საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის ბ-ნი გივი მიქანაძის მასპინძლობითა და საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისა და კვლევითი დეპარტამენტის ჩართულობით, საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე წლის 17-18 მაისს უმასპინძლა საპარლამენტო კვლევებისა და დოკუმენტაციის ევროპული ცენტრის (ECPRD) სემინარს თემაზე - „სახელმწიფო ფინანსებზე საკანონმდებლო ინიციატივების გავლენის შეფასება და რეგულირების ზეგავლენის შეფასება".
სემინარი მიზნად ისახავდა რეგულირების გავლენის შეფასების, ასევე, სახელმწიფო ფინანსებზე საკანონმდებლო ინიციატივების გავლენის შეფასების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას. სემინარი მოიცავდა სამ სესიას: 1. რეგულირების გავლენის შეფასების სისტემის ინსტიტუციური მოწყობა; 2. რეგულირების გავლენის შეფასების მეთოდოლოგიური ასპექტები და ანალიტიკური ინსტრუმენტები; 3. საჯარო ფინანსებზე გავლენის შეფასება ინიციატივებისათვის. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 22 ქვეყნის წარმომადგენელმა, რომლებიც საპარლამენტო კვლევებისა და დოკუმენტაციის ევროპული ცენტრის წევრი ქვეყნების პარლამენტების კვლევით/ანალიტიკურ სამსახურებსა და საბიუჯეტო ოფისებს წარმოადგენენ.
ორდღიანი ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ გახსნა. მისი განცხადებით, რეგულირების გავლენის შეფასების (RIA-ს) დანერგვის ვალდებულება საქართველოსთვის ჯერ კიდევ ერთ-ერთ გამოწვევად რჩება. სემინარის მონაწილეებს მიესალმა იტალიის დეპუტატთა პალატის სახელმწიფო ბიუჯეტის დეპარტამენტის უფროსი პაოლა ბონაჩი.
სემინარის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართა პარლამენტის აპარატის უფროსმა გივი მიქანაძემ.
მისი განცხადებით, საკითხი, რომლის გარშემოც ორდღიანი მსჯელობისთვის შეიკრიბნენ, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ურთიერთანამშრომლობის, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. მისი შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკის ზრდა და დასაქმების ხელშეწყობა საჭიროებს კონკრეტულ რეგულაციებს, რაც დაგეგმილი მიზნების მიღწევას მინიმალური დანახარჯებით უზრუნველყოფს და მაქსიმალურ სარგებელს მოიტანს როგორც მოქალაქეებისთვის, ასევე ბიზნესისთვის. „რეგულირების გავლენის შეფასება წარმოადგენს აღნიშნულის მიღწევის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს, უზრუნველყოფს რა გადაწყვეტილების მიმღებთა ინფორმირებას რეგულაციის შესაძლო გავლენის ყველა ძირითადი ასპექტის თაობაზე", - განაცხადა პარლამენტის აპარატის უფროსმა.
მისი განცხადებით, მიუხედავად ამ ეტაპზე საკანონმდებლო დონეზე ამ მიმართულებით ვალდებულების არარსებობისა, პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების დიდი მხარდაჭერით, უკანასკნელი წლების განმავლობაში პარლამენტს არსებითი პროგრესი აქვს რეგულირების გავლენის შეფასების კუთხით როგორც უნარების გაძლიერების, ისე საპილოტე პროექტების განხორციელების თვალსაზრისით. მან მადლობა გადაუხადა დონორ ორგანიზაციებს იმ ძალისხმევისთვის, რაც პროგრესის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი გახდა.
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსმა, თათა ხეთაგურმა რეგულირების ზეგავლენის შეფასების მიმართულებით საქართველოს პარლამენტის გამოცდილება გააცნო სტუმრებს. მან ისაუბრა ამ მიმართულებით საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ განხორციელებულ საპილოტე პროექტებზე, ასევე იმ პროექტებზე, რომლებიც საქართველოს პარლამენტის ცალკეული კომიტეტების მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფების მიერ პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის წარმომადგენელთა ჩართულობით განხორციელდა.
