პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური ბიულეტენი” ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.
2016 წლის ოქტომბერში რეალური მშპ-ის ზრდის ტემპმა 1.3% შეადგინა. აღნიშნულ ზრდაზე, დღგ-ს მოცულობის ბრუნვების მიხედვით, დეკონომიკურ ზრდაზე დადებითი გავლენა განსაკუთრებით ვაჭრობას (1.0%), უძრავი ქონებით ოპერაციებს (0.9%), საფინანსო საქმიანობას (0.7%), ელექტროენერგიის წარმოება-განაწილებას (0.6%) ჰქონდა. რაც შეეხება ინფლაციას, 2016 წლის ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 0.2% შეადგინა, ხოლო მშპ-ის დეფლატორი 2016 წლის ოქტომბერში 0.1%-ს გაუტოლდა. საგარეო ვაჭრობის მიხედვით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2016 წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი 7%-ით, ხოლო იმპორტი 2%-ით შემცირდა (C ჰეპატიტის სამკურნალო საშუალებების გარეშე). ამ პერიოდში სავაჭრო ბალანსის დეფიციტი 12.9%-ით გაიზარდა. 2016 წლის ოქტომბერში, 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უცხოეთიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები 14%-ით გაიზარდა. ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 2016 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 12.1%-ით გაიზარდა და 2,777 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.




