შემაჯამებელი მიმოხილვა
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობა აგრეგატულ დონეზე
• აგრეგატულ დონეზე სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობა მასშტაბურ გადახრებს არ ავლენს, კერძოდ: შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი საწყისი კვარტალური გეგმის 99.5%-ს, ხოლო გადასახდელებისათვის- 91.6%-ს შეადგენს, რაც მისაღებ ტენდენციად შეიძლება ჩაითვალოს. ამასთან, ნომინალურ გამოსახულებაში მიმდინარე წლის 9 თვის მდგომარეობით სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების მაჩვენებლები აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს, შემოსულობების ყველა კომპონენტისათვის.
• შემოსულობების კომპონენტებთან დაკავშირებით, წლიურ გეგმასთან მიმართებაში შესრულების მაღალი ტენდენციით ხასიათდება არაფინანსური(პრივატიზება) და ფინანსური აქტივების კლების(სესხების დაფარვიდან მიღებული სახსრები) სახით მიღებული შემოსულობები. დაბალი შესრულების ტენდენცია ვლინდება ვალდებულებების ზრდის კომპონენტისათვის, რაც ძირითადად საგარეო ვალდებულებების ზრდის დინამიკას უკავშირდება.
სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები
• სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ჯამური მაჩვენებელი ძირითადად შესაბამისობაშია კვარტალური გეგმით განსაზღვრულ მაჩვენებლებთან, თუმცა კომპონენტების დონეზე, საგადასახადო შემოსავლებისა და გრანტებისაგან განსხვავებით, შესრულების შედარებით დაბალი ტენდენციით ხასიათდება სხვა შემოსავლების კომპონენტი.
• საგადასახადო შემოსავლებთან დაკავშირებით, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პირველადი გაანგარიშებით, მოსალოდნელია საგადასახადო შემოსავლების ჯამური მაჩვენებლის შესრულების გადაჭარბება წლიური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრულ გეგმურ მაჩვენებელთან მიმართებაში, თუმცა გადასახადების სხვა ტიპებისაგან განსხვავებით, შესაძლოა გართულდეს მოგების გადასახადის სახით მისაღები შემოსავლების წლიური გეგმის შესრულება.
• სხვა შემოსავლების ცალკეული კომპონენტებიდან, შედარებით დაბალი შესრულების ტენდენციით ხასიათდება შემოსავლები საკუთრებიდან, ძირითადად დივიდენდების მუხლით შემოსავლების დაბალი შესრულების ტენდენციის გავლენით. კერძოდ, დივიდენდების მუხლით შემოსავლები 2014 წლის 9 თვის მდგომარეობით მხოლოდ 147.5 ათას ლარს და წლიური გეგმის (55 მლნლარი) მხოლოდ 0.3%-ს შეადგენს. მთავრობის ანგარიშის მიხედვით, აღნიშნული შესრულების ტენდენცია უკავშირდება მთავრობსი მიდგომას წმინდა მოგების საწარმოთა განკარგვაში დატოვების შესახებ, თუმცა 2014 წელს არ ჩატარებულა სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების მიზნით შექმნილი კომისიის სხდომა, რომელსაც უნდა მიეღო გადაწყვეტილება წმინდა მოგების განაწილების და ბიუჯეტში მისამართი სახსრების შესახებ.
სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები
• სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებთან მიმართებაში, თუ დავუშვებთ, რომ 2014 წლის ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული გადასახდელების გეგმური მაჩვენებლები შესრულდება, მაშინ 2014 წლის ბოლო 3 თვის განმავლობაში გადასახდელების საშუალო თვიური მაჩვენებელი დაახლოებით 279 მლნ ლარით(1.4-ჯერ) უნდა აღემატებოდეს ათვისების საშუალო თვიურ მაჩვენებელს წლის პირველი 9 თვის განმავლობაში. აღნიშნული ტენდენცია განსაკუთრებით მასშტაბურად ვლინდება არაფინანსური აქტივების ზრდის(ე.წ. კაპიტალური ხარჯები) მუხლით გადასახდელებისათვის.
