Print this page

„საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მიმოხილვა

სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი აგრეგატები

  • ,,საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის ცვლილებების პროექტი  ეყრდნობა ეკონომიკური გარემოს კორექტირებულ მაჩვენებლებს 2015 წლისთვის.
  • ,,საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების პროექტის მიხედვით აგრეგატულ დონეზე შემოსულობების საპროგნოზო მოცულობა კანონით განსაზღვრულ მაჩვენებელთან შედარებით მცირდება 155.0 მლნ ლარით (1.6%-ით) და შეადგენს 9,745.0 მლნ ლარს (2014 წელთან შედარებით შემოსულობების ზრდის ტემპი 6.4%-ს შეადგენს). რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებს, წარმოდგენილი ცვლილებით გადასახდელების ჯამური მაჩვენებელი იზრდება 30 მლნ ლარით კანონით განსაზღვრულ მაჩვენებელთან შედარებით და  განსაზღვრულია 9,605.0 მლნ ლარის დონეზე (2014 წელთან შედარებით გადასახდელების ზრდის ტემპი 6.6%-ს შეადგენს).
  • კანონპროექტის მიხედვით, შემოსულობების აგრეგატული მაჩვენებლის ცვლილება ითვალისწინებს  როგორც საშინაო წყაროდან, ასევე საგარეო წყაროდან მოზიდული სახსრების კორექტირებას. შემოსულობების კომპონენტებთან დაკავშირებით (სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები მოიცავს ოთხ კომპონენტს: შემოსავლები, არაფინანსური და ფინანსური აქტივების კლება, ვალდებულებების ზრდა), კანონპროექტი ითვალისწინებს შემოსავლების 98 მლნ ლარით ზრდას ძირითადად საგადასახადო შემოსავლების ზრდის გავლენით (120 მლნ ლარით ზრდა). ზრდა გათვალისწინებულია ასევე არაფინანსური აქტივების კლების მიმართულებით (5 მლნ ლარით). ამასთან, შემცირებულია საშინაო და საგარეო ვალდებულებების ზრდის მუხლით შემოსულობები 185.0 მლნ ლარით და 105.0 მლნ ლარით შესაბამისად. შემცირება ასევე გათვალისწინებულია ფინანსური აქტივების კლების მუხლით შემოსულობისთვის (5 მლნ ლარი).
  • პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ, საგადასახადო შემოსავლების 9 თვის მდგომარეობით მობილიზების შესახებ ხაზინის ინფორმაციაზე დაყრდნობით განხორციელდა საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი ექსტრაპოლაციის მეთოდის გამოყენებით. ამ მეთოდზე დაყრდნობით აგრეგატულ დონეზე საგადასახადო შემოსავლების წარმოდგენილი მაჩვენებლის შესრულება მიმდინარე წელს ნაკლებ სავარაუდოა სირთულეებს უკავშირდებოდეს, თუმცა ცალკეული ტიპების მიხედვით შესაძლოა გამოვლინდეს გადახრები ბიუჯეტის კანონის ცვლილების პროექტის გადამუშავებული ვარიანტით განსაზღვრული მაჩვენებლებისაგან.
  • რაც შეეხება გადასახდელების კომპონენტებს (სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები მოიცავს ოთხ კომპონენტს: ხარჯები, არაფინანსური და ფინანსური აქტივების ზრდა, ვალდებულებების კლება), წარმოდგენილი პროექტის მიხედვით შემცირებულია არაფინანსური აქტივების ზრდის (ე.წ. კაპიტალური ხარჯები) მოცულობა 74.6 მლნ ლარით, ხოლო ხარჯები იზრდება 93.9 მლნ ლარით, ფინანსური აქტივების ზრდა კი 10.8 მლნ ლარით. ხარჯების ცალკეულ მუხლებთან დაკავშირებით, კანონით განსაზღვრულ მაჩვენებელთან შედარებით მცირედით შემცირებულია სუბსიდიების და სხვა ხარჯების მუხლების მაჩვენებლები. ამასთან, ხარჯების ზრდის დიდი წილი უკავშირდება სოციალური უზრუნველყოფის მუხლით ხარჯებს (96.0 მლნ ლარით ზრდა), რაც ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით განპირობებულია „ჯანმრთელობის საყოველთაო დაცვის“ პროგრამის შეუფერხებელი განხორციელებისთვის.
  • წლის განმავლობაში მოსალოდნელ დინამიკასთან მიმართებაში, თუ დავუშვებთ, რომ ბიუჯეტის კანონის  პროექტის  ვარიანტით განსაზღვრული გეგმური მაჩვენებლები შესრულდება, მაშინ 2015 წლის 3 თვის განმავლობაში გადასახდელების შესრულების საშუალო მაჩვენებელი დაახლოებით 129.9 მლნ ლარით (1.2-ჯერ) უნდა აღემატებოდეს 9 თვის ათვისების საშუალო მაჩვენებელს, რაც  ნაკლებია ანალოგიურ მაჩვენებელზე გასული წლის შესაბამისი პერიოდისათვის. ამავდროულად, აღნიშნული ტენდენცია კვლავ საყურადღებოა არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გადასახდელებისათვის (მიუხედავად შემცირებისა) და ზემოაღნიშნული ფარდობა 2.0-ს უტოლდება. აღსანიშნავია, რომ არსებული კანონით, არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გადასახდელებისთვის  აღნიშნული მაჩვენებელი 2.6-ს უტოლდება.
  • რაც შეეხება საერთო სახელმწიფოებრივ გადასახდელებს, წარმოდგენილი ცვლილებით გათვალისწინებულია გადასახდელების ზრდა 15.0 მლნ ლარით, ცვლილება ითვალისწინებს მთავრობის სარეზერვო ფონდის ზრდას 15.0 მლნ ლარის ოდენობით.

ძირითადი ფისკალური ინდიკატორები

  • ნაერთი ბიუჯეტის წარმოდგენილი მაჩვენებლებით, 2015 წლისათვის ფისკალური ბალანსის მოსალოდნელი მოცულობა წინა წელთან შედარებით გაუმჯობესების ტენდენციას ავლენს და -2.7%-ს უტოლდება. აქვე საყურადღებოა, რომ 2015 წლის ბიუჯეტის კანონს თანდართული მონაცემებით, ფისკალური ბალანსის მოსალოდნელი მოცულობა მიმდინარე წლისათვის -3.0%-ს უტოლდებოდა.
  • 2015 წლის ბიუჯეტის კანონის ცვლილების პროექტს თანდართული ნაერთი ბიუჯეტით 2015 წლისათვის სტრუქტურული და ციკლურად კორექტირებული ბიუჯეტის დეფიციტის მოსალოდნელი მაჩვენებლები, შესაბამისად 0.1%-ს და 0.4%-ს შეადგენს, ხოლო ჯამური ბიუჯეტის დეფიციტის მოსალოდნელი მოცულობა 0.7%-ს უტოლდება. აქვე აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლისათვის დეფიციტის ზემოაღნიშნული მოსალოდნელი მაჩვენებელები წინა შედარებით გაუმჯობესების ტენდენციას ავლენს.