საქართველოს 2015 წლის ბიუჯეტის კანონპროექტი ძირითადად შესაბამისობაშია ფისკალური პოლიტიკის მთავრობის მიერ განსაზღვრულ ამოცანებთან საშუალოვადიანი პერიოდისათვის. კერძოდ ისევე როგორც პირველი წარდგენისას, პრიორიტეტების მიხედვით მიმდინარე წლის ბიუჯეტის კანონთან შედარებით ნომინალურ გამოსახულებაში დაფინანსების ყველაზე მასშტაბური ზრდა გათვალისწინებულია შემდეგი პრიორიტეტებისათვის: რეგიონალური განვითარება, ინფრასტრუქტურა და ტურიზმი (201.6 მლნ ლარი), ხელმისაწვდომი ხარისხიანი ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა(170 მლნ ლარი), თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (166.6 მლნ ლარი), განათლება, მეცნიერება და პროფესიული მომზადება (141 მლნ ლარი), სოფლის მეურნეობა(72 მლნ ლარი).
სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები
- კანონპროექტის პირველ წარდგენასთან შედარებით, საბაზისო სცენარით გათვალისწინებულ მაკროკონომიკურ დაშვებებს არსებითი ცვლილება არ განუცდია, ამასთან, კანონპროექტზე თანდართულია ინფორმაცია მაკროეკონომიკური ცვლადების საბაზისო სცენარისაგან გადახრების შემთხვევაში ფისკალური აგრეგატების დინამიკის შესახებ, როგორც 2015 წელს ისე საშუალოვადიან პერიოდში, რაც პოზიტიურად უნდა შეფასდეს.
- სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებთან მიმართებაში, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ წარმოდგენილი კანონპროექტით შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი ბიუჯეტის მეორე წარდგენასთან (გადამუშავებულ ვარიანტთან) შედარებით იზრდება 305.0 მლნ ლარით (3.2 %-ით), ძირითადად ვალდებულებების ზრდის მუხლით შემოსულობების 280 მლნ ლარით მატების გავლენით (იმატებს, აგრეთვე, ფინანსური(სესხების დაფარვით მიღებული სახსრები) და არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლებით(პრივატიზება) შემოსულობებიც). შესაბამისად, 2014 წელთან შედარებით შემოსულობების ზრდის მაჩვენებელი 770.0 მლნ ლარსა და 8.5 %-ს შეადგენს.
- წარმოდგენილი კანონპროექტით საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი ბიუჯეტის მეორე წარდგენის დონეზეა განსაზღვრული და შეადგენს 7,600 მლნ ლარს, რაც 2014 წლისათვის ბიუჯეტის კანონით განსაზღვრულ წლიურ მაჩვენებელს 11.4%-ით აღემატება, რაც ნაწილობრივ უკავშირდება აქციზის სახით მისაღები შემოსავლების ზრდას, საგადასახადო კოდექსში ინიცირებული ცვლილების შესაბამისად. თუმცა დაგეგმვის პროცესის რეალისტურად წარმოსადგენად მიზანშეწონილია 2015 წლის წარმოდგენილი მაჩვენებლები განხილულ იქნას არა მხოლოდ 2014 წლის ბიუჯეტის კანონით განსაზღვრულ მაჩვენებლებთან, არამედ მიმდინარე წლის მოსალოდნელ მაჩვენებლებთან მიმართებაში, რომლებიც ითვალისწინებს მიმდინარე წლის 10 თვის მდგომარეობით მობილიზების ტენდენციებს. საბიუჯეტო ოფისის მიერ გასული წლების მობილიზების ტენდენციებსა და ექსტრაპოლაციის მეთოდზე დაყრდნობით გაანგარიშებულ მიმდინარე წლის მოსალოდნელ მაჩვენებელთან შედარებით 2015 წლის საგადასახადო შემოსავლების ჯამური მოცულობა დაახლოებით 9.9%-ით იზრდება, რაც წარმოდგენილი მაკროეკონომიკური სცენარის გათვალისწინებით, რეალისტურად შეიძლება შეფასდეს. თუმცა საყურადღებოა გადასახადების ცალკეული ტიპების მიხედვით შემოსავლების დინამიკა. კანონპროექტით გათვალისწინებულია მოგების გადასახადის 12.6%-ით ზრდა მიმდინარე წლის მოსალოდნელ მაჩვენებელთან შედარებით, რაც გასული წლების გამოცდილებიდან გამომდინარე დამატებით დასაბუთებას საჭიროებს. რაც შეეხება გადასახადების სხვა ტიპებს, საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, გასული და მოსალოდნელი ზრდის ტემპის გათვალისწინებით, შეიძლება მიჩნეულ იქნას, რომ დამატებითი ღირებულების გადასახადისათვის კანონპროექტით წარმოდგენილია მობილიზების კონსერვატული გეგმური მაჩვენებელი.
