პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს კვარტალური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.
• 2022 წლის IV კვარტალში, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 9.5%-ით გაიზარდა, რაც აღემატება პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ ნოემბრის თვეში პროგნოზირებულ 8.2%-ს. შესაბამისად, დაფიქსირდა მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდა.
• 2022 წლის IV კვარტალში წლიური ინფლაცია 10.3%-ს გაუტოლდა, რაც ძირითადად განპირობებულია სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე ფასების მნიშვნელოვანი ზრდით.
• 2022 წლის IV კვარტალში ნაერთი ბიუჯეტის უარყოფითმა მთლიანმა სალდომ 892.9 მლნ ლარი შეადგინა.
• მთლიანი სახელმწიფო ვალი კლების ტენდენციას ავლენს, შემცირებულია ასევე საგარეო ვალის წილი მთლიან სახელმწიფო ვალში. კერძოდ, 2022 წლის IV კვარტალში საგარეო ვალის წილმა 76.0% შეადგინა, მაშინ როდესაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 81.4%-ს იყო.
• 2022 წლის III* კვარტალში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საგადასახდელო ბალანსის მდგომარეობა, კერძოდ, მიმდინარე ანგარიშის დადებითი სალდო დაფიქსირდა და 400.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
• 2022 წლის IV კვარტალში მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმა 4,901.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია წინა წლებთან შედარებით.
• 2022 წლის IV კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტის წილი საგარეო სავაჭრო ბრუნვის მთლიან მოცულობაში 29.4%-დან 28.0%-მდე შემცირდა.
• წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2022 წლის IV კვარტალში ფულადი გზავნილები 142.2%-ით გაიზარდა და 1,558.4 მლნ დოლარი შეადგინა.
• მონეტარული პოლიტიკის (რეფინანსირების) განაკვეთი 2022 წლის მარტიდან არ შეცვლილა და 11.0%-ს შეადგენს.
• ლარის გაცვლითი კურსი გამყარების ტენდენციით ხასიათდება. ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ წინა კვარტალთან შედარებით 3.3%-ით, ხოლო 2021 წლის IV კვარტალთან შედარებით 14.3%-ით გამყარდა.
• დოლარიზაციის მაჩვენებელი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემცირდა როგორც დეპოზიტებზე, ასევე სესხებზე.
დეტალურად სხვა ეკონომიკური პარამეტრების შესახებ, იხ. სრული დოკუმენტი.