საქართველოს პარლამენტში წარდგენილი ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ დოკუმენტის შესაბამისი ინფორმაციის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი დამოუკიდებელ მაკროეკონომიკურ პროგნოზებს აქვეყნებს.
ძირითადი ინდიკატორების საპროგნოზო მაჩვენებლების დინამიკა შემდეგია:
- პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.8%-ით შემცირდება, ხოლო 2021-2024 წლებისათვის საშუალო ზრდა 5.5%-ს უტოლდება. მშპ-ის რეალური ზრდის პროგნოზი 2020 წლისთვის (-4.8%) 0.8 პროცენტული პუნქტით (პპ) ჩამორჩება ეკონომიკური ზრდის მთავრობის პროგნოზს (-4.0%) და განსხვავდება (9.5 პპ-ით ჩამორჩება) საბიუჯეტო ოფისის მიერ 2019 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული საპროგნოზო მაჩვენებლისაგან. მსოფლიოში მიმდინარე კორონა ვირუსით (Covid-19) გამოწვეულმა უარყოფითმა შედეგებმა გლობალური მასშტაბი შეიძინა და თითქმის ყველა ქვეყანაზე, მათ შორის საქართველოზეც, მოახდინა გავლენა. გაზრდილი გაურკვევლობის ფონზე პროგნოზირებისათვის აუცილებელია პანდემიასთან დაკავშირებული გარკვეული დაშვებების არსებობა, რომელთა ცვლილებამაც შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს პროგნოზის სიზუსტეზე. საბიუჯეტო ოფისის აღნიშნული პროგნოზი ემყარება დაშვებას, რომ საქართველოში ვირუსის გავრცელების პიკი არის 2020 წლის მეორე კვარტალში, ხოლო მესამე კვარტლიდან საქართველოს ეკონომიკა, დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით სწრაფად დაიწყებს აღდგენას. დაშვებისას ასევე მხედველობაშია მიღებული, როგორც ქვეყნის შიდა ეკონომიკური აქტივობა, ასევე - საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებები და პროგნოზი.
- პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2020 წლისათვის ნაერთი ბიუჯეტის მთლიანი სალდოს (GFSM 2001) მოსალოდნელი მოცულობა მშპ-ს -9.4%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი 1.2%-ული პუნქტით ნაკლებია მთავრობის მიერ წარმოდგენილ შესაბამის მაჩვენებლებზე (-8.2%), როგორც ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების, ასევე მთლიანი შიდა პროდუქტის განსხვავებული საპროგნოზო მაჩვენებლების გავლენით. აქვე ხაზგასასმელია, რომ, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილთან დაკავშირებით, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზი ეყრდნობა ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ დოკუმენტში მთავრობის მიერ განსაზღვრულ ფისკალურ გეგმას საშუალოვადიანი პერიოდისათვის.
- პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2020 წლისთვის საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის მოსალოდნელი დეფიციტი მშპ-ის 5.5%-ია, ხოლო მთავრობის საპროგნოზო მაჩვენებელი მშპ-ის 11.6%-ს შეადგენს. საბიუჯეტო ოფისის შეფასებით მიმდინარე ანგარიშის ბალანსი საშუალოვადიან პერიოდში უმნიშვნელოდ გაუარესდება და საშუალოდ მშპ-ს -6%-ის ფარგლებში ჩამოყალიბდება, ხოლო მთავრობის პროგნოზის მიხედვით დეფიციტი მუდმივად კლების ტენდენციით ხასიათდება.
დეტალურად იხ. სრული დოკუმენტი.