- საგადასახადო შემოსავლების გეგმური მაჩვენებლების სრულყოფილად შეფასებისათვის ოფიციალურ მაკროეკონომიკურ პროგნოზებზე დაყრდნობით პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ გაანგარიშებულ იქნა სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების დამოუკიდებელი საპროგნოზო მაჩვენებლები. საპროგნოზო მაჩვენებლები მომზადებულ იქნა მიმდინარე 2014 წლის შემოსავლების მობილიზების სამი განსხვავებული სცენარისათვის(დეტალურად, იხ. დასკვნის შესაბამისი ნაწილი). მიმდინარე წლის 10 თვის მობილიზების ტენდენციების გათვალისწინებით გაანგარიშებული 2015 წლის საპროგნოზო მაჩვენებლების შედარება ბიუჯეტის კანონპროექტით წარმოდგენილ მაჩვენებლებთან იმავე ტენდენციებზე მიუთითებს, რაზეც ზემოთმოცემული შეფასებისას იქნა აღნიშნული. კერძოდ, 2015 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების ჯამური საპროგნოზო მოცულობა შეადგენს 7,764 მლნ ლარს, რაც 2015 წლისთვის ბიუჯეტის კანონით განსაზღვრულ წლიურ მაჩვენებელს 0.5%-ით აღემატება. რაც შეეხება გადასახადების ცალკეულ ტიპებს, მოგების გადასახადისათვის გაანგარიშებული საპროგნოზო მაჩვენებლები მცირედით(-2.9%, შესაბამისად) ნაკლებია 2015 წლის ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამის მაჩვენებელზე, თუმცა ამავდროულად, საპროგნოზო მაჩვენებლის შედარება ბიუჯეტის კანონპროექტით განსაზღვრულ მაჩვენებელთან ავლენს, რომ დღგ-სათვის წარმოდგენილია კონსერვატული სცენარი. რაც შეეხება, აქციზის სახით მისაღები შემოსავლების გაანგარიშებას, გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული ეყრდნობა საგადასახადო კოდექსში ინიცირებული ცვლილების გავლენის შეფასებას 110 მლნ ლარის დონეზე და არ ითვალისწინებს შესაბამის პროდუქციაზე ფასების ზრდის გავლენით მოთხოვნის შესაძლო შემცირებას(აღნიშნულთან დაკავშირებით, იხ. საბიუჯეტო ოფისის დასკვნა შესაბამის კანონპროექტზე).
