პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისა და GIZ-ის ერთობლივი პრეზენტაცია
Print this page

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისა და GIZ-ის ერთობლივი პრეზენტაცია

დღეს, საქართველოს პარლამენტის კინოდარბაზში პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისა და GIZ-ის (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) ერთობლივი პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე მოწვეულთ მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა მიმართა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ორი წლის წინ საბიუჯეტო, ფისკალურ და ფინანსურ საკითხებზე პარლამენტის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდა პრიორიტეტად გამოცხადდა და ამ მიმართულებით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი და პარლამენტის წევრები აქტიურად მუშაობენ, ეს ყველაფერი არ არის საკმარისი იმ სტანდარტების სახელისუფლებო სისტემის ჩამოყალიბებისთვის, რომლის ამბიციაც საქართველოს გაჩნია. „ხმამაღლა გამოავლინდა ეს ამბიცია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმების შემდეგ. ეს შეთანხმება ძალიან ბევრი მიმართულებით ძალიან სერიოზული სამუშოების ჩატარებას მოითხოვს. ერთ-ერთი პირველი, რა თქმა უნდა, ეს არის საჯარო ფინანსების, ბიუჯეტის უკეთ დაგეგმვის, უფრო ეფექტიანი მოხმარების და ამ პროცეში სათანადო საჯარო სამსახურების და უწყებების, მათ შორის პარლამენტის როლის მნიშვნელოვანი და მკვეთრი გაზრდა“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. მისივე განცხადებით, ამ პროცესში პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინსტრუმენტად მოიაზრება. „თავიდან ჩანაფიქრი იყო, რომ პარლამენტის ქოლგის ქვეშ შექმნილიყო მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტებული რაც შეიძლება დამოუკიდებელი, ავტონომიური სტატუსის მქონე ქვედანაყოფი ფისკალური ინსტიტუტი. რომელიც ოპერატიულად და ხარისხიანად მოამარაგებდა პარლამენტის წევრებს საჭირო რეკომენდაციებით, შენიშვნებით, ანალიზით არა წელიწადში ერთხელ, როდესაც ბიუჯეტის განხილვა ხდებოდა პარლამენტში, არამედ რეგულარულად და საერთოდ, მთელი წლის განმავლობაში საბიუჯეტო პროცესის არსებობას შეუწყობდა ხელს საქართველოს პარლამენტში“, - მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ დამსწრეებს. დავით უსუფაშვილის თქმით, საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელმა, გიორგი ჯერენაშვილმა, გუნდთან ერთად, სტრატეგიული განვითარების გეგმა მოკლე ვადაში წარმოადგინა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ საბიუჯეტო ოფისი და მისი ხელმძღვანელი მაქსიმალურად იყონ დაცული პოლიტიკური კონიუქტურისგან. „აუცილებელია ისეთი ქვედანაყოფებისა და სტრუქტურების არსებობა ქვეყანაში, რომელიც პასუხს არ აგებს დღევანდელი ხელისუფლების შეცდომებზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ ჰქონდეთ თავისუფლება იმისა, რომ ღიად, თამამად, ყოველგვარი ანგარიშგაწევების გარეშე, თქვან ის, რაც სათქმელია, რაც ჩანს, რაც დაინახეს, რაც დაითვალეს, რაც გამოავლინეს, რისი ტენდენციაც გამოიკვეთა და ამაზე პასუხი უნდა ვაგოთ მათ, ვინც გადაწყვეტილებებს ვიღებთ. აი, ეს დამოკიდებულება და დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი, ჩვენ, პარლამენტის წევრებს, გააზრებული გვაქვს და სრულიად შეგნებულად ვთხოვთ საბიუჯეტო ოფისს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისა და GIZ-ის (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) ერთობლივ პრეზენტაციაზე მოწვეულებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით ონოფრიშვილმაც. დავით ონოფრიშვილმა საბიუჯეტო ოფისის შექმნის ისტორია გაიხსენა და აღნიშნა, რომ შექმნიდან რამდენიმე წლის შემდე, საბიუჯეტო ოფისმა საკმაოდ კარგ შედეგებს მიაღწია. „პირველ რიგში, საბიუჯეტო ოფისი უნდა იყოს ტრანსპარენტული, შემფასებლური დასკვნებით, მოსაზრებებით. პირველი და მთავარი მხარდამჭერი ბატონი დავით უსუფაშვილი გახლავთ, ვინც რეფორმირების პროცესს რეალურად ჩაუდგა სათავეში. მადლობა GIZ-ს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას, რომელმაც უდიდესი მხარდაჭერა გაგვიწია და ჩვენ დღეს უკვე შეგვიძლია, რეალურად ვისაუბროთ დამოუკიდებელ საბიუჯეტო ოფისზე“ - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ. დავით ონოფრიშვილის განმარტებით, საბიუჯეტო ოფისის ორგანიზაციული სტრუქტურა სამი ქვედანაყოფისგან შედგება. „ერთი გაუძღვება ბიუჯეტის ანალიზის მიმართულებას, რომელიც მიზნად ისახავს, განახორციელოს ფისკალური პოლიტიკის, ასევე საშუალოვადიანი ფისკალური მდგრადობის ანალიზი, მეორე იქნება მაკროეკონომიკური და საგადასახადო პოლიტიკის ანალიზის მიმართულება, რომელიც მიზნად ისახავს, განახორციელოს მაკროეკონომიკური გარემოს ძირითადი ტენდენციების პერიოდული ანალიზი და საგადასახადო პოლიტიკის ანალიზი და მესამე - საკანონმდებლო ინიციატივების ფინანსური დასაბუთებისა და საკანონმდებლო პროცესის ხელშეწყობის მიმართულება“, - აღნიშნა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, საბიუჯეტო ოფისი მუშაობაში დაეხმარება საქართველოს პარლამენტის წევრებს. „ერთი წლის განმავლობაში სერიოზული მუშაობა გავწიეთ და მოხარული ვარ, ვთქვა, რომ საქართველოს პარლამენტს ჰყავს საერთაშორისო დონის საბიუჯეტო ოფისი. ვიმედოვნებთ, რომ ეს ასეა და დარწმუნებული ვართ, რომ ამაში კიდევ ერთხელ დარწმუნდებით. ჩვენი სურვილია, საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი ერთ-ერთი საუკეთესო იყოს ჩვენს დიდ რეგიონში“,- განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.

პრეზენტაციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა GIZ-ის წარმომადგენელმა, ბერნარდ მიულერმაც. მისი განცხადებით, საქართველოს პარლამენტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საბიუჯეტო პროცესის ზედამხედველობაში, ამასთან, მას მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინების ვალდებულებაც აქვს, რაც შესაბამისად, ქვეყნის ბიუჯეტში უნდა აისახოს. „ბიუჯეტი სხვა არაფერია, თუ არა რიცხვებში გადმოცემული პოლიტიკა", - აღნიშნა ბერნარდ მიულერმა. მისივე თქმით, პარლამენტის ვალდებულებაა, რომ ბიუჯეტის პროექტზე მუშაობის პროცესში, დაიცვას ბალანსი მოთხოვნებსა და შესაძლებლობებს შორის. „პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი ძალიან მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული პარლამენტთან იმ კუთხით, რომ აუცილებელ ანალიზს, ინფორმაციას აწვდის პარლამენტის წევრებს, რათა მათ სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ და ეს გადაწყვეტილებები იყოს ფისკალურ ეფექტზე დაფუძნებული. ამიტომ, მოხარულები ვართ, რომ მხარდაჭერას ვუცხადებთ პარლამენტის საბიუჯეტო ოფისს, რადგან მიგვაჩნია, რომ ძალიან მყარია კავშირი ამ ერთეულსა და ზოგადად, ქვეყნის ფინანსური მართვის ამოცანას შორის",- განაცხადა ბერნარდ მიულერმა.

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელმა, გიორგი ჯერენაშვილმა დამსწრეთ საბიუჯეტო ოფისის სტრატეგიული გეგმის და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. მისი განმარტებით, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუციაა პარლამენტის მიერ საბიუჯეტო კონტროლისა და სახელმწიფო ფინანსების მდგრადობის ხელშეწყობისთვის და ის ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით შექმნილი სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე. როგორც გიორგი ჯერენაშვილმა აღნიშნა, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ფუნქციაა მაკროეკონომიკური და ფისკალური გარემოს, ასევე, საჯარო სექტორის ფინანსური მართვის სისტემის განვითარების ძირითადი ტენდენციების პერიოდული ანალიზი, საბიუჯეტო აგრეგატების საფუძვლად გამოყენებული ოფიციალური მაკროეკონომიკური დაშვებების საფუძვლიანობის შეფასება, დამოუკიდებელი მაკროეკონომიკური/ფისკალური პროგნოზების მომზადება, აღმასრულებელი ხელისუფლების ფისკალური პოლიტიკის შესაბამისობის შეფასება საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრულ ფისკალურ ლიმიტებთან, საშუალო და გრძელვადიან ფისკალური/მაკროეკონომიკური მდგრადობის კურსთან აღმასრულებელი ხელისუფლების ფისკალური პოლიტიკის შესაბამისობისა და არსებული ფისკალური რისკების შეფასება და კანონპროექტების ფინანსური დასაბუთების შესახებ დასკვნების მომზადებაა. საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელის თქმით, საბიუჯეტო ოფისის მისია საქართველოს პარლამენტის მიერ საბიუჯეტო ზედამხედველობის პროცესში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებით ქვეყნის საშუალო/გრძელვადიანი ფისკალური მდგრადობისა და საჯარო სექტორის ფინანსური მართვის სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობაა. გიორგი ჯერენაშვილმა ისაუბრა 2015-2018 წლებისათვის პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის განვითარების სტრატეგიული მიზნების შესახებაც. მისი ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ამუშავდება პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის დამოუკიდებელი ვებგვერდი და საბიუჯეტო ოფისის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ინფორმაცია ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი.

 

გალერეა