებელი, 2023 წლის ბიუჯეტით დამტკიცებულ მოცულობასთან შედარებით, გაზრდილია 2,107.6 მლნ ლარით (12.9%-ით), ხოლო ვალდებულებების კლების კომპონენტი გაზრდილია 204.8 მლნ ლარით (16.8%-ით). გაზრდილია, ასევე, არაფინანსური აქტივების ზრდის კომპონენტი 91.1 მლნ ლარით (2.3%-ით). რაც შეეხება გადასახდელების მეოთხე კომპონენტს, ფინანსური აქტივების ზრდის მაჩვენებელი შემცირებულია 122.6 მლნ ლარით (27.5%-ით).
- ნაშთის ცვლილება (გამოყენება) განსაზღვრულია -279.5 მლნ ლარის ოდენობით.
- 2024 წელს სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტი (უარყოფითი მთლიანი სალდო) განისაზღვრება 2,162.0 მლნ ლარით, რაც პროგნოზირებული მთლიანი შიდა პროდუქტის 2.5%-ს შეადგენს (დადგენილი ზღვარი – მშპ-ის 3%).
- 2024 წლის ბოლოსთვის საქართველოს მთავრობის ვალის ზღვრული მოცულობა განისაზღვრა მთლიანი შიდა პროდუქტის 38.2%-ით, ხოლო საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში აღებული ვალდებულებების მიმდინარე ღირებულების შეფასება (2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით) - მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) 0.1%-ით − ჯამი: მშპ-ის 38.3% (დადგენილი ზღვარი – მშპ-ის 60%).
დეტალურად იხილეთ სრული დოკუმენტი.