- საგადასახადო შემოსავლების სენსიტიურობასთან დაკავშირებით, საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, ოფიციალური საპროგნოზო მაჩვენებლებისაგან, რეალური მშპ-ს ზრდისა ან ინფლაციის ზრდის მიმართულებით 1%-იანი გადახრის შემთხვევაში(დამოუკიდებლად), ბიუჯეტის წარმოდგენილი გეგმური მაჩვენებლისაგან საგადასახადო შემოსავლების ჯამური მაჩვენებლის საშუალო გადაჭარბება 1.3%-ს უტოლდება, ხოლო 0.5%-იანი გადახრის შემთხვევაში საშუალოდ - 0.9%-ს. რაც შეეხება გადახრებს კლების მიმართულებით, რეალური მშპ-ს ზრდისა ან ინფლაციის კლების მიმართულებით 1%-იანი გადახრის შემთხვევაში, საგადასახადო შემოსავლების ჯამური მაჩვენებელი ბიუჯეტის წარმოდგენილ გეგმური მაჩვენებელზე საშუალოდ 0.4%-0.3%-ით ნაკლებია, ხოლო 0.5%-იანი გადახრის შემთხვევაში დაახლოებით ბიუჯეტით გათვალისწინებულ გეგმას უტოლდება (0%-0.1%). ამასთან, იმ შემთხვევის დროს, როდესაც ადგილი აქვს რეალური მშპ-ს ზრდის ტემპისა და ინფლაციის ერთობლივ უარყოფით გადახრას 1%-ით, პროგნოზი გეგმურ მაჩვენებელზე ნაკლებია 1.2%-ით. ზემოაღნიშნული და ანალიზის შედეგების შედარება პირველი და მეორე წარდგენით გათვალისწინებულ მაჩვენებლებთან მიანიშნებს, რომ კანონის პროექტის მესამე წარდგენით წინა წარდგენებთან შედარებით, წარმოდგენილია საგადასახადო შემოსავლების ჯამური მაჩვენებლის ნაკლებად კონსერვატული(უფრო რეალისტური) გეგმა(დეტალურად გადასახადების ტიპების სენსიტიურობის შესახებ მაკროცვლადების გადახრების მიმართ, იხ. დასკვნის შესაბამისი ნაწილი და დანართი 2).
- წარმოდგენილი კანონპროექტით, სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი მეორე წარდგენის დონეზე, 275.0 მლნ ლარის ოდენობით არის განსაზღვრული ანუ მიმდინარე წლის ბიუჯეტის კანონის გეგმურ მაჩვენებელთან შედარებით მცირდება 80.0 მლნ ლარით, რაც ძირითადად საკუთრებიდან შემოსავლების(დივიდენდების) და სანქციებისა და ჯარიმების მუხლით შემოსავლების შემცირებას უკავშირდება. ამასთან, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წლის მობილიზების არსებული ტენდენცია და წარმოდგენილი გეგმური მაჩვენებელი უკავშირდება მთავრობის მიდგომას, მოახდინოს წმინდა მოგების საწარმოთა განკარგვაში დატოვება რეინვესტირებისათვის.
სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები
- სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილთან დაკავშირებით, წარმოდგენილი კანონპროექტით პირველ წარდგენასთან შედარებით კორექტირებულია როგორც გადასახდელების ჯამური მოცულობა, ისე მისი ცალკეული კომპონენტები. კერძოდ, წარმოდგენილი კანონპროექტით, მეორე წარდგენასთან შედარებით გადასახდელების ჯამური მოცულობა გაზრდილია 55 მლნ ლარით, ძირითადად ფინანსური აქტივების ზრდისა და ვალდებულებების კლების მუხლით გადასახდელების ზრდის გავლენით. 2014 წლის ბიუჯეტის კანონით განსაზღვრულ წლიურ გეგმასთან შედარებით, გადასახდელების ჯამური მოცულობის ზრდის ტემპი შეადგენს 5.5%-ის დონეზე, 495 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის გათვალისწინებულია ხარჯებისა(მიმდინარე ხარჯები) არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გადასახდელების(კაპიტალური ხარჯები) ზრდა შესაბამისად, 6%-ითა და 16%-ით. რაც შეეხება ფინანსური აქტივების ზრდას(სესხების გაცემა და აქციების/წილის ზრდა) გათვალისწინებულია აღნიშნული მუხლით გადასახდელების ზრდა 89 მლნ ლარით. ასიგნებების დინამიკას მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით წარმოდგენილია დანართის სახით.
