შემაჯამებელი მიმოხილვა
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობა აგრეგატულ დონეზე
• სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებთან დაკავშირებით, წლიურ გეგმასთან მიმართებაში შესრულების მაღალი ტენდენციით ხასიათდება ფინანსური აქტივების კლების მუხლით (სესხების დაფარვიდან მიღებული სახსრები) და არაფინანსური აქტივების კლების მუხლით (პრივატიზება) შემოსულობები. დაბალი შესრულების ტენდენცია ვლინდება ვალდებულებების ზრდის მუხლით შემოსულობებისათვის, რაც ძირითადად საგარეო ვალდებულებების დინამიკას უკავშირდება.
• სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებთან მიმართებაში, 2014 წლის 8 თვის მდგომარეობით ათვისების შედარებით დაბალი ტენდენციით ხასიათდება არაფინანსური აქტივების ზრდის(ე.წ. კაპიტალური ხარჯები) და ფინანსური აქტივების ზრდის(აქციებისა და კაპიტალის ზრდა, სესხების გაცემა)მუხლით სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები, რომელთა შესრულება წლიური გეგმის შესაბამისად, 45%-ს და 49%-ს შეადგენს. თუ დავუშვებთ, რომ 2014 წლის ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული გადასახდელების გეგმური მაჩვენებლები შესრულდება, მაშინ 2014 წლის ბოლო 4 თვის განმავლობაში გადასახდელების საშუალო თვიური მაჩვენებელი დაახლოებით 185 მლნ ლარით(1.3-ჯერ) უნდა აღემატებოდეს ათვისების საშუალო თვიურ მაჩვენებელს წლის პირველი 8 თვის განმავლობაში აღნიშნული ტენდენცია განსაკუთრებით მასშტაბურად ვლინდება არაფინანსური და ფინანსური აქტივების კლების მუხლით გადასახდელებისათვის. ათვისების ზემოაღნიშნული ტენდენცია მიანიშნებს მიმდინარე წლის IV კვარტალში გასული წლის მსგავსად, გადასახდელების არსებითი ზრდის ალბათობაზე, რაც, თავის მხრივ, ქმნის წლის დასასრულს რესურსების დაბალეფექტიანი განკარგვის რისკს.
სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები
• სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ჯამური მაჩვენებელი ძირითადად შესაბამისობაშია კვარტალური გეგმით განსაზღვრულ მაჩვენებლებთან, თუმცა კომპონენტების დონეზე საგადასახადო შემოსავლებისა და გრანტებისაგან განსხვავებით, შესრულების შედარებით დაბალი ტენდენციით ხასიათდება სხვა შემოსავლების კომპონენტი.
• სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებთან მიმართებაში, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პირველადი გაანგარიშებით, მოსალოდნელია საგადასახადო შემოსავლების ჯამური მაჩვენებლის შესრულების გადაჭარბება წლიური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული გეგმურ მაჩვენებელთან მიმართებაში, თუმცა გადასახადების სხვა ტიპებისაგან განსხვავებით, შესაძლოა გართულდეს მოგების გადასახადის სახით მისაღები შემოსავლების წლიური გეგმის შესრულება.
• რაც შეეხება სხვა შემოსავლების კომპონენტს, სხვა შემოსავლებიგს ცალკეული მუხლებიდან, შედარებით დაბალი შესრულების ტენდენციით ხასიათდება შემოსავლები საკუთრებიდან, ძირითადად დივიდენდების მუხლით შემოსავლების დაბალი შესრულების ტენდენციის გავლენით. კერძოდ, დივიდენდების მუხლით შემოსავლები 2014 წლის 8 თვის მდგომარეობით მხოლოდ 122.8 ათას ლარს და წლიური გეგმის (55 მლნ ლარი) მხოლოდ 0.2%-ს შეადგენს. საყურადღებოა, რომ 2014 წელს არ ჩატარებულა სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების მიზნით შექმნილი კომისიის სხდომა, ასევე გასული და მიმდინარე წლის განმავლობაში ხარვეზებით ხაიათდებოდა 2013 წლის 22 ივლისს აღნიშნული კომისიის გადაწყვეტილების შესრულებაც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი რიგი საწარმოების 2010-2011 წლების მოგების განაწილების შესახებ.
სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები
• სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების შესრულებასთან მიმართებაში, ცალკეულ მხარჯავ დაწესებულებებსა და პროგრამებში ვლინდება ასიგნებების შედარებით დაბალი ათვისების ტენდენცია, ანგარიშში წარმოდგენილია ის მხარჯავი დაწესებულებები და პროგრამები, რომელთა ათვისება 2014 წლის 8 თვის მდგომარეობით წლიურ გეგმასთან მიმართებაში ნაკლებია 50%-ზე. ამასთან საყურადღებოა, რომ ცალკეულ პროგრამებთან მიმართებაში ასიგნებების ათვისება მისაღებ ტენდენციას ავლენს, თუმცა დაბალი ათვისების ტენდენცია ვლინდება მისის შემადგენელი ცალკეული ქვეპროგრამებისათვის. ანგარიშს დანართად ერთვის დეტალური ინფორმაცია ცალკეული პროგრამებისა და შემადგენელი ქვეპროგრამების ათვისების მდგომარეობის შესახებ 9 თვის გეგმასთან მიმართებაში.
• საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებთან მიმართებაში, საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2014 წლის 8 თვის მდგომარეობით გადარიცხული სახსრები წლიური გეგმის, შესაბამისად, 14%-სა და 52%-ს უტოლდება. რაც შეეხება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდს, 2014 წლის 8 თვის მონაცემებით რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის/სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გადარიცხულმა თანხების ჯამურმა მოცულობამ 143.3 მილიონი ლარი და წლიური გეგმის 47.8% შეადგინა.
საშინაო ვალდებულებების დინამიკა
• „2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით, საშინაო ვალდებულებების ზრდა (შემოსულობა საშინაო ფასიანი ქაღალდებიდან, გარდა აქციებისა) 600 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებულ გეგმას 4-ჯერ აღემატება. საშინაო ვალდებულებების ზრდის ფაქტობრივმა შესრულებამ 2014 წლის 8 თვის მდგომარეობით 484 მლნ ლარი შეადგინა. გასათვალისწინებელია, რომ საშინაო ვალდებულებების ზრდის მუხლი (ფასიანი ქაღალდები, გარდა აქციებისა) განსაზღვრავს სახაზინო ობლიგაციებისა და სახაზინო ვალდებულებების ემისიით მიღებულ არა მთლიან შემოსულობებს, არამედ წმინდა შემოსულობებს წინა წლებში გამოშვებული ვალდებულებების/ობლიგაციების ძირითადი თანხის დაფარვის გამოკლებით. შესაბამისად, 2014 წლის 8 თვის მდგომარეობით ემიტირებულ იქნა 753 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების, ხოლო დაფარულ იქნა 255 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სახაზინო ფასიანი ქაღალდები.
საგარეო წყაროებიდან მიღებული დაფინანსება
• სახაზინო სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით, საგარეო წყაროებიდან მიღებული გრანტების მოცულობამ 2014 წლის 8 თვის მდგომარეობით 97.0 მლნ ლარი და წლიური გეგმის 67.4% შეადგინა. აქვე საყურადღებოა, რომ აღნიშნული მაჩვენებელი „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტზე თანდართული ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშის მიხედვით 127 მლნ ლარს შეადგენს, რაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, უკავშირდება იმ ფაქტს, რომ აღნიშნულ მაჩვენებელში ასახულ იქნა საანგარიშო პერიოდში მიღებული მიზნობრივი გრანტების მაჩვენებლებიც. რაც შეეხება კრედიტებს, საგარეო ვალდებულებების ზრდით სახელმწიფო ბიუჯეტში მიღებულმა შემოსულობამ ჯამურად, 247.3 მლნ ლარი და წლიური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული გეგმის მხოლოდ 23.9% შეადგინა.




