2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წარდგენილი და ნაერთი ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებლები ეყრდნობა ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით (BDD) წარმოდგენილ საბაზისო სცენარს 2017 წლისათვის: ეკონომიკური ზრდა 4%; ინფლაცია 4%; იმპორტის ზრდა (7.1%) და 2016 წლისთვის (განახლებული პროგნოზებით) ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის და იმპორტის ზრდის მოსალოდნელ მაჩვენებლებს, შესაბამისად 2.7%, 2%-ის და 2.1%-ის ოდენობით.
BDD დოკუმენტის საწყისი ვერსიებით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2017 წლისა და საშუალოვადიანი პერიოდისათვის 5.5.%-ს შეადგენდა, პირველი წარდგენის BDD დოკუმენტით, რომელიც ეკონომიკური ზრდის უფრო კონსერვატული სცენარით გამოირჩეოდა, აღნიშნული მაჩვენებელი 4.0%-ს შეადგენდა და 2020 წლისთვის ეტაპობრივად აღწევდა 5.5 %-იან ნიშნულს. წარმოდგენილი დოკუმენტით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2017 წლისთვის ასევე 4%-ის დონეზეა პროგნოზირებული და 2020 წლისთვის 6.0%-იან ნიშნულს აღწევს.
რაც შეეხება საბაზისო სცენარისაგან განსხვავებულ განვითარებებს, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, საყურადღებოა, რომ ოპტიმისტური სცენარით გათვალისწინებული ფისკალური პოლიტიკის პასუხები, კერძოდ, მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების სტაბილურობის შენარჩუნება ბიუჯეტის დეფიციტის გაუმჯობესებისათვის მოითხოვს მკაცრ ფისკალურ დისციპლინას, რაც შესაძლებელია რთულად განსახორციელებელი იყოს.
2017 წლისათვის ნაერთი ბიუჯეტის ბალანსის (GFSM 2001) მაჩვენებელი შემცირების ტენდენციას ავლენს და მშპ-თან მიმართებაში -1.9%-ს შეადგენს. რაც შეეხება ფისკალური ბალანსის მოცულობას, 2017 წლისათვის ფისკალური ბალანსის მოცულობაც შემცირებულია -4.1% ის დონემდე.
სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 2017 წლისთვის განსაზღვრულია 11,457 მლნ ლარის დონეზე, რაც 2016 წლის გეგმურ მაჩვენებელს აჭარბებს 1,312 მლნ ლარით (13%-ით). აღნიშნული მაჩვენებელი 2016 წლისათვის (გასულ წელთან შედარებით) 255 მლნ ლარს (3%-ს) შეადგენს.
კანონპროექტის გათვალისწინებული შემოსულობების მაჩვენებლის ზრდის წარმოდგენილი ტემპი უკავშირდება ერთი მხრივ, შემოსავლების 934 მლნ ოდენობით (საგადასახადო შემოსავლების 840 მლნ ლარით ზრდის გავლენით) და ვალდებულებების ზრდის მუხლით შემოსულობების 518 მლნ ლარის ოდენობით ზრდას, ხოლო მეორე მხრივ, არაფინანსური აქტივების კლების(მათ შორის, პრივატიზების) წლიური გეგმის 135 მლნ ლარით (60%-ით) შემცირებას. ვალდებულებების ზრდის მუხლით შემოსულობების მაჩვენებლის ზრდა თავის მხრივ ითვალისწინებს საგარეო და საშინაო ვალდებულებების ზრდის მუხლით შემოსულობების ზრდას შესაბამისად, 318 მლნ ლარითა და 200 მლნ ლარით. ფინანსური აქტივების კლების მუხლით შემოსულობები (სესხების დაფარვით მიღებული სახსრები) განსაზღვრულია 85 მლნ ლარის ოდენობით, ამასთან აქვე საყურადღებოა, რომ 2016 წლის 10 თვის მდგომარეობით, აღნიშნული მუხლით შემოსულობების (ფინანსური აქტივების ზრდა) შესრულება წლიური გეგმური მოცულობის მხოლოდ 58%-ს შეადგენს.
რაც შეეხება შემოსავლებს, შემოსავლების (შემოსავლები მოიცავს გადასახადებს, გრანტებსა და სხვა შემოსავლებს) საპროგნოზო სიდიდე 2016 წლის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებულ მაჩვენებელთან შედარებით იზრდება 934 მლნ ლარით და შეადგენს 9,489 მლნ ლარს, ძირითადად საგადასახადო შემოსავლების 840 მლნ ლარის ოდენობით ზრდის გავლენით.
2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტით, სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები განსაზღვრულია 11,415 მლნ ლარის დონეზე და 2016 წლის ბიუჯეტის კანონით განსაზღვრულ გეგმასთან შედარებით გადასახდელების ზრდის ტემპი 13%-ს შეადგენს. გადასახდელების ცალკეულ კომპონენტებთან მიმართებაში, მიმდინარე წლის გეგმურ მაჩვენებლებთან შედარებით გათვალისწინებულია ზრდა გადასახდელების ყველა კომპონენტისთვის. კერძოდ, ხარჯების ზრდის მაჩვენებელი 578 მლნ ლარს (7%-ით), ფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გადასახდელების ზრდის მაჩვენებელი 362 მლნ ლარსა (89%-ს), ხოლო ვალდებულებების კლების მუხლით გადასახდელების ზრდის მაჩვენებელი 82 მლნ ლარს შეადგენს. რაც შეეხება არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გადასახდელებს, აღნიშნული მაჩვენებელის საგეგმო ოდენობა იზრდება 249 მლნ ლარით, 33%-ით). ხარჯების ზრდა ძირითადად უკავშირდება სოციალური უზრუნველყოფის (256 მლნ ლარით, რაც ნაწილობრივ დაკავშირებულია სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისთვის დაგეგმილი ხარჯების ზრდასთან), სუბსიდიების (155 მლნ ლარით) და საქონლისა და მომსახურების მუხლით (107 მლნ ლარით) ხარჯების ზრდას. ასევე გათვალისწინებულია გრანტების (59 მლნ ლარით) მუხლით და საპროცენტო ხარჯებისა (29 მლნ ლარით) და სხვა ხარჯების (20 მლნ ლარით) მუხლით ხარჯების მოცულობა. ამასთან შემცირებულია შრომის ანაზღაურების (50 მლნ ლარით) მუხლით ხარჯები.




