სავალუტო ინტერვენცია ფართო გაგებით მოიაზრებს ცენტრალური ბანკის მიერ სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებს შემდეგი მიზნებიდან ერთ-ერთის მისაღწევად: გაცვლითი კურსის ცვალებადობის ან არასწორი განლაგების შერბილება; სავალუტო ბაზარზე გაცვლითი კურსის მკვეთრი და მაღალი რყევის, უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვას შორის დიდი სპრედის, უცხოური ვალუტით ვაჭრობის ბრუნვის სწრაფი ცვლილების და შუამავლების (ბროკერების) ფულადი ნაკადების მოწესრიგება; ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების დაგროვება და სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტის მიწოდება. ვიწრო გაგებით, სავალუტო ინტერვენცია განისაზღვრება, როგორც ცენტრალური ბანკის მიერ განხორციელებული სავალუტო ოპერაციები გაცვლითი კურსის რეგულირების მიზნით.
იმის შესახებ, თუ რამდენად მიზანშეწონილია/ეფექტიანია სავალუტო ინტერვენციების, როგორც ერთ-ერთი ინსტრუმენტის გამოყენება, ზემოაღნიშნული მიზნების/ან მათ შორის რომელიმეს მისაღწევად, საერთაშორისო ეკონომიკურ საზოგადოებაში განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. როგორც წესი, მიიჩნევა, რომ მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში სავალუტო ბაზარზე ჩარევა ნაკლებ მიზანშეწონილია/ეფექტიანია ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორებით გამოწვეული გაცვლითი კურსის წონასწორობის ცვლილებისათვის (მაშინ როცა გაცვლითი კურსის რყევა გამოწვეულია ეკონომიკის ფუნდამენტური ფაქტორების ცვლილებით და არა ინვესტორთა მოლოდინების ცვლილებებით) და მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ვალუტის კურსის მოკლევადიანი ისეთი მაღალი ცვალებადობის შერბილებისთვის, რომელმაც შესაძლოა ფინანსურ ბაზრებზე დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.
აღნიშნული მიმართულებით საყურადღებოა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) წევრ ქვეყანებთან შეთანხმების ერთ-ერთი მუხლი (Article IV) , რომელიც განსაზღვრავს იმ ძირითად მიმართულებებს, რომლებიც გათვალისწინებულ უნდა იქნას წევრი ქვეყნის მიერ სავალუტო პოლიტიკის განხორციელებისას. აღნიშნული მუხლის შესაბამისად, საერთაშორისო სავალუტო ფონდს აქვს შემუშავებული შესაბამისი პრინციპები, რომელთა ნაწილი სავალდებულო, ნაწილი სარეკომენდაციო ხასიათისაა. აღნიშნული პრინციპებიდან, წევრი ქვეყნისთვის სავალდებულოდ შესასრულებელი პრინციპი შემდეგნაირად განიმარტება: „წევრმა ქვეყანამ თავიდან უნდა აიცილოს გაცვლითი კურსით ან საერთაშორისო მონეტარული სისტემით მანიპულირება საგადამხდელო ბალანსის ეფექტიანად კორექტირების მიზნისთვის ან სხვა წევრ ქვეყნებთან არასამართლიანი კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად". წევრი ქვეყანა მიჩნეულ იქნება გაცვლითი კურსის მანიპულირებაში, თუ ფონდი გამოავლენს, რომ წევრი ქვეყნის ასეთი პოლიტიკის მიზანია გაცვლითი კურსის განლაგების შენარჩუნება გაუფასურების სახით და აღნიშნული პოლიტიკა მიზნად ისახავს წმინდა ექსპორტის გაზრდას. ამასთან, ამავე პრინციპებში მითითებულია, რომ წევრმა ქვეყანამ შესაძლებელია განახორციელოს სავალუტო ინტერვენციები
კურსის არასათანადო განლაგების (წონასწორული დონიდან არასათანადო გადახრების) დასაძლევად, რომელიც ხასიათდება, მათ შორის, გაცვლითი კურსის არასახარბიელო მოკლევადიანი ცვალებადობით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ეკონომიკურ ლიტერატურაში არსებობს განსხვავებული მოსაზრებები გაცვლითი კურსის ცვლილებისას გამოსაყენებელი ინსტრუმენტების შერჩევისა და მათ ეფექტიანობასთან/მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით.




