საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ინიციატივით და პარლამენტის აპარატის ეკონომიკური გუნდის ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, ხარჯ-სარგებლიანობის (CBA-Cost Benefit Analysis) მეთოდის შემსწავლელი სასწავლო კურსი დაიწყო.
ხარჯ-სარგებლიანობის მეთოდი (CBA - Cost Benefit Analysis) აფასებს და ადარებს კონკრეტული პოლიტიკის ინიციატივის განხორციელების შედეგად გამოწვეულ ხარჯებსა და სარგებელს, აღნიშნული მნიშვნელოვანი და გამოსადეგი ინსტრუმენტია მტკიცებულებებზე დამყარებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, როგორც ex-ante, ასევე ex-post შეფასებისას.
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრია გვიდიანმა ტრენინგის მონაწილეებს სიტყვით მიმართა, სადაც კანონშემოქმედებით პროცესში ხარჯ-სარგებლიანობის მეთოდის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება საკანონმდებლო საქმიანობის პროცესის უმნიშვნელოვანეს ასპექტს წარმოადგენს. შესაბამისად, სექტორული კომიტეტების აპარატების თანამშრომლების ცნობიერების ამაღლება ის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს კანონშემოქმედებით საქმიანობაში საკანონმდებლო ორგანოს მაქსიმალურ ინფორმირებულობას. ამდენად, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი მისი მანდატის ფარგლებში მაქსიმალურად ხელს შეუწყობს კანონშემოქმედებით პროცესში ფაქტებზე დამყარებული გადაწყვეტილებების კუთხით ცნობიერების ამაღლებას და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას“, - განაცხადა პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელმა ანდრია გვიდიანმა.
სასწავლო კურსი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის წარმომადგენლობის მხარდაჭერით გაიმართა.
გალერეა
http://pbo.parliament.ge/ge/aboutus/archive/item/1001-2023-10-02-13-01-48#sigProGalleria1e0551c7af