- რაც შეეხება საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებს, მეორე წარდგენასთან შედარებით მათ მოცულობას არსებითი ცვლილება არ განუცდია. ძირითადი ცვლილება უკავშირდება საგარეო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვის სახსრების მატებას 15 მლნ ლარით, გაცვლითი კურსის ცვლილების გავლენით. მიმდინარე წელთან შედარებით საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების შემცირების ტენდენცია ძირითადად დაკავშირებულია საგარეო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვის პროგრამის 160 მლნ ლარის ოდენობით შემცირებასთან. თუმცა საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების გეგმური მაჩვენებლების ანალიზისას გასათვალისწინებელია, რომ არსებული კანონმდებლობით წლის განმავლობაში საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახდელების პროგრამებს შორის სახსრების განაწილებაზე %-ული ლიმიტი განსაზღვრული არ არის.
სახელმწიფო ბიუჯეტის ვალდებულებების დინამიკა
- საგარეო ვალდებულებებთან მიმართებაში, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის საბოლოო ვარიანტის მიხედვით, საგარეო ვალდებულებების ზრდა განსაზღვრულია 1,010 მლნ ლარის დონეზე, რაც გადამუშავებული ვარიანტით განსაზღვრულ ანალოგიურ მაჩვენებელზე 80 მლნ ლარით (8.6 %) მეტია. ანალოგიურად წინა წარდგენასთან შედარებით, 10 მლნ ლარით არის გაზრდილი საგარეო ვალდებულებების კლება, რაც დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ 2015 წლის ბიუჯეტის კანონის საბოლოო ვარიანტით, სახელმწიფო ვალის კომპონენტი გაანგარიშებულია ახალი გაცვლითი კურსის (1 აშშ დოლარი=1.80 ლარი) მიხედვით და ვალდებულებების დაფარვის ნაწილში აღნიშნული ცვლილება უკავშირდება გაცვლითი კურსის კორექტირებას.
- რაც შეეხება საშინაო ვალდებულებების დინამიკას, საშინაო ვალდებულებების ზრდის (ფასიანი ქაღალდები, გარდა აქციებისა) მუხლით შემოსულობები მეორე წარდგენასთან შედარებით გაზრდილია 200 მლნ ლარით და განსაზღვრულია მიმდინარე წლის ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებული მაჩვენებლის - 600 მლნ ლარის დონეზე. აღნიშნული უკავშირდება იმ ფაქტს, რომ კანონპროექტის საბოლოო ვარიანტით, წინა წარდგენებისაგან განსახვავებით, გათვალისწინებულია ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფის ხელშეწყობის მექანიზმისათვის 200 მლნ ლარის ოდენობით სახაზინო ობლიგაციებისა და ვალდებულებების გამოყენება.
- წარმოდგენილი კანონპროექტით. მშპ-ს საპროგნოზო მაჩვენებლებთან მიმართებაში ვალის კოეფიციენტი 34.7%-იდან 37.2%-მდე იზრდება, თუმცა მცირედით იცვლება სახელმწიფო ვალის სტრუქტურა, კერძოდ, მცირდება სახელმწიფო საგარეო ვალის და შესაბამისად იზრდება საშინაო ვალის %-ული წილი სახელმწიფო ვალის პორტფელში. აქვე მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტს თან ერთვის მთავრობის ვალის მდგრადობის ანალიზი, რომელიც ასახავს ვალის დინამიკას საშუალოვადიან პერიოდში ძირითადი მოქმედი ცვლადების საბაზისო სცენარისაგან გადახრის შემთხვევაში(დეტალურად აღნიშნულ საკითხზე იხ. დასკვნის შესაბამისი ნაწილი).




