Print this page

წლიური მაკროეკონომიკური პროგნოზები - ნოემბერი 2021

საქართველოს პარლამენტში წარდგენილი "საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტის შესაბამისი თანდართული ინფორმაციის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი დამოუკიდებელ მაკროეკონომიკურ პროგნოზებს აქვეყნებს. პროგნოზი მოიცავს როგორც საბაზისო, ისე ოპტიმისტურ და პესიმისტურ სცენარებს.

ძირითადი ინდიკატორების საპროგნოზო მაჩვენებლების დინამიკა შემდეგია:
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.6%-ით გაიზრდება. მშპ-ის რეალური ზრდის პროგნოზი 2022 წლისთვის (5.6%) 0.4 პროცენტული პუნქტით (პპ) ჩამორჩება ეკონომიკური ზრდის მთავრობის პროგნოზს (6.0%). აღნიშნული პროგნოზი უცვლელია ოქტომბრის თვეში გამოქვეყნებული საპროგნოზო მაჩვენებლისგან (5.6%), რომლითაც ითვალისწინებდა მიმდინარე წლის მაღალ ეკონომიკური ზრდას, ხოლო ბოლო ერთი თვის განმავლობაში ხელმისაწვდომი დამატებითი ინფორმაცია შესაბამისობაშია წინა პროგნოზის დროს გაკეთებულ დაშვებებთან და არ იძლევა დამატებითი ცვლილებების საფუძველს. როგორც ცნობილია, მსოფლიოში მიმდინარე კორონა ვირუსით (Covid-19) გამოწვეულმა უარყოფითმა შედეგებმა თითქმის ყველა ქვეყანაზე, მათ შორის საქართველოზეც მოახდინა გავლენა, შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა 2020 წელს (-6.2%). თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა 2021 წლის II კვარტლიდან, რაც ძირითადად განპირობებულია 2020 წლის COVID 19-ის პანდემიით გამოწვეული მაღალი კლების გამო არსებული ე.წ. საბაზისო ეფექტით და შეზღუდვების შემსუბუქება/გაუქმების ფონზე, როგორც მოთხოვნის, ისე მიწოდების ზრდით, რაც ასევე, გავლენას ახდენს 2022 წლის საპროგნოზო მაჩვენებელზე. ვაქცინაციის პროცესის და სხვადასხვა ტიპის შეზღუდვების შერბილების/გაუქმების პარალელურად, ასევე მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობის ტემპის გამოცოცხლებაც. ოქტომბრის პროგნოზთან შედარებით, აღნიშნული პროგნოზი მიმდინარე პერიოდისთვის ხელმისაწვდომ დამატებით ინფორმაციას ითვალისწინებს, რაც ასახული იქნა ოფისის მიერ სცენარების საპროგნოზო მაჩვენებლებში. საბიუჯეტო ოფისის მიერ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი განპირობებულია მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მოსალოდნელზე მნიშვნელოვნად უკეთესი განვითარების ტენდენციის არსებობით მიმდინარე პერიოდისთვის. 2021 წლის მეორე და მესამე კვარტლებში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდა, ასევე საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები, მიუთითებს ეკონომიკური საქმიანობის თანდათანობით აღდგენაზე. 2022 წლის შეფასებისას, პროგნოზირებისათვის ფუნდამენტური ეკონომიკური მოვლენების ანალიზთან ერთად, კვლავ აუცილებელია პანდემიასთან დაკავშირებული გარკვეული დაშვებების არსებობა, რომელთა ცვლილებამაც შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს პროგნოზის სიზუსტეზე. საბიუჯეტო ოფისის აღნიშნული პროგნოზი ემყარება დაშვებას, რომ საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუმჯობესდება 2022 წლის პირველი კვარტლიდან, ქვეყანაში მწვანე პასპორტის კონცეფციის ამოქმედება გაზრდის ვაქცინაციის მაჩვენებლებს, რაც ამავდროულად ვირუსის გავრცელების ტემპის შემცირებას შეუწყობს ხელს, აღარ მოხდება ქვეყანაში შეზღუდვების დაწესება და ჩაკეტვა, რაც ხელს შეუწყობს საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ნაწილობრივ აღდგენას. დაშვებისას ასევე მხედველობაშია მიღებული, როგორც ქვეყნის შიდა ეკონომიკური აქტივობა, ასევე - საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებები და პროგნოზი. კერძოდ:
• მოსალოდნელია, რომ პანდემიასთან ადაპტირების პარალელურად, 2022 წლისათვის მნიშვნელოვნად გამოცოცხლდება ტურისტული სექტორიც 2021 წელთან შედარებით, გაიზრდება როგორც მომსახურების ექსპორტი, ისე იმპორტი.

• ინფლაციის ტემპის გაზრდის საპასუხოდ ეროვნულმა ბანკმა 2021 წლის აგვისტოდან გაზარდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, რომელმაც აგვისტოს დასაწყისიდან 10% შეადგინა. აღნიშნული განაკვეთი საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის 2021 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით უცვლელი დარჩა. საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2022 წლის პირველ ნახევარში ინფლაციას კლების ტემპი ექნება, ხოლო მეორე ნახევრიდან მიზნობრივ მაჩვენებელს (3%) მიუახლოვდება, რასაც ამავე პერიოდიდან პოლიტიკის განაკვეთის შემცირება შეიძლება მოჰყვეს. აღსანიშნავია ისიც, რომ 2021-2022 წლებში საბიუჯეტო ოფისის პროგნოზი ინფლაციის მაჩვენებელთან დაკავშირებით არის უფრო მაღალი მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში გაკეთებულ პროგნოზთან შედარებით, რაც განპირობებულია ბოლო თვეების განმავლობაში დაფიქსირებული ინფლაციის მაღალი ზრდის ტემპებით.

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2022 წლისთვის ნაერთი ბიუჯეტის მთლიანი სალდოს (GFSM 2014) მშპ-სთან მოსალოდნელი ფარდობა -4.4%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი 0.1%-ული პუნქტით მეტია მთავრობის მიერ წარმოდგენილ შესაბამის მაჩვენებლებზე (-4.3%), როგორც ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების, ასევე მთლიანი შიდა პროდუქტის განსხვავებული საპროგნოზო მაჩვენებლების გავლენით. აქვე ხაზგასასმელია, რომ, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილთან დაკავშირებით, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზები ეყრდნობა ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით განსაზღვრულ მთავრობის საშუალოვადიან პროგნოზებს.
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2022 წლისთვის საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის მოსალოდნელი დეფიციტი მშპ-ის 8.2%-ია, ხოლო მთავრობის საპროგნოზო მაჩვენებელი მშპ-ის 8.1%-ს შეადგენს. საბიუჯეტო ოფისის შეფასებით მიმდინარე ანგარიშის ბალანსი 2022 წლიდან გაუმჯობესებას დაიწყებს და საშუალოდ მშპ-ს -6.8%-ის ფარგლებში ჩამოყალიბდება, მთავრობის პროგნოზის მიხედვითაც დეფიციტი 2022 წლიდან გაუმჯობესდება და საშუალოდ მშპ-ს -6.8%-ის ფარგლებში ჩამოყალიბდება.