საქართველოს პარლამენტის და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს დაძმობილების პროგრამის ფარგლებში, დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუტების შესაძლებლობების გაძლიერების შესახებ კონფერენცია გაიმართა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ევროპის დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუტების ქსელის ხელმძღვანელი რიჩარდ ვან ზვოლი. მან ევროპის დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუტების ქსელის მიერ საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ორგანიზაციაში დამკვირვებლის სტატუსით მიწვევის შესახებ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.
„ევროპის დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუტების ქსელი მნიშვნელოვანი ორგანოა გამოცდილების და პრაქტიკის გაზიარების თვალსაზრისით. საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი სრულ შესაბამისობაშია იმ საქმიანობასთან, რასაც ევროპის დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუტების ქსელის ქვეყნები ახორციელებენ. საბიუჯეტო ოფისი ამზადებს დასკვნას ბიუჯეტის პროექტზე, ალტერნატიულ მაკროეკონომიკურ პროგნოზებს, ფისკალური წესების მონიტორინგს და სხვა ანალიტიკურ დოკუმენტებს. შესაბამისად, მინდა სიხარულით აღვნიშნო, რომ დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუტების ქსელში მივიღეთ გადაწყვეტილება, საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი მივიღოთ ორგანიზაციაში დამკვირვებლის სტატუსით. ვფიქრობ, აღნიშნული ნაბიჯი საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისთვის დიდი შესაძლებლობა იქნება განვითარების და გაძლიერების კუთხით. მინდა მივულოცო საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისს ეს სიახლე და მივესალმო ჩვენს ორგანიზაციაში", - განაცხადა რიჩარდ ვან ზვოლმა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვან შესაძლებლობად შეაფასა საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელმა ანდრია გვიდიანმა. მისი თქმით, ორგანიზაციის დამკვირვებელი წევრობა პარლამენტის საბიუჯეტო ოფისს დამატებით გაძლიერების და საუკეთესო გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას მისცემს.
„მოხარული ვარ ევროპის დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუტების ქსელში პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიწვევის გადაწყვეტილების გამო. აღნიშნული ორგანიზაცია უმნიშვნელოვანესია დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუტების თანამშრომლობის და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია საპარლამენტო ზედამხედველობის კუთხით საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება. ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, მიღებული გადაწყვეტილება საბიუჯეტო ოფისს განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლის საშუალებას მისცემს. მინდა მადლობა გადავუხადო ორგანიზაციის წევრებს მიღებული გადაწყვეტილებისთვის", - აღნიშნა ანდრია გვიდიანმა.