Print this page

წლიური მაკროეკონომიკური პროგნოზები - ივნისი 2018

 

საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტში 2018 წლის 1 ივნისს ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაციის წარდგენის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი დამოუკიდებელ მაკროეკონომიკურ პროგნოზებს აქვეყნებს.


ძირითადი ინდიკატორების საპროგნოზო მაჩვენებლების დინამიკა შემდეგია:
•პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, 2018 წლისათვის რეალური მშპ-ს ზრდის საპროგნოზო ტემპი 5.2%-ს შეადგენს, ხოლო 2019-2022 წლებისათვის საშუალო ზრდა 5.8%-ს უტოლდება. მშპ-ს რეალური ზრდის წარმოდგენილი პროგნოზი 2018 წლისათვის (5.2%) 0.7%-ული პუნქტით აღემატება ეკონომიკური ზრდის მთავრობის მიერ წარმოდგენილ პროგნოზს ანალოგიური პერიოდისათვის (4.5%) და 0.3 %-ული პუნქტით აღემატება საბიუჯეტო ოფისის 2017 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ საპროგნოზო მაჩვენებელს. განახლება ძირითადად რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული: 2017 წლის განმავლობაში და ასევე 2018 წლის პირველ ნახევარში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საგარეო ეკონომიკური გარემო და პოზიტიურად შეიცვალა ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. ამავდროულად, 2018 წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის შედარებით მაღალმა მაჩვენებელმა გააუმჯობესა მშპ-ს პოტენციური დონე. აღნიშნულმა ორმა ფაქტორმა ერთობლივად დადებითი გავლენა მოახდინა 2018 წლის ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელზე. აქვე აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური ზრდის საბიუჯეტო ოფისის საპროგნოზო მაჩვენებელი(5.8%) საშუალოვადიანი პერიოდისათვის ითვალისწინებს მთავრობის სტრატეგიის მიხედვით საშუალოვადიან პერიოდში არაფინანსური აქტივების (ე.წ. კაპიტალური ხარჯები) მნიშვნელოვან საპროგნოზო/დაგეგმილ ზრდას, რომლის ფაქტობრივმა დინამიკამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს საბიუჯეტო ოფისის საპროგნოზო მაჩვენებლების ფაქტობრივ რეალიზებაზე.
•პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2018 წლისათვის მიმდინარე ანგარიშის მოსალოდნელი დეფიციტი მშპ-ის 8%-ს, ხოლო მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანალოგიური მაჩვენებელი მშპ-ის 8.1%-ს შეადგენს. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის წარმოდგენილი პროგნოზი 2018 წლისათვის ნაკლებია 2017 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული საპროგნოზო მაჩვენებლისაგან, რაც განპირობებულია 2018 წლის განვლილი პერიოდის განმავლობაში საგარეო მაჩვენებლების შემდგომი გაუმჯობესებით, ასევე - შიდა დანაზოგების საპროგნოზო მაჩვენებლების ზრდით.
•პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2018 წლისათვის ნაერთი ბიუჯეტის მთლიანი სალდოს (GFSM 2001) მოსალოდნელი მოცულობა მშპ-ს -0.4%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი 1%-ული პუნქტით განსხვავდება ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით (BDD) განსაზღვრული მაჩვენებლისაგან (-1.4%), როგორც ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების, ასევე მთლიანი შიდა პროდუქტის განსხვავებული საპროგნოზო მაჩვენებლების გავლენით. აქვე ხაზგასასმელია, რომ როგორც უკვე აღინიშნა, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილთან დაკავშირებით, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზების საბაზისო სცენარი ეყრდნობა ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტში მთავრობის მიერ განსაზღვრულ ფისკალურ გეგმას საშუალოვადიანი პერიოდისათვის.


დეტალურად სხვა ეკონომიკური პარამეტრების განახლებული პროგნოზების შესახებ იხილეთ სრული დოკუმენტი.