პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური ბიულეტენი" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.
2015 წლის იანვარ-სექტემბერში საშუალო წლიურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2.7% შეადგინა. აღნიშნულ ზრდაზე, დღგ-ს მოცულობის ბრუნვების მიხედვით, ყველა დარგს დადებითი გავლენა ჰქონდა მრეწველობის დარგის გარდა. რაც შეეხება ინფლაციას, 2015 წლის ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 5.8% შეადგინა. მშპ-ის დეფლატორი კი 2015 წლის სექტემბერში 6.7%-ს გაუტოლდა. საგარეო ვაჭრობის მიხედვით, 2015 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტი 24%-ით, ხოლო იმპორტი 9%-ით შემცირდა. აღნიშნულ პერიოდში სავაჭრო ბალანსის დეფიციტი 1.3%-ით შემცირდა. ასევე შემცირების ტენდენცია გამოვლინდა ფულად გზავნილებსა და ოფიციალურ საერთაშორისო რეზერვებში, კერძოდ, 2015 წლის იანვარ-სექტემბერში უცხოეთიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები 27%-ით შემცირდა 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 2015 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.0%-ით შემცირდა და 2,449 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.




