პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური ბიულეტენი" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.
2015 წლის იანვარ-ოქტომბერში საშუალო წლიურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2.8% შეადგინა. აღნიშნულ ზრდაზე, დღგ-ს მოცულობის ბრუნვების მიხედვით, ყველა დარგს დადებითი გავლენა ჰქონდა. რაც შეეხება ინფლაციას, 2015 წლის ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 6.3% შეადგინა. მშპ-ის დეფლატორი კი 2015 წლის ოქტომბერში 6.9%-ს გაუტოლდა. საგარეო ვაჭრობის მიხედვით, 2015 წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი 24%-ით, ხოლო იმპორტი 10%-ით შემცირდა. აღნიშნულ პერიოდში სავაჭრო ბალანსის დეფიციტი 2.7%-ით შემცირდა. ასევე კლების ტენდენცია გამოვლინდა ფულად გზავნილებსა და ოფიციალურ საერთაშორისო რეზერვებში, კერძოდ, 2015 წლის იანვარ-ოქტომბერში უცხოეთიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები 27%-ით შემცირდა 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 2015 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.9%-ით შემცირდა და 2,479 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.