• 2014 წლის 9 თვის მდგომარეობით ათვისების შედარებით დაბალი ტენდენციით ხასიათდება არაფინანსური აქტივების ზრდის (ე.წ. კაპიტალური ხარჯები) მუხლით სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები, რომელთა შესრულება წლიური გეგმის 55%-ს შეადგენს შესაბამისად, ხოლო 9 თვის გეგმასთან მიმართებაში, 72%-ს შეადგენს.
• გადასახდელების ანალიზისას საყურადღებოა შრომის ანაზღაურების მუხლით გადასახდელების სტრუქტურა - 2014 წლის მესამე კვარტალში შრომის ანაზღაურების მუხლით ხარჯების სტრუქტურა განსხვავდება 2014 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში არსებული ტენდენციისაგან. კერძოდ, ბოლო თვეების განმავლობაში შემცირებულია პრემიის წილი შრომის ანაზღაურებით მუხლით ხარჯებში, თუმცა საწინააღმდეგო ტენდენციას ავლენს დანამატის სახით გაცემული შრომის ანაზღაურების მაჩვენებელი.
• სახელმწიფო ბიუჯეტის საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებთან დაკავშირებით, 2014 წლის განმავლობაში მთავრობის სარეზერვო ფონდის გეგმური მოცულობა(50 მლნ ლარი) მხარჯავი დაწესებულებების ასიგნებებიდან სახსრების გადანაწილების საფუძველზე გაიზარდა 11 მლნ ლარით და 2014 წლის 9 თვის მდგომარეობით, ნორმატიული აქტებით გამოყოფილმა სახსრებმა 59 მლნ ლარი, ხოლო საკასო შესრულებამ 30 მლნ ლარი შეადგინა. ამასთან, გასული წლების მსგავსად ვლინდება სარეზერვო ფონდიდან სახსრების გამოყოფის ტენდენცია მხარჯავ დაწესებულებათა შეუფერხებელი ფუნქციონირების მოტივით, რაც მთავრობის სარეზერვო ფონდის ფუნქციად არ შეიძლება იქნას მიჩნეული.
საშინაო ვალდებულებების დინამიკა
• „2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით, საშინაო ვალდებულებების ზრდა (შემოსულობა საშინაო ფასიანი ქაღალდებიდან, გარდა აქციებისა) 600 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებულ გეგმას 4-ჯერ აღემატება. საშინაო ვალდებულებების ზრდის ფაქტობრივმა შესრულებამ 2014 წლის 9 თვის მდგომარეობით 503.7 მლნ ლარი შეადგინა, აღრიცხვის არსებული სპეციფიკის შესაბამისად, მათ შორის, ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით ბიუჯეტში მიღებულ იქნა 774.2 მლნ ლარი, ხოლო დაფარულ იქნა 275 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სახაზინო ფასიანი ქაღალდები.
საგარეო წყაროებიდან მიღებული დაფინანსება
• საგარეო წყაროებიდან მიღებული გრანტების მოცულობამ 2014 წლის 9 თვის მდგომარეობით 126.1 მლნ ლარი და წლიური გეგმის 88% შეადგინა. აქვე საყურადღებოა, რომ აღნიშნული მაჩვენებელი „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტზე თანდართული ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშის მიხედვით 127 მლნ ლარს შეადგენს, რაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, უკავშირდება იმ ფაქტს, რომ აღნიშნულ მაჩვენებელში ასახულ იქნა საანგარიშო პერიოდში მიღებული მიზნობრივი გრანტების მაჩვენებლებიც. რაც შეეხება კრედიტებს, საგარეო ვალდებულებების ზრდით სახელმწიფო ბიუჯეტში მიღებულმა შემოსულობამ ჯამურად, 519.4 მლნ ლარი და წლიური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული გეგმის მხოლოდ 50.1% შეადგინა.




