პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური ბიულეტენი" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.
2016 წლის აგვისტოში რეალური მშპ-ის ზრდის ტემპმა 2.9% შეადგინა. აღნიშნულ ზრდაზე, დღგ-ს მოცულობის ბრუნვების მიხედვით, დადებითი გავლენა განსაკუთრებით ვაჭრობას (1.1%), ტრანსპორტს (0.7%) და ელექტროენერგიისა და წყლის წარმოება-განაწილებას (0.7%) ჰქონდა. რაც შეეხება ინფლაციას, 2016 წლის სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 0.1% შეადგინა, ხოლო მშპ-ის დეფლატორი 2016 წლის აგვისტოში -1.6%-ს გაუტოლდა. საგარეო ვაჭრობის მიხედვით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2016 წლის იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 10%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი მკვეთრად - 23%-ით გაიზარდა (C ჰეპატიტის სამკურნალო საშუალებების გარეშე იმპორტი 4%-ით შემცირდა). აღნიშნულის გამო, ამ პერიოდში სავაჭრო ბალანსის დეფიციტმა 37%-ით მოიმატა. 2016 წლის იანვარ-აგვისტოში, 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უცხოეთიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები 2.4%-ით გაიზარდა, 2016 წლის აგვისტოს თვეში კი, წინა წლის აგვისტოსთან შედარებით, მისმა ოდენობამ 25.3%-ით მოიმატა. ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 2016 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 16.0%-ით გაიზარდა და 2,858 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.




