მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტის „საჯარო ფინანსებზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება" გახსნითი ღონისძიება გაიმართა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში მომდევნო ორი წლის განმავლობაში ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსებისა და ეკონომიკის ეროვნული აკადემია და ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტი აქტიურად იმუშავებს საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისთან, რათა მიღწეულ იქნეს პროექტის ფარგლებში დასახული მიზნები საჯარო ფინანსებზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების კუთხით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, პარლამენტის წევრები, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში, ნიდერლანდების წარმომადგენლობითი პალატის საჯარო ფინანსების კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს მთავრობის, საქართველოს ეროვნული ბანკის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, არასამთავრობო ორგანიზაციების, პარტნიორი დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ნიდერლანდელი ექსპერტები, პარლამენტის აპარატის თანამშრომლები და სხვ.
ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართა საბიუჯეტო ოფისის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა შორენა კახიძემ. მან მადლობა გადაუხადა ევროკავშირს აღნიშნული შესაძლებლობისთვის, მრავალწლიანი თანამშრომლობისა და საბიუჯეტო ოფისის, როგორც დამოუკიდებელ ფისკალური ინსტიტუციის განვითარების მუდმივი მხარდაჭერისთვის. მან ხაზი გაუსვა ნიდერლანდების სამეფოს შესაბამის უწყებებთან დაძმობილების განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რადგან სწორედ ნიდერლანდებში დაარსდა პირველი დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუცია.
მან ისაუბრა ევროკავშირის მხარდაჭერით საბიუჯეტო ოფისის მიერ მიღწეულ შედეგებზე საჯარო ფინანსების მართვის (PFM) რეფორმის ფარგლებში, რაც აღნიშნულ იქნა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა (IMF) და „ღია ბიუჯეტის კვლევის" (OBS) ანგარიშებში, სადაც პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის, როგორც დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუციის საქმიანობა შეფასებულ იქნა როგორც კარგი პრაქტიკის მაგალითი. მან აღნიშნა, რომ დაძმობილების პროექტი, რომელიც პირველია საქართველოს საბიუჯეტო ოფისსა და ევროკავშირის წევრ ქვეყანას შორის, ოფისს მისცემს შესაძლებლობას უპასუხოს იმ გამოწვევებს, რომელიც გამოვლინდა ევროკავშირის მხარდაჭერით საბიუჯეტო ოფისის მიერ მიმდინარე წელს ჩატარებული თვითშეფასების ფარგლებში და დაეხმარება ოფისს მაქსიმალურად დაუხლოვდეს OECD-ის საერთაშორისო სტანდარტებს. მისი თქმით, „შედეგები, რომელიც დაძმობილების პროექტის საფუძველზე უნდა იქნას მიღწეული ხელს შეუწყობს საბიუჯეტო ოფისის ინსტიტუციურ გაძლიერებას, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ძლიერ საპარლამენტო ზედამხედველობას".
გალერეა
http://pbo.parliament.ge/ge/aboutus/archive/item/859-twinning#sigProGalleriabf7b623d3e