მისი მოსაზრებით, რეგულირების გავლენის შეფასების მიმართულებით ინსტიტუციური მექანიზმების შექმნა, რომელზეც ამ ეტაპზე მიმდინარეობს საუბარი, ზოგადი ინსტიტუციური ჩარჩოს გარდა, დაკავშირებულია ცალკეული არსებითი საკითხების გადაწყვეტასთან, როგორებიცაა: რეგულირების გავლენის შეფასების ტარგეტირებული დანერგვისათვის მიმართულების შერჩევა, ინსტრუმენტის პროპორციული გამოყენებისათვის ე.წ. წინასწარი/მცირე შეფასებების შესაძლო გამოყენება, არსებული რეგულაციების შეფასების მექანიზმის დანერგვის საკითხი, თანმიმდევრული მეთოდოლოგიური მიდგომის აუცილებლობა მონაცემებთან დაკავშირებული შეზღუდვების გათვალისწინებით მოქნილობის გარკვეული დონის შენარჩუნების პარალელურად და ხარისხის კონტროლის/უზრუნველყოფისა და მასზე პასუხისმგებელი უწყების განსაზღვრის საკითხი.
მთავრობის ხედვა სემინარში მონაწილეებს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, ზურაბ სანიკიძემ გააცნო, ხოლო აკადემიური წრეების მოსაზრებები რეგულირების გავლენის შეფასების მნიშვნელობისა და შესაძლო გამოწვევების შესახებ დამსწრე საზოგადოებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ასოცირებულმა პროფესორმა ნორბერტო პინიატიმ წარუდგინა.
სემინარის შემდგომ სესიებზე, რომლებსაც მოდერირებას საპარლამენტო კვლევებისა და დოკუმენტაციის ევროპული ცენტრის (ECPRD) კოორდინატორი პაოლა ბონაჩი და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ბიუჯეტის ანალიზის განყოფილების კოორდინატორი ნათია წიქვაძე უწევდნენ, რეგულირების გავლენის შეფასების და სახელმწიფო ფინანსებზე საკანონმდებლო ინიციატივების გავლენის შეფასების მიმართულებით გამოცდილების შესახებ ისაუბრეს ევროპარლამენტის კვლევითი სამსახურის, გერმანიის ბუნდესრატის და ბუნდესტაგის, პოლონეთის სენატისა და სეიმის, გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის, ავსტრიის პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის, პორტუგალიის პარლამენტის საბიუჯეტო პროცესის ხელშეწყობის სამსახურის (UTAO) წარმომადგენლებმა.
სემინარის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის, მათ შორის, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის გამოცდილების შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ფინანსური შედეგების შეფასებისა და საკანონმდებლო პროცესის ხელშეწყობის განყოფილების უფროსმა, შორენა კახიძემ და ამავე განყოფილების წარმომადგენლებმა ნესტან გაფრინდაშვილმა და ნათია სუარიშვილმა. კერძოდ, მეორე სესიის ფარგლებში პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის წარმომადგენელთა პრეზენტაცია მიეძღვნა რეგულირების გავლენის შეფასების განხორციელებული პროექტების ძირითად მეთოდოლოგიურ ასპექტებს, ხოლო მესამე სესიის ფარგლებში - სახელმწიფო ფინანსებზე საკანონმდებლო ინიციატივების გავლენის შეფასებას და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ შემოთავაზებულ მეთოდოლოგიურ ჩარჩოს.
სემინარი 18 მაისს საპარლამენტო კვლევებისა და დოკუმენტაციის ევროპული ცენტრის (ECPRD) კოორდინატორის, პაოლა ბონაჩისა და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსის თათა ხეთაგურის შემაჯამებელი გამოსვლებით დასრულდა.
გალერეა
http://pbo.parliament.ge/ge/aboutus/archive/item/401-ecprd?tmpl=component&print=1#sigProGalleria217c86b52c