2016 წლის ბიუჯეტის კანონით შემოსულობების და გადასახდელების წლიური გეგმა განისაზღვრა 10,145 მლნ ლარის დონეზე. რაც შეეხება შესრულებას, 2016 წლის 10 თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები წლიური გეგმის 80%-ს შეადგენს და გასული წლის მაჩვენებელს 1%-ით (111 მლნ ლარით) აღემატება, ხოლო გადასახდელების მაჩვენებელი წლიური გეგმის 82%-ს შეადგენს და გასული წლის მაჩვენებელს 8%-ით (580 მლნ ლარით) აღემატება.
შემოსულობების კომპონენტების დონეზე, დაბალი შესრულების მაჩვენებელი ფინანსური აქტივების კლების მუხლით შემოსულობებისათვის ვლინდება (წლიური გეგმის 58%). გადასახდელების კომპონენტების დონეზე, სხვა კომპონენტებთან შედარებით დაბალი შესრულების მაჩვენებელი არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გადასახდელებისათვის ვლინდება (წლიური გეგმის 69%). 2016 წლის 12 თვის გეგმის მიხედვით საგადასახადო შემოსავლები განსაზღვრულია 7,980 მლნ ლარის დონეზე, ხოლო იანვარ-ოქტომბერში მობილიზებულია 6,579 მლნ ლარი, რაც დაგეგმილი სიდიდის 82%-ს შეადგენს, ხოლო გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 385 მლნ ლარით (6%-ით) აღემატება. საანგარიშო პერიოდში, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების შესრულებამ წლიური გეგმის 83%-ს გაუტოლდა დაგასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდამ 521 მლნ ლარი შეადგინა. აღნიშნული ზრდა ძირითადად უკავშირდება სოციალური უზრუნველყოფის მუხლით (269 მლნ ლარით) და საქონლისა და მომსახურების მუხლით (181 მლნ ლარით) ხარჯების ზრდას, გასული წლის ამავე პერიოდის შესრულებასთან შედარებით.




