• რეალურ სექტორთან დაკავშირებით, 2015 წლის III კვარტალში, წინასწარი შეფასებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 2.5%-ით გაიზარდა 2014 წლის III კვარტალთან შედარებით. აღნიშნულ პერიოდში წლიურმა ინფლაციამ 5.2% შეადგინა, რაც ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებულ მიზნობრივ მაჩვენებელს (5%) მცირედით აღემატება.
• ფისკალური სექტორთან მიმართებაში, 2015 წლის III კვარტალში ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 12.7%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და მშპ-ის 28.8% შეადგინა, ხოლო ხარჯები და არაფინანსური აქტივების შეძენა 15.8%-ით გაიზარდა (მშპ-ის 30.7%). 2015 წლის III კვარტალის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალი 33.4%-ით გაიზარდა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით. კერძოდ, სახელმწიფო საშინაო ვალი გაიზარდა 14.9%-ით, ხოლო სახელმწიფო საგარეო ვალი 39.9%-ით, რაც ძირითადად ვალუტის კურსის ცვლილებას უკავშირდება.
• საგარეო სექტორის დინამიკასთან დაკავშირებით, 2015 წლის III კვარტალში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 12%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელზე. კერძოდ, ერთდროულად შემცირების ტენდენციას ავლენს ექსპორტი და იმპორტი, შესაბამისად 23% და 8%-ით. ასევე შემცირების ტენდენციას ავლენს მთლიანი საერთაშორისო რეზერვების მოცულობა, კერძოდ, 2015 წლის III კვარტალის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 8.8% შემცირდა 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 2,464 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2015 წლის III კვარტალში ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ, 2015 წლის II კვარტალთან შედარებით 1.8%-ით, ხოლო 2014 წლის III კვარტალთან შედარებით 24.9%-ით გაუფასურდა.
• მონეტარული სექტორთან მიმართებაში, 2015 წლის III კვარტალში, ამავე წლის II კვარტალთან შედარებით, საბაზრო საპროცენტო განაკვეთი სესხებზე 0.03%-ული პუნქტით გაიზარდა და 15.7%-ს გაუტოლდა. 2014 წლის III კვარტალთან შედარებით კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები 34.2%-ით გაიზარდა. 2015 წლის III კვარტალის ბოლოს დოლარში გამოსახულმა ანაბრებმა მთლიანი ანაბრების 66.5% შეადგინა.
• სოციალური და შრომის ბაზრის ინდიკატორებიდან, 2014 წელს წინა წელთან შედარებით, უმუშევრობის დონე 2.2%-ული პუნქტით შემცირდა და 12.4% შეადგინა. 2015 წლის III კვარტალში განათლებაზე გაწეული ხარჯები მცირედით (0.4%-ით) შემცირდა, ხოლო ჯანდაცვაზე 37%-ით გაიზარდა გასული წლის იმავე კვარტალთან შედარებით. თუმცა, ფარდობითი საბიუჯეტო დანახარჯები ჯანდაცვაზე (მშპ-ის 2.2%) და განათლებაზე (მშპ-ის 2.5%) დაბალია, ვიდრე OECD-ის ქვეყნებში, სადაც აღნიშნული მაჩვენებლები მშპ-ის 9.3%-სა და 5.3%-ის უტოლდება.




