პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.
- მარტში*, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 7.3% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ პანდემიამდელ, 2019 წელთან შედარებით ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპები აღინიშნება.
- აპრილში სამომხმარებლო ფასების წლიური ინფლაცია 2.7%-ს გაუტოლდა, რაც ძირითადად განპირობებულია სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე ფასების მნიშვნელოვანი ზრდით.
- მარტში*, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 4.3%-ით შემცირდა, ხოლო ხარჯები 2.6%-ით გაიზარდა.
- მარტში* კომერციული ბანკების მიერ გაცემულმა სესხებმა 43.9 მლრდ ლარი შეადგინა, მათგან ყველაზე მეტი გაცემულია ვაჭრობის, მრეწველობისა და მშენებლობის დარგებში.
- იანვარ-მარტში* ექსპორტმა 24.7%-ით, ხოლო იმპორტმა 21.0%-ით მოიმატა და სავაჭრო ბრუნვამ 4,784 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
- მარტში* ფულადმა გზავნილებმა 438.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გზავნილების ძირითად წყაროს რუსეთი (გზავნილების მთლიანი ოდენობის 51.0%) და ევროკავშირის ქვეყნები (23.8%) წარმოადგენდნენ.
- აპრილში მთლიანი საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 5,133 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა.
- მარტში*, წინა თვესთან მიმართებით, შემცირდა როგორც დეპოზიტებზე, ასევე სესხებზე დოლარიზაციის მაჩვენებელი.
- აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით 2.5%-ით გამყარდა. ხოლო ევროს მიმართ მცირედით (0.1%-ით) გაუფასურდა.
დეტალურად სხვა ეკონომიკური პარამეტრების დინამიკის შესახებ იხილეთ სრული დოკუმენტი.




