პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.
2017 წლის თებერვალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეალური მშპ-ის ზრდის ტემპმა 4.4% შეადგინა. აღნიშნულ ზრდაზე, დღგ-ს მოცულობის ბრუნვების მიხედვით, დადებითი გავლენა განსაკუთრებით ვაჭრობას, საფინანსო საქმიანობას და მრეწველობას ჰქონდა. 2017 წლის იანვარ-თებერვალში კი მშპ-ის საშუალო რეალური ზრდა 4.8%-ით განისაზღვრა. რაც შეეხება ინფლაციას, 2017 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 5.4% შეადგინა, ხოლო მშპ-ის დეფლატორი 2017 წლის თებერვალში 4.9%-ს გაუტოლდა. საგარეო ვაჭრობის მიხედვით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2017 წლის იანვარ-თებერვალში ექსპორტი 27%-ით, ხოლო იმპორტი 15%-ით გაიზარდა. ამ პერიოდში სავაჭრო ბალანსის დეფიციტმა 9.6%-ით მოიმატა. 2017 წლის თებერვალში, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უცხოეთიდან გადმორიცხულმა ფულადმა გზავნილებმა 17.9%-ით მოიმატა. ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 2017 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 15.3%-ით გაიზარდა და 2,833 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.